"პოლიტიკამ დააღონა კაცობრიობა" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკამ დააღონა კაცობრიობა"

"სადაც დიდი სუფრა და მეტი ფინანსური შესაძლებლობაა, იქით მიუწევს ყველას გული"

"რობიკო წავა ყველგან, რადგან გოეთეს არწივივითაა და მისთვის სულერთია, კურდღელი რომელ ქვეყანაში დარბის"

პოლიტიკა ადამიანური ყოფის ყველა სფეროში შეიჭრა. ვხედავთ, პოლიტიკის გამო როგორ დაჰპირისპირებიან ერთმანეთს ბავშვობის მეგობრები. ვხედავთ, პოლიტიკის გამო სამარცხვინო ბოძზე გაკრულ სახელოვან ხელოვანთ, რომელთაც მტრის სამსახური ბრალდებათ... რაკი პოლიტიკაა საზოგადოების ინტერესის მთავარი თემა, მეც "მონანიებისა" და "ვედრების" სცენარების ავტორთან, რეზო კვესელავასთან პოლიტიკაზე (და მერე ხელოვნებაზე) სასაუბროდ მივდივარ. მისმენს და წიგნს იღებს:

- ამ წიგნში გოეთე და ნაპოლეონი საუბრობენ. ბონაპარტი პოეტს გერმანიაში, ერფურტში შეხვდა. ნაპოლეონი დამპყრობელია, გოეთე - დაპყრობილი ქვეყნის შვილი, მაგრამ ეს არ უშლით ხელს, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ისაუბრონ. ამ საუბრის დასაწყისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტალეირანიც ესწრებოდა. ამ ორი დიდი პიროვნების საუბარი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესო იმითაც არის, რომ გოეთე დაელაპარაკა დამპყრობელს, რომელიც მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამას დიდი აურზაური მოჰყვა ე.წ. პატრიოტებში. გერმანელებმა შეაჩვენეს გოეთე და ცილი დასწამეს. ფილოსოფოსმა ფიხტემ აუგად ახსენა, დამპყრობელს ხელი როგორ ჩამოართვაო...

ძალზე საინტერესოა ნაპოლეონისა და გოეთეს დიალოგი. ანტიკურ ხანაში ადამიანის ცხოვრებაში ბედისწერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იყო წარმოდგენა, რომ  მოირები (ბედისწერის ქალღმერთები) მართავდნენ ხელოვნებასაც და კაცის ბედსაც. ანტიკურ ლიტერატურაზე საუბრისას ნაპოლეონმა ჰკითხა გოეთეს, უწინ თუ  მოირები მართავდნენ ადამიანთა ცხოვრებას, ახლა  რა მართავსო. გოეთემ კონტრშეკითხვა დაუსვა, - თქვენ როგორ ფიქრობთო და ასეთი პასუხი მიიღო, - დღეს კაცობრიობის ბედისწერა პოლიტიკააო. მოგვიანებით გოეთეც ამბობს, ნაპოლეონს უნდა დავეთანხმოთ, მართლაც პოლიტიკაა კაცთა მოდგმის ბედისწერაო.

დღეს ყველაფერი პოლიტიკაზე გახდა დამოკიდებული. დედამიწა განაწილდა და აღარ არის უწინდელივით მდიდარი. მისი სალარო  თანდათან ილევა. ადამიანს ფეხის დასადგამი ადგილიც აღარ რჩება. ბუნებაში რომანტიკულად გაქცევა რომ მოგინდეს, ვერ გაიქცევი. ყველაფერი დათვლილია, ყველგან ფული უნდა იხადო.  ერთხელ კუს ტბაზე ავედით მე და რეზო ესაძე. გვითხრეს, ნაპირთან რომ მიხვიდეთ, ფული გადაიხადეთო. ფული უნდა გადაგვეხადა იმ წყალთან მისასვლელად, რომელიც ამდენი ხანი ჩვენი გვეგონა და  გამოვტრიალდით იქიდან.

გამძაფრდა ბრძოლა არსებობისათვის. მსახიობები და ხელოვანები დღეს პოლიტიკასა და თანამდებობას ეპოტინებიან, რომ რაღაც იშოვონ. თურმე მიშა გომიაშვილიც პოლიტიკოსობას აპირებს. ამას წინათ  წარადგინა თორთლაძემ, ჩემი პარტიიდან უნდა იყაროს კენჭიო. მიდიან პოლიტიკაში, სადაც ელით პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება, მეტი მომსახურება, კეთილდღეობა და რისკიც. ერთადერთი ადგილი, სადაც ცხოვრება დუღს, პოლიტიკაა. აბა, მიწას რას გამორჩები? ფაბრიკები და ქარხნები არ არის და რჩება პოლიტიკა.

- განა ასეთი ყოფა ურთიერთობებს, ადამიანების თანაგრძნობასა და თანაგანცდასაც არ ახუნებს?

- მეჩვენება, რომ უცებ დავბერდით. ერი დაბერდა! როგორი აქტიური იყო მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის ნაწილი. ცარიზმის დროს, როდესაც რუსი მოხელეები გამწარებით და უხეშად ცდილობდნენ საქართველოს რუსიფიკაციას, მაშინდელ საზოგადოებაში უფრო იყო იდეალისტური განწყობები. მეტად იყო გაურყვნელი მასა, ისეთი, ტვინი რომ არა აქვს გამოცლილი.

ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა რუსიფიკატორულ პოლიტიკას უპირისპირდებოდნენ, მაგრამ პუშკინი და ტოლსტოი კი არ მიაჩნდათ მტრებად. ცარიზმთან ბრძოლის პარალელურად ვითარდებოდა ლიტერატურა, თეატრი, გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები. როგორი მორალური წესრიგი იყო საზოგადოებაში, როგორი სულიერი ცხოვრება! აკაკი წერეთელი საქართველოს კუთხეებში რომ ჩადიოდა, მთელი მოსახლეობა უკან მისდევდა, ან როგორ დაიტირა მგოსანი ქართველობამ? მატარებლის ყველა სადგურზე ხვდებოდა ხალხი და მის გარდაცვალებას დასტიროდა, სად არის ასე მოქვითინე ხალხი, დღეს ყველა მწერალი და მეცნიერი ერთად რომ დაიხოცოს? გამოყენებითი გახდა ყველაფერი. ანტირუსულ ისტერიასაც პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ. ასე აწყობთ და იმიტომ.

- ბრძანეთ, მე-19 საუკუნეში ტვინი არ ჰქონდათ გამოცლილიო. რამ შეცვალა ადამიანი?

- პოლიტიკამ დააღონა კაცობრიობა. გვMახსოვს, როგორ გვაღიზიანებდა კომუნისტური პროპაგანდა. პოეტს წიგნი რომ გამოეცა, პარტია, სტალინი, წითელი არმია უნდა ეხსენებინა და მერე შეიძლებოდა პირად გრძნობაზე ან ბუნებაზე დაგებეჭდა ერთი-ორი ლექსი. კრიტიკულ წერილშიც კი მარქსიზმის კლასიკოსები უნდა გეხსენებინა. შეაძულეს კომუნისტებმა ხალხს ამით თავი. მიუხედავად ამისა, საზოგადოება იმ ხანაშიც არ ყოფილა დღევანდელივით გულაყრილი. იმედი და ხალისი გვქონდა. რა გვჭირს, რამ გაგვხადა ასე ინერტული, ამას ფსიქოლოგების კვლევა სჭირდება.

- ალბათ, თქვენც გიფიქრიათ ამ საკითხზე.

- ჩემი აზრით, თავისუფლების და დამოუკიდებლობის დიდი იმედი გვქონდა და... დაიღალა ხალხი.  როდესაც ოპოზიცია აკრიტიკებს, არ მოიძებნება საკითხი, რაზეც ხელისუფლებას პასუხი არ ჰქონდეს. ხელისუფლებაც მართალი ჩანს და ოპოზიციაც.  ზოგიერთები, სიტყვას ვერ აბამდნენ ერთმანეთს, იმდენად გაიწაფნენ, რომ ციცერონები და დემოსთენეები გახდნენ მსჯელობაში. წარმოგიდგენიათ, გულწრფელობასაც კი თამაშობენ!  რაკი პოლიტიკა ბედისწერაა, ის თითოეული ჩვენგანის ბედისწერად იქცა. ხომ ხედავთ, ყველა პოლიტიკაში ვართ ჩართული. ღირებულებათა პროფანაცია მოხდა.

რამდენი ოპოზიციონერი მინახავს ხელისუფლების მხარეს გადასული. სადაც დიდი სუფრა და მეტი ფინანსური შესაძლებლობაა, იქით მიუწევს ყველას გული. თანაც ხელისუფლება და ოპოზიცია ხომ მსოფლმხედველობრივად კი არა, პირობითად არიან გაყოფილი. ფუფუნებაა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა არსებობს ქვეყნის მართვასა და მის მომავალზე.

ამას წინათ ტელევიზიით გამოვიდა კაცი, რომელზეც თქვეს, თავადი ჩოლოყაშვილიაო. თავადმა ჩოლოყაშვილმა რობერტ სტურუას საქციელი დაუწუნა, - რუსები გვმტრობენ და ის როგორ მიდის მოსკოვში სპექტაკლის დასადგმელადო. ჩოლოყაშვილმა განუსაზღვრა რობერტ სტურუას, როგორ უნდა მოიქცეს. გოეთე ამბობდა, თუკი პოეტი რომელიმე პარტიას მიაკუთვნებს თავს, კვდება როგორც პოეტი. ის უნდა გამოეთხოვოს სულიერ თავისუფლებას,  დამოუკიდებელ აზრებს და მიეცეს ბრმა სიძულვილს. სიკეთე, კეთილშობილება, სილამაზე, რომელსაც პოეტი ემსახურება, არც ერთ ქვეყანასთან არ არის დაკავშირებული.

პოეტი ჰგავს არწივს, რომლისთვისაც მნიშვნელობა არა აქვს თავის მსხვერპლ კურდღელს საქსონიაში დააცხრება თუ ლოთარინგიაშიო.  რობერტ სტურუასთვის კურდღელი, რომელიც უნდა დაიჭიროს, თავისი შემოქმედებაა. უცხოეთში კი იმიტომ მიდის, რომ მისი მაყურებელია რუსიც, ფრანგიც და ინგლისელიც.

რა უნდა მომცეს კაცმა, რომ ჩემს ქვეყანას ვამჯობინო და ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ვამუშაო? მით უმეტეს, რა უნდა მისცენ რობერტ სტურუას, რომელიც ერთი უკომპლექსო კაცია. თუმც აქვს ერთადერთი კომპლექსი: ვერ იტანს მოძალადე ხელისუფლებას, რომელიც ზღუდავს  და ხელს უშლის. არის მასში რაღაც  მეამბოხის. რობიკო წავა ყველგან, რადგან გოეთეს არწივივითაა და მისთვის სულერთია, კურდღელი რომელ ქვეყანაში დარბის.

ხელოვანი დაუდგრომელი და  დარდიანია. ის ყველაზე მეტს გრძნობს, ყველაზე მეტად იტანჯება. მისი  გულისცემა ბუნების ხმაა და მას რომ მოღალატეს ეძახი, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ამორალურობა.

რობიკო ახლა ჩუმად არის. არ პასუხობს ცილისწამებას. ზოგიერთს ჰგონია, მისი კრიტიკული განწყობის საფუძველი ვინმეს სიძულვილია. ილიას ლექსი მახსენდება, კარგი გული  მაშინვე ცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულიაო. ნიჭის საზღვრებში ჩაკეტვა შეუძლებელია.

- ბრძანეთ, დღევანდელი საზოგადოება გულაყრილიაო. თქვენი თაობა განსხვავებული იყო?

- ჩვენ ომისა და შიმშილის თაობა ვართ, კვირაში ერთხელ ვჭამდით. ამავე დროსმთელი ერი მიმჯდარი იყო რადიოს და ყოველი დღე ფაშისტებზე გამარჯვების უდიდესი სიხარულით იყო სავსე. განსაკუთრებით ის გვახარებდა, რომ ფაშიზმთან ბრძოლას ქართველი კაცი, გორიდან წასული "საპოჟნიკის" შვილი თავკაცობდა. პასტერნაკი წერდა, ომის დროს ხალხმა ამოისუნთქაო, რადგან საჭირო გახდა ხალხი ქვეყნისთვის, დასაქმდა. ჯარისკაცებისთვის ქსოვდნენ, სისხლს აბარებდნენ, ფრონტზე ტანსაცმელს გზავნიდნენ.  37 წლის რეპრესიებმაც კი ვერ შექმნა ანტიმორალური ატმოსფერო საზოგადოებაში. ახლა კი ტელევიზიით იხვეწება ბურჭულაძე, რომ ხალხმა გაჭირვებულ თანამოძმეს დახმარება გაუწიოს.

დიდმა განსაცდელმა იცის საზოგადოების შეერთება. ეტყობა, ომმა, შიშმა და გაჭირვებამ შექმნა ის პარადიგმა და საფუძველი, რომ სწავლასა და წიგნების კითხვას მივცემოდით. სკოლაში ხუთ მოსწავლეს ერთი წიგნი გვქონდა. იმდენად ძვირფასი იყო წიგნი, სხვა სკოლაში დავდიოდით მის მოსაპარად. ახლა კი წიგნი არის და არავინ კითხულობს.

რუსმა პოეტმა მაიკოვმა თქვა, რაც უფრო ბნელია ღამე, მით მეტად ბრწყინავენ ვარსკვლავებიო. შესაძლოა, ის სიდუხჭირე, სიღარიბე ქმნიდა იმ ატმოსფეროს, ადამიანი უფრო თავისუფალი ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში  უფრო ეძლეოდა ნეტარებას.

ბუნება მიყვარს, მებრალება ცხოველი, განვიცდი, ხეს რომ ჭრიან და დაცემისას ტოტები ემსხვრევა. ხანდახან ხე უფრო მეცოდება, ვიდრე ადამიანი. რადგან ადამიანებში, უპირველესად კი ჩემში,  ცოდვებსა და ბევრ სხვა ცუდსაც ვხედავ.

"რომ გაიგონა, - ეს დაჭრეს, ის მოკლესო, გარეთ გავარდა და აღარ მობრუნებულა..."

P.S. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, ბატონ რეზო კვესელავას ტელეკომპანია "იმედზე" ყოვლად აღმაშფოთებელი ე.წ. "იმიტირებული სპეცრეპორტაჟის" თაობაზე კომენტარი გაეკეთებინა:

- ის, რაც ტელევიზიით ვნახე, უდიდესი პესიმიზმის გამოხატულებაა...

ჩემი მეუღლე უყურებდა ტელევიზორს და კინაღამ გაგიჟდა. ჩათვალა, ქვეყანა დაიღუპა და ყველაფერი დამთავრდა.  სოფლიდან მეზობელი გვყავდა სტუმრად. რომ გაიგონა, - ეს დაჭრეს, ის მოკლესო, გარეთ გავარდა. ტელეფონით დავაწიეთ, რომ ეს ყველაფერი იმიტაცია იყო, მაგრამ აღარ მობრუნებულა. ვეღარ ვპოულობთ, დავკარგეთ კაცი. როგორ შეიძლება ასე მოექცე შენს საზოგადოებას?!

იმას, რაც ტელევიზიით ვნახე, ანარქიის საფუძველს დავარქმევ. საკუთარ თავში დარწმუნებული ხალხი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს.