"არცერთი მშობელი არ უარყოფს უძღებ შვილს" - ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის წერილი დედას - კვირის პალიტრა

"არცერთი მშობელი არ უარყოფს უძღებ შვილს" - ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის წერილი დედას

ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში უკვე წლებია ქართველი ბერი ემოლაოსი (ჭეჟია) მოღვაწეობს. მამა ერმოლაოსი თავისი მადლმოსილი საუბრებით თუ წერილებით დღემდე გვანუგეშებს. მამაოს ლოცვა-კურთხევით, მისი პირადი ხელნაწერი წერილების წაკითხვის საშუალება მომეცა. ერთ-ერთი მათგანი დედისადმია:

"გამარჯობა ჩემო საყვარელო დედა!

მოგიკითხავ მთელი გულით, იმედი მაქვს ჯანმრთელად ხარ, იმედი მაქვს მხნედ ხარ. ვიცი, ბევრი პრობლემები გაწუხებს, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ აუცილებლად იპოვი ნუგეშს, ის კი ერთად-ერთია-უფალი ჩვენი. ვიცი სიტყვები დიდი ნუგეში არ არის, მაგრამ მაინც მინდა გაგამხნევო-უფალი ჩვენთანაა, ის ერთი წამითაც არ გვტოვებს ჩვენ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ის გამუდმებით აკაკუნებს ჩვენი გულის კარებზე და ჩვენ მხოლოდ ნდობა და რწმენა გვესაჭიროება. არაფერი ამქვეყნიური შეცვლის მას, ვერაფერი ანუგეშებს მასავით ჩვენს სულს. საგნების ფლობა ვერ აკმაყოფილებს ჩვენს სულს, მხოლოდ უფლის სიყვარულია ჩვენი ნუგეში და ერთადერთი დაკმაყოფილება. ვერც ხორციელი და ნათესაური კავშირები აკმაყოფილებენ სულს, ის მხოლოდ ზეციური, ღვთიური სიყვარულით თუ ძღება. ამიტომ, დედა, აჩუქე შენი გული უფალს, მთლიანად მას მიუძღვენი შენი აზრი, ფიქრი და გრძობა და უფალიც არ დააყოვნებს, არცერთი მშობელი არ უარყოფს უძღებ შვილს...

მე პირადად ძველებურად კარგად ვარ, დიდება უფალს! ჯანმრთელობას არ ვუჩივი და სულიერადაც მხნედ და იმედით აღსავსე ვარ. ვარ ისევ ჩემს კელიაში. სურათზე, რომელიც ერთი წლის წინ გაგიგზავნე კელია ტყეში იყო ჩაფლული, ახლა ტყე სულ გაკაფეს, მონასტერს უნდა აქ ხეხილი ჩაყაროს, ოცი ძირი კაკალი უკვე დარგეს და მე ხანდახან წყალს ვუსხამ. ყოველდღიურად მონასტერში მივდივარ მორჩილებაზე, ხუთი საათი ბიბლიოთეკაში ვმუშაობ, ამჯერად მონასტრის არქივის კატალოგს ვაკეთებ, ძალიან საინტერესო სამუშაოა და თან რაც მთავარაია მარტო ვმუშაობ, მაქვს ჩემი მყუდრო ოთახი, სადაც ჩემს მეტი ვერვინ შემოდის (არქივი დაკეტილია), კომპიუტერზე სპეციალური პროგრამით ვამუშავებ ყოველ დოკუმენტს და შემყავს მონაცემთა ბაზაში, ამ პროცესში სრულიად მარტო ვარ და ხუთი საათის მუშაობის შემდეგ ისევ ჩემს სენაკში ვბრუნდები, გზაში 20 წუთი მეხარჯერა, ერთი კვირა ისე გავა, რომ იშვიათად ვინმე შემეფეთოს გზაში, არც სენაკში მაკითხავენ სტუმრები, ჩემთან მოსვლა მხოლოდ კურთხევით შეიძლება, ამიტომ ვარ ჩემთვის წყნარად და მშვიდად, ამ ხუთი საათის გარდა მთელ ჩემს დროს უფალთან საუბარს (ლოცვას) ვუძღვნი. ეს იყო ჩემი სანუკვარი ოცნება ყოველთვის და უფალმა ღირს მყო მე უღირსი სწორად ასეთი ცხოვრების წესი მქონოდა, ვცხოვრობ მკაცრი ტიპიკონით (დღის წესრიგით), ყველაფერს ზუსტად თავის დროზე ვაკეთებ, სხეულიც კი მიეჩვია ასეთ ავტომატიზმს და გარწმუნებ სანამ ჭამის დრო არ მოვა შიმშილის გრძნობა არ მიჩნდება ან როცა ძილის დრო მოვა, თავს დავდებ თუ არა ბალიშზე იმწუთსავე ჩამეძინება. ერთი სიტყვით შენ ბავშვობიდანვე მაჩვევდი რეჟიმში ცხოვრებას და აი, ახლა ეს გამომადგა. დრო არანორმალურად სწრაფად მიდის, ისე ჩქარა, რომ არ მყოფნის დასაკმაყოფილებლად, თვალის დახამხამებაში ქრება კვირა და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემს მოძღვარს ყოველდღე ვესაუბრები (სინამდვილეში მხოლოდ კვირაში ერთხელ). ერთი სიტყვით უაღრესად კმაყოფილი ვარ და მთელი ჩემი არსება უფლისადმი მადლიერებითაა სავსე.

ამით დაგემშვიდობები!

მარად თქვენთვის მლოცველი შენი შვილი ბერი ერმოლაოს განდეგილი.

წმ. ექვთიმე დიდის სენაკი. წმ. ათონის მთა.

27.07.2009'.

მომზადა თეა ცაგურიშვილმა