"კაი გოგოა ბაია გადაბაძე?" - რატომ ფიქრობს ხაინდრავა, რომ "მაესტრო" რუსული ფულით ცხოვრობს?! - კვირის პალიტრა

"კაი გოგოა ბაია გადაბაძე?" - რატომ ფიქრობს ხაინდრავა, რომ "მაესტრო" რუსული ფულით ცხოვრობს?!

"მთელი ტელევიზია რატომ იცავთ მენეჯერს, რომელმაც "მაესტრო" გაკოტრებამდე მიიყვანა?"

"წლების განმავლობაში "მაესტროში" ჩადებული ფული არის რუსული ფული. თქვენ ცოცხლობთ კოტე გოგელიას რუსული ფულით. მაკა ასათიანს არასდროს არ ჰქონია ამხელა ბიზნესი", - ასე მიმართა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "მაესტროს ფაქტორის" წამყვანს, კინორეჟიროსმა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, მაკა ასათიანს არ გააჩნია იმხელა ბიზნესი, რომ "მაესტრო" შეინახოს, ტელეკომპანიას კი კოტე გოგელია აფინანსებს წლების განმავლობაში.

"თქვენ ხშირად საუბრობთ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, არცერთ თქვენს ჟურნალისტს რატომ არასოდეს გაუჩნდა კითხვა, კოტე გოგელიას ფული, რომლითაც თქვენ ცხოვრობთ, რა წარმომავლობის არის? მე გეტყვით, კოტე გოგელია არის რუსი ბიზნესმენი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობს რუსეთში და იკვებება ისეთი ორგანიზაციიდან როგორიც არის 100%-იანი სახელმწიფო წილი, ეს არის რკინიგზა, გადაზიდვები. კოტე გოგელია რუსეთის სახელმწიფოსთან ერთად ზიდავდა საწვავს ჩეჩნეთის ომის დროს ჩეჩნეთში. კოტე გოგელიას ფული არის ანგაჟირებული, პოლიტიკური რუსული ფული. თქვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ანგაჟირებული რუსული ფულით ცხოვრობთ. თქვენ და თქვენი ტელევიზიის ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც იჩემებს დამოუკიდებლობას, რატომ არ დაინტერესდით, თუ საიდან აქვს მთელი ამ წლების განმავლობაში კოტე გოგელიას ფული? რაც ის საქართველოდან გაიქცა, ფულს შოულობს რუსეთში, იმ სფეროში, სადაც 100%-იან წილს ფლობს სახელმწიფო", - მიმართა ხაინდრავამ წამყვანს.

წამყვანის კითხვაზე, თუ გოგელია რუსული ფულით აფინანსებს ტელევიზიას, რატომ იჯდა გოგა ხაინდრავა 2010 წელს მაესტროს ეთერში და "საათობით საუბრობდა", კინორეჟისორმა ასეთი პასუხი გასცა: "იმ დროს ვმუშაობდი, მაგრამ გოგელიას ფულს არ ვიღებდი. მე ვიყენებდი გოგელიას ეთერს იმისთვის, რომ საქმე გამეკეთებინა. ამ ტელევიზიაში ჩემ საქმეს არასოდეს არ ვაკეთებდი. არასოდეს ეს ტელევიზია დამოუკიდებელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ არცერთი ტელევიზია არ არის დამოუკიდებელი, ეგეთი ორგანო მსოფლიოში არ არსებობს.

მე არ ვამბობ, რომ თქვენ რუსეთის ინტერესებს ატარებთ, ვამბობ, რომ თქვენ რუსეთის ფულით ცხოვრობთ, რუსეთში ნაშოვნი ფულით და ძალიან კარგად იცით ეს. მთელი ტელევიზია რატომ იცავთ მენეჯერს, რომელმაც "მაესტრო" გაკოტრებამდე მიიყვანა, კაი გოგოა ბაია გადაბაძე? ჩემი აზრი არის ასეთი, აქეთ არის რუსული ფული და იქით ამერიკული. ჩემი არჩევანი არის ამერიკული ფულისკენ, თქვენი კი, რუსული ფულისკენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ირაკლი რუხაძე ამერიკის მოქალაქეა, წარმოადგენს დასავლეთს და არა რუსეთს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.