ქართული საკანცელარიო ბრენდი საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა - კვირის პალიტრა

ქართული საკანცელარიო ბრენდი საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა

გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქცია დღევანდელ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ალბათ, ბევრს წარმოდგენა არა აქვს, რომ რვეულები, რომელსაც საკანცელარიო მაღაზიაში ყიდულობენ, სწორედ "პონტოს" ბრენდისაა და "ბიბლუსის" შეკვეთით არის დამზადებული. გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ...

საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა საკანცელარიო და საოფისე პროდუქციის საერთაშორისო ფესტივალზე Paper World 2016. გამოფენას ყოველ წელს გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი მასპინძლობს. ფესტივალი თებერვლის დასაწყისში გაიმართა, სადაც ერთ-ერთი სტენდი "ბიბლუსის" ეროვნულმა ბრენდმა "პონტომ" დაიკავა.

Paper World 2016 დამთვალიერებელს საკანცელარიო მიმართულების უახლეს ტენდენციებს წარუდგენს. საკანცელარიო და საოფისე ნაწარმის მწარმოებლები მთელი წლის განმავლობაში გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციით ხელმძღვანელობენ. ყოველწლიურად გამოფენას 50 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს.

123 000 კვმ ფართობზე მდებარე 9 პავილიონში წარმოდგენილი იყო ათასობით კომპანია მთელი მსოფლიოდან - HUGO BOSS, MILAN, CARAN DACHE და სხვა ცნობილი ბრენდები. მათთან ერთად კი საერთაშორისო დამთვალიერებლის წინაშე პირველად წარდგა კომპანია საქართველოდან და გერმანიის ფესტივალზე დიდი მოწონებაც დაიმსახურა. გერმანიის ონლაინგამოცემა "კულტურექსპრესმა" ამ ფესტივალს ვრცელი სტატია მიუძღვნა და ჟურნალისტმა როფლ მაასმა პირველივე გვერდზე "პონტოს" წარმომადგენლის ფოტოც გამოაქვეყნა. ჟურნალისტი წერს, რომ აღფრთოვანებულია საქართველოს წარმომადგენლების მომზადებითა და ხარისხით, რომელსაც "პონტო" და მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებლებს სთავაზობენ. განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს იყო დებიუტი და საქართველოს სახელით საკანცელარიო პროდუქცია ამ დონის ფესტივალზე პირველად გამოიფინა.

კომპანია "ბიბლუსის" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ლევან მესხიშვილი: - ჩვენი სტენდი ერთ-ერთ ცენტრალურ პავილიონში მდებარეობდა და "პონტოს" მიმართ ინტერესი დიდი იყო. ეს იყო პირველი ღონისძიება - ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოდან რომელიმე კომპანიას მსგავსი ეროვნული ბრენდი გაეტანა. გვქონდა საშუალო სიდიდის სტენდი, სადაც ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი გამოვფინეთ. მათ შორის, რვეულები, სახატავი რვეულები, კალმები, ფანქრები, უბის წიგნაკები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. "პონტოს" მიზანი ქვეყნისა და ეროვნული პროდუქციის პოპულარიზება და ფართო მასებისთვის გაცნობა იყო. მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, ათვალიერებდა პროდუქციას, ვცვლიდით საკონტაქტო ინფორმაციას, ბევრ კომპანიასთან მიმოწერა დღემდე გრძელდება.

გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქცია დღევანდელ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ალბათ, ბევრს წარმოდგენა არა აქვს, რომ რვეულები, რომელსაც საკანცელარიო მაღაზიაში ყიდულობენ, სწორედ "პონტოს" ბრენდისაა და "ბიბლუსის" შეკვეთით არის დამზადებული. გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ...

"პონტო" "ბიბლუსმა" 2010 წელს ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე დააფუძნა. პროდუქცია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის არის გათვლილი. ბრენდი დღეისათვის 150 დასახელების პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის არის: კალმები, ფანქრები, რვეულები, უბის წიგნაკები, სახატავი რვეულები, სახაზავები, პლასტელინები, სამაგრი საშუალებები, ფაილები, ბაინდერები. კომპანიის ნაწარმით მნიშვნელოვნად არის გაჯერებული ადგილობრივი ბაზარი. ეროვნული ბრენდი ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

ნატალია დადიანი