"სულ მაქვს განცდა, რომ არ მოვხუცდები და მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე" - ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"სულ მაქვს განცდა, რომ არ მოვხუცდები და მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე" - ბლიცინტერვიუ

"მაბრაზებს უზრდელ ადამიანებთან შეხვედრა. ასევე უსამართლობა მაბრაზებს, თუმცა ისიც ვიცი და ვაცნობიერებ, რომ სამყარო მაინცდამაინც სამართლიანობის პრინციპზე არ არის აწყობილი."

გიორგი კეკელიძე, მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

ადვილად პატიობთ ადამიანებს?

- იმაზე უფრო ადვილად, ვიდრე, როგორც წესი, პატიობენ ხოლმე, დიდხანს არასდროს მიმყვება წყენა, არც გულში ვიტოვებ რამეს, ვცდილობ დავივიწყო არასასიამოვნო მოგონებები და შესაბამისად, ამ მხრივ გათავისუფლებული ვარ.

ბავშვობა...

- ბავშვობაში მინდოდა, მყოლოდა მანქანა და მქონოდა დიდი სახლი ამერიკაში. ეს, ბუნებრივია, ფილმებიდან იყო ნაკარნახევი, ასევე მინდოდა კოსმონავტობა. ეს, თუ ღრმად დავუკვირდებით, სამყაროდან გაღწევის სურვილია, რასაც, როგორც ჩანს, ბავშვები გაუაზრებლად გამოხატავენ.

როცა მაქებენ..

- რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ დამოკიდებული ამ ქებაზე ნამდვილად აღარ ვარ, იმიტომ, რომ ვხვდები, შეიძლება ეს ქება მეორე დღეს, რაღაც მიზეზების გამო, იმავე წარმატებით ლანძღვად გადაიქცეს.

მაბრაზებს...

- მაბრაზებს უზრდელ ადამიანებთან შეხვედრა. ასევე უსამართლობა მაბრაზებს, თუმცა ისიც ვიცი და ვაცნობიერებ, რომ სამყარო მაინცდამაინც სამართლიანობის პრინციპზე არ არის აწყობილი. ასე რომ, ამას გარკვეულწილად შეგუებული ვარ და მერე ადვილად ვმშვიდდები, ცივ წყალს ვსვამ ხოლმე.

მიზნის მისაღწევად...

- მიზნის მისაღწევად არ ვაკეთებ ყველაფერს, რადგან ჩემთვის მორალური ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია, მორალი, რა თქმა უნდა, პირობითია, რადგან ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური შეხედულებები. ასევე მიზნის მისაღწევად არასდროს სხვას არ დავაზიანებ.

ყოველთვის მზად ვარ...

- ყოველთვის მზად ვარ ტკივილისთვის და გაცნობიერებულად, სიკვდილისთვისაც, ოღონდ ამ ყველაფერში საკუთარ თავს არ ვუტყდები.

ყველაზე მშვიდად ვარ, როცა...

- ყველაზე მშვიდად ვარ, როცა გზაზე მივდივარ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად, გზა მიყვარს ძალიან და მამშვიდებს.

მიუღებელია...

- მიუღებელია ადამიანის მოტყუება და უმადურობაც.

სტიმულს მაძლევს...

- სტიმულს სხვა ადამიანების შეფასებები მაძლევს, ასევე ერთგვარი განცდა იმისა, რომ რაღაც საქმე, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა, კარგად გავაკეთე, მიზანს, რომელიც დასახული მქონდა, მივაღწიე.

ცხოვრების არც ერთ დღეს არ ჩაუვლია...

- მოულოდნელობების გარეშე, ყოველდღე უამრავი რამ ხდება ისეთი, რასაც ნაკლებად ელოდები, რაც გაოცებს, გახარებს, გაკვირვებს...

მოხუცი, ალბათ, ვიქნები...

- სულ მაქვს განცდა, რომ არ მოვხუცდები, სულ მგონია, რომ მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე. შესაბამისად, მოხუცი როგორი ვიქნები, არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი...

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- თუ შევცვლიდი რამეს? ნაკლებად, არ ვამბობ, რომ კარგად ვიცხოვრე ან ცუდად, თუმცა ერთი რამ ვიცი - ჩემი ცხოვრება იყო და არის საინტერესო, შესაბამისად, მგონია, ეს უკვე არის მიზეზი იმისა, რომ თუკი თავიდან დავიწყებ, ცხოვრება დიდ ცვლილებებს არ საჭიროებს.

ზაზა შენგელია, ხმის ჩამწერი სტუდია "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი:

მუსიკა ჩემთვის არის...

- მუსიკა ჩემთვის არის სულიერი საკვები. ალბათ, ყველა ადამიანი შედგება იმისაგან რითიც იკვებება, ეს არის ჯოზეფ ზავინულის სიტყვები და აბსოლუტურად იგივე ვრცელდება მუსიკაზე. ყველა ადამიანი იმას წარმოადგენს, რასაც უსმენს, მეც ვუსმენ იმას, რაც მიყვარს და ეს არის ჩემი ყოველდღიური საკვები, რომელიც ძალასა და შთაგონებას მაძლევს...

ბავშვობაში მინდოდა...

- ბავშვობაში ძალიან მინდოდა მეზღვაურობა და სხვათა შორის, ეს იყო წიგნების გავლენით, რომელიც მეკობრეებს და მათ ცხოვრებას შეეხებოდა, მინდოდა მოგზაურობა, თავგადასავლები.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ჩემი ძმის გარდაცვალებამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ადამიანების და განსაკუთრებით, ჩემი მეგობრების მიმართ, მას შემდეგ განსაკუთრებულად ვუფრთხილდები ყველას და ვცდილობ, არ დავკარგო არც ერთი მათგანი.

რამ შეიძლება გაგაბრაზოთ?

- ყველაზე მაგრად ვბრაზდები უმადურობაზე, წყობიდან გამოვდივარ.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი...

- ერთ მშვენიერ დღეს შევხვდი სტივ უანდერს, უითნი ჰიუსტონს, ორივე შეხვედრამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე როგორც პიროვნებაზე, კარიერაზე.

წარმატებისთვის აუცილებელია...

- უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, ოღონდ არა ზედმეტად, ასევე აუცილებელია შრომა, პროფესიონალიზმი და თავმდაბლობა.

მიზნის მისაღწევად...

- არ ვეთანხმები გამოთქმას, რომ მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამართლებულია, ყველაფერი ეთიკის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

სტიმულს მაძლევს...

- ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს ახლის კეთება. ბედნიერი ვარ, რომ პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ჩემი და ჩემი მეგობრების შექმნილია, ასევე პირველი სატელევიზიო ფესტივალი, ამით ძალიან ვამაყობ - და, რა თქმა უნდა, მუსიკალური კომპანია "ბრავო რეკორდსი", რომელიც ჩემი სიამაყეა.

უარს ვერასოდეს ვიტყვი...

- შოკოლადზე, პარასკევს, ღამით, ახალ ფილმებს ვუყურებ ხოლმე და ვჭამ უამრავ შოკოლადს. ამ სიამოვნებაზე უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდება.

ადვილად პატიობთ ადამიანებს?

- განსაკუთრებით მტკივა გული, როდესაც ახლობლები რაღაცას ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა, ან თუკი მათ ტყუილს ან ღალატს წავაწყდები.

კომფორტისთვის აუცილებელია...

- კომფორტისთვის აუცილებელია შრომა, აქედან გამომდინარე, ფული და, რა თქმა უნდა, გემოვნება.

ვნანობ...

- ვნანობ, რომ სახელმწიფო სამსახურში ძალიან ბევრი წელი გავატარე, ბევრი დრო და შესაძლებლობა დავკარგე, მეკეთებინა ის, რაც მიყვარს.

თბილისი ჩემთვის...

- არის ქალაქი-გამოცანა, რომელიც ბევრ რამეს მასწავლის, ადამიანებთან ურთიერთობასაც და ასე შემდეგ... მთელი მსოფლიოა ჩატეული ჩემთვის ამ ერთ ქალაქში.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს..

- ნაკლებ დროს დავხარჯავდი ფუჭ ადამიანებთან ურთიერთობაში, ან საერთოდ არ დავეკონტაქტებოდი, სხვა ძირეული ცვლილებები არ მინდა.

თამთა ასათიანი