"საქართველოში ძალადობა ცხოვრების წესია" - რატომ ფიქრობს ასე თემურ ბაბლუანის ქალიშვილი (ექსკლუზივი)
07-03-2016
"საქართველოში ძალადობა ცხოვრების წესია" - რატომ ფიქრობს ასე თემურ ბაბლუანის ქალიშვილი (ექსკლუზივი)
"ქართველებს ერთი ცუდი რამ ახასიათებთ - როგორც პიროვნებები, დაბალი წარმოდგენის არიან საკუთარ თავზე და ამას ნიღბავენ ეპითეტებით: "ამხელა კაცი", "ამხელა კაცი მოიყვანა", "ამხელა კაცმა გააკეთა", "ამხელა კაცმა თქვა"... სულ მაინტერესებდა - რამხელამ?! ეს ნიშნავს, რომ ძალიან პატარაა ის, ვინც ამას ამბობს"

"ზოგადად, თითო ქალში ძალიან ბევრი ქალი სახლობს. მხოლოდ ჩემში, ალბათ, 50 მაინც..."

"ჩემი გონება შედგება ქართული და ფრანგული აზროვნებისგან. ჩემი ყოველდ­ღიურობაც ორივე მათგანს მოიცავს. მეც ამ 2 ქალაქისგან შევდგები"
- ამბობს ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის ქალიშვილი ოლგა ბაბლუანი.

ინტერვიუს მსვლელობისას მართლაც დავრწმუნდი, რომ მის ფიქრებში, გეგმებში მხოლოდ თბილისი და პარიზია.

- ჩემი ცხოვრება 3 ეტაპად რომ დავყო, პირველი ცხადია, ბავშვობა იქნება, დაახლოებით 15 წლამდე - მშობლებთან ერთად ცხოვრების ბედნიერი დღეები...
შემდეგ­ იყო აფზახეთის ომი.
ბევრი რამ შეიცვალა მაშინ­ - ჩემშიც და ქვეყანაშიც. ამ ომმა ჯერ კიდევ უდარდელი ბავშვები რთულ რეალობას შეგვაჯახა.
მესამე ეტაპი ჩემი პირველი შვილის დაბ­ადებიდან იწყება. მერე პარიზში წავედი... ეს ეტაპი დღემდე გრძელდება და იმედია, დიდხანს არ დასრულდება.
ჩემი ცხოვრების რიტმი აქტიურია. ნახევარი თვე თბილისში ვარ, ნახევარი - პარიზში... თავდაპირველად საფრანგეთში­ ცხოვრება გამიჭირდა, არცთუ ხანმოკლე აღმოჩნდა ადაპტაციის პერიოდი. ჩვენ ხომ პოსტსაბჭოთა, ჩაკეტილი სისტემიდან მოვხვდით იქ... გაჩნდნენ ისეთი ადამიანები,­ რომელთა მაგალითითაც­ შევძლებდით ცხოვრების გაგრძელებას. მაგალითად, ჩვენს სკოლაAში თავისუფალი დასწების დროს, რამდენიმე­ ლექცია წაგვიკითხა ჟერარ დეპარდიემ. ამბობდა,­ თავის დროზე, ჩემი ადგილი სკოლაში არ იყოო... ამ სიტყვებმა­ დამაფიქრა. ჩვენთან ნებისმიერის ადგილი იყო სკოლაში, სტანდარტს წარმოვადგენდით - ჯერ პიონერი უნდა ყოფილიყავით, მერე კომკავშირელი... თითქმის ერთნაირი­ ბიოგრაფიით ვიზრდებოდით, ინდივიდი არ არსებობდა, არადა, ყველას ერთნაირი სურვილები და მისწრაფებები როგორ ექნებოდა?! საკუთარ თავზე დაკვირვება სწორედ ამ მომენტიდან დავიწყე და მივხვდი, რომ ცხოვრებაში ადგილის პოვნა ერთი წერტილიდან არ იწყებოდა და არც რაღაც ასაკში მთავრდებოდა. ეს დიდი პროცესია და სულ გრძელდება, დროსა და ასაკს არა აქვს მნიშვნელობა... დრო ხომ ჩვენი მოგონილია. სტანდარტი არ არსებობს! ადამიანს აქვს თავის დამკვიდრების შანსი მაშინაც კი, როდესაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და განსხვავებულია სხვებისგან. ხანდახან სწორედ ეს განსხვავებაა მათი პლუსი, რაც სწორედ დეპარდიეს ლექციებიდან გახდა ჩემთვის ნათელი...
საქართველო ძალიან დიდი კულტურისა და შესაძლებლობების ქვეყანაა. თუმცა აქ განათლების პრობ­ლემაა. განათლებიდან იწყება ეკონო­მიკური წინსვლაც და ქვეყნის განვითარებაც.

თვალში საცემია თანაცხოვრების კულტურაც, რაც ძალიან უჭირთ ქართველებს. არსებობს დაყოფა ადამიანებს, კლანებს, უბნებს შორის... თითქოს ერთ პატარა ქვეყანაში 100 განსხვავებული აზროვნების ჯგუფი არსებობს, რომელთაც ერთმანეთთან კომუნიკაცია და საერთო ენის გამონახვა უჭირთ.
დიდი ძალადობაა ქვეყანაში! - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური. საქ­ართველოში ძალადობა ცხოვრების წესია, რასაც მოსდევს სუიციდის ხშირი შემთხვევები. ემოციური ერი ვართ და ურთიერთობებში ხშირად მანიპულაციები იჩენს თავს. რა თქმა უნდა, ეს ოჯახურ ძალადობაშიც გადადის. ქალებზე ძალადობის ფაქტები მომრავლდა.

საქართველოში­ ქალებს სჭირდებათ განვითარება, რათა საკუთარი თავი დაიმკვიდრონ, ემანსიპირება­ მოახდინონ და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს - ჯერ დამოუკიდებლად უნდა ისწავლო ცხოვრება და შემდეგ შენი ცხოვრება დაუკავშირო სხვას. საქართველოში დროც არეულია და თაობაც... სხვადასხვა ისტორიული წარსულის ადამიანი ცხოვრობს ერთად, მათი მენტალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია... ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი­ მაჩვენებელია. როდესაც ეკონომიკური პრობლემის გამო თვითგადარჩენის­ ფორმატში ცხოვრობ, ეს ფსიქიკას ძალიან ანგრევს. თვითგადარჩენის პროცესში ჩართულები, მანქანებად იქცნენ და აღარ აქვთ სიამოვნებისთვის სულიერი განვითარების რესურსი...

ზოგადად, თითო ქალში ძალიან ბევრი ქალი სახლობს. მხოლოდ ჩემში, ალბათ, 50 მაინც - მხიარული, მომთხოვნი, შრომისუნარიანი, ზარმაცი, კეთილი, დედა... როდესაც ამას აცნობიერებ, ეძებ ერთს - რაციონალურს, რომელიც ყველა დანარჩენს აკონტროლებს და მწყემსავს, რომ სწორად იარონ ერთ სხეულში. ის ერთი რაციონალურია მთავარი! ჩემი ყველაზე საუკეთესო­ "ქალი" მიზანდასახული­ა, აქვს ღრმა ანალიზისა და მოთმინების დიდი უნარი... ცუდი უფრო მეტი მაქვს, რომლიდან დავი­წყო? ძალიან მომთხოვნი და თვითკრიტიკული ვარ და ამიტომაც ხანდახან მინდა საკუთარ თავს არდადეგებზე გავექცე. ჩემში მობინადრე ქალთაგან მომთხოვნი ოლიკო ყველაზე ცუდია. სწორედ მისგან მინდება გაქცევა.

- შვილებთან არა ხართ მომთხოვნი?

- შვილებზე ემოციურად და ფსიქოლოგიურად მიბმული დედა არა ვარ, მაგ­რამ სიყვარულით, პასუხისმგებლობით, ურთიერთგაგებით მათ დროში ვცხოვრობ. ორ კვირაზე მეტხანს ვერ ვძლებ მათ გარეშე. უფროსი შვილი - ლიკუნა ბაბლუანი 20 წლის გახლავთ, უმცროსი - ნასტასია ლეგრანი უკვე 11 წლისაა. ორივე საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს.

- რას ამბობენ საფრანგეთში საქართველოს შესახებ?

- კარგად იცნობენ საქართველოს, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ, რადგან თავად ნიკოლა სარკოზი მონაწილეობდა მშვიდობიან მოლაპარაკებასა და ომის შეჩერების პროცესში. ამაზე­ დიდი დისკუსიები მიმდინარეობდა... საფრა­ნგეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია რუსეთთან ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, საქართველოსთან ურთიერთობაც.

- რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში­ შესვლაზე?

- აუცილებელია, რომ საქართველო ნატოში შევიდეს. არა მხოლოდ ნატოში, საჭიროა ევროკავშირში გაწევრებაც. ამით ჩვენი ქვეყანა ერთი ძალიან განვითარებული სტრუქტურის ნაწილი ხდება. არ ვამბობ, რომ ევროპა უკეთესია. უბრალოდ, ამ ქვეყანას ისტორიულად მეტი საშუალება ჰქონდა, რომ ლიდერი გამხდარიყო მსოფლიოში, უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ქვეყანა წინ წავა ევროკავშირში გაერთიანებით. მნიშვნელოვანია ნატოში შესვლაც. თუმცა მანამდე აუცილებელი ეტაპებია გასავლელი. დღეს საქართველო წარმოდგენაში ცხოვრობს, ხანდახან მგონია, რომ კომედიის ფესტივალზე ჩამოვედი, სულ ვოდევილებია. სანამ დაგელაპარაკებიან, ადამიანები გონებაში სპექტაკლს დგამენ. დიდ თეატრში ცხოვრობს საქართველო და დრამატურგია­ შესაცვლელია.

ქართველებს ერთი ცუდი რამ ახასიათებთ - როგორც პიროვნებები, დაბალი წარმოდგენის არიან საკუთარ თავზე და ამას ნიღბავენ ეპითეტებით: "ამხელა კაცი", "ამხელა კაცი მოიყვანა", "ამხელა კაცმა გააკეთა", "ამხელა კაცმა თქვა..." სულ მაინტერესებდა - რამხელამ?! ეს ნიშნავს, რომ ძალიან პატარაა ის, ვინც ამას ამბობს. არ არსებობს ზომა-წონა, არსებობენ თანასწორი ადამიანები. ყველა ქვეყანაში ადამიანი ადამიანია. ისევე სტკივა, იცინის, აწუხებს, როგორც ყველას. საქართველოში არავისზე ნაკლები ხალხი არ ცხოვრობს, უბრალოდ, განგებამ ისტორიული განვითარებისთვის სხვაზე ნაკლები შანსი მოგვცა. ჩვენ შორის არსებობს მხოლოდ განვითარების არათანაფარდობა.

"ტერაქტმა ძალიან დასცა საფრანგეთი"

"პარიზის ტერაქტმა ძალიან დასცა საფრანგეთი ფსიქოლოგიურად, მორალურად და ეკონომიურადაც. ტურისტების რაოდენობამ ძალიან დაიკლო, სასტუმროების რეზერვაციის 60% გაუქმდა. პარიზში ჩასვლის შიში გაჩნდა. ფრანგებს ზუსტად იმ ფასეულობებში მოხვდათ, რისიც ძალიან სჯერათ - თავისუფლების, თანაცხოვრების, მულტიკულტურალიზმის..."

ეკა სალაღაია
სალომე
16 მარტი 2016 12:03
ბევრ რამეში გეთანხმებით. და მათთვის ვისაც ჰგონია, რომ უცხოეთში წასულები საქართველოს ზედმეტად ვაშავებთ, მინდა დაგამშვიდოთ, არა, პირიქით ამ სტატიაში ქართული საზოგადოების მთელი სიშავე არაა წარმოდგენილი. სხვაგანაც არის პრობლემები, მაგრამ გაგიკვირდებათ და ქსრთველი ემიგრანტებისთვის საქსრთველოს პრობლემები უფრო აქტუალურია ვიდრე თუნდაც ბანგლადეშის. იქნებ ვისწავლოთ კრიტიკის მიღება და რესლობისთვის თვალის გასწორება. დამერწმუნეთ თვალდახუჭული წინ უფრო იოლად ვერ წავალთ.
ქრისტიანი
13 მარტი 2016 13:45
საქართველოს ისე გააშავებთ ხოლმე თითქოს ძალადობა სხვაგან არსად არ არის.სადაც ჩვენ არ ვართ ყველგან კარგია არა?ძალადობა ყველგანაა, იყო და იქნება კიდეც, ეს წუთისოფლის კანონია.კარგი იქნება ძალადობას მოვერიდოთ და არა გამოვიწვიოთ.

რედაქტორის რჩევით