"ყოველდღე თავის მოკვეთით გვემუქრებოდნენ" - რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელმაც მეკობრეთა ტყვეობაში 3 კვირა გაატარა
07-03-2016
"ყოველდღე თავის მოკვეთით გვემუქრებოდნენ" - რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელმაც მეკობრეთა ტყვეობაში 3 კვირა გაატარა
"გამოსასყიდ თანხას ერთი ცენტიც რომ დაჰკლებოდა, ყველას დაგვხვრეტდნენ!"

რამაზ გვიანიძე: "ასე გავატარე 21 დღე ჯუნგლებში... ხშირად ვფიქრობდი ოჯახზე, ჩემს შვილებზე. ვიცოდი, ერთი თვე თუ გავიდოდა და ჩვენს გამოსასყიდ თანხას არავინ გადაიხდიდა, თავის მოკვეთა არ აგვცდებოდა!"


ნიგერიის ტერიტორიული წყლებიდან გატაცებული ქართველი მეზღვაური რამაზ გვიანიძე გასულ კვირას ოჯახს დაუბრუნდა. "კვირის პალიტრა" გატაცებული ქართველი მეზღვაურის შესახებ ორი ნომრის წინ წერდა. იმხანად საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე აცხადებდა, რომ არ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუ რა
სურდათ გამტაცებლებს, მეზღვაურის ბედის შესახებაც არაფერი იყო ცნობილი. ლიბერიის დროშით მცურავი ნავთობტანკერი "ლეონ დიასი" ბერძნულ კომპანია "ლეონ შიფინგ ენდ თრეიდინგს" ეკუთვნის. შინ მშვიდობით დაბრუნებული რამაზ გვიანიძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- 30 იანვარს ნიგერიის ტერიტორიულ წყლებს გავდიოდით, ტოგოდან კონგოსკენ მივემართებოდით. დაახლოებით პირველის ნახევარი იქნებოდა, რომ კაპიტნის
მეორე თანაშემწემ შენიშნა შეიარაღებული შავკანიანები, რომლებიც გემს მოუახლოვდნენ და ამოსვლა დააპირეს. კაპიტნის მეორე თანაშემწემ სასწრაფოდ გამაფრთხილებელი საყვირი ჩართო. მე იმ დროს მეძინა, სწრაფად­ წამოვხტი და დავინახე, რომ ყველანი სამაშ­ველო მანქანისკენ გარბოდნენ! სამაშველო მანქანას ვუწოდებთ ადგილს, სად­აც შეგიძლია შეხვიდე, კარი ჩაკეტო და შიგნით ვეღარავინ შემოაღწევს. თავდამსხმელებმა (14 კაცი იყო) კაპიტნის მეორე თანაშემწე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, თუმცა მან სამაშველო მანქანაში მაინც შემ­ოასწრო. კაპიტანი, ელექტრომექანიკოსი და მეორე მექანიკოსი კი ტყვედ აიყვანეს. მერე კარის გატეხა დიდი ჩაქუჩით სცადეს, თან დაგვიძახეს, კაპიტანს­ მოვკლავთ, თუ კარს არ გააღებთო და ჩვენც დავნებდით. ყველანი გარეთ გამოგვყარეს და იატაკზე დაჯდომა­ გვიბრძანეს. გვითხრეს, ხელს არ გახლებთ, მხოლოდ გემის გაძარცვა გვინდაო. მოხსნეს კომპიუტერები, აკრიფეს მობილური ტელეფონები და ოქროს ნივთები, შემდეგ კაპიტანს უბრძანეს­ გემის წაყვანა პლატფორმისკენ, სადაც ნავ­თ­ობს ქაჩავენ. იქამდე 12 საათის სავალი იყო, რომ მივედით, ეკიპაჟის 20 წევრიდან 5 კაცი კატერებზე გადაგვსხეს...

- 5 კაცი რა პრინციპით შეგარჩიეს?

- მათთვის მთავარი პერსონა კაპიტანი იყო. პირველ რიგში ის და უფროსი მექანი­კოსი აიყვანეს, მერე კიდევ 3 აგვარჩიეს, სამ­ივე თეთრკანიანი, ალბათ, კანის ფერის მიხ­ედვით. გვითხრეს, თქვენს სანაც­ვლოდ გამო­სასყიდს მოვითხოვთო. გემზე ძირითადად ფილიპინელები იყვნენ,­ კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი ფილიპი­ნ­ელები არიან, კიდევ რამდენიმე რუსი და უკრაინელი. ქართველი მხოლოდ მე ვიყავი.­ ჯუნგლებში ორი საათი გვატარეს, სად­ღაც მიგვიყვანეს და მიწაზე დალაგებულ ფიცრებზე დაწოლა გვიბრძანეს. იქ კიდევ 15-ოდე კაცი დაგვხვდა, მეკობრეების მეკავ­შირეები. ასე გავატარე 21 დღე ჯუნგლებში. ყოველდღე თავის მოკვეთით გვემუქრებოდნენ. ერთმანეთთან საუბრის უფლებაც არ გვქონდა. გვეტყოდნენ,­ "ადექით", ვდგებოდით, "დასხედით", დავსხდებოდით. ღია ცის ქვეშ ფიცრებზე გვეძინა, საკვებად მხოლოდ მაკარონი გვქონდა. ძალიან ცოტა სასმელ­ წყალს გვაწვდიდნენ, რადგან თავადაც ცოტა ჰქონდათ.

ხშირად ვფიქრობდი ოჯახზე, ჩემს შვილებზე. ვიცოდი, ერთი თვე თუ გავიდოდა და ჩვენს გამოსასყიდ თანხას არავინ გადაიხდიდა, თავის მოკვეთა არ აგვცდებოდა!

- რა თანხას ითხოვდნენ?
- არც კი ვიცი. მეკობრეები კაპიტანს კომპანიის წარმომადგენელთან არეკვინებდნენ. ერთხელ მოვახერხე და კაპიტანს ვკითხე, რა თანხას ითხოვენ-მეთქი, არაფერი მიპასუხა, როგორც ჩანს, მკაცრად გაფრთხილებული იყო.

- ოჯახთან დარეკვის საშუალება არც ერთხელ არ მოგეცათ?
- როცა კომპანიის წარმომადგენელი მეკობრეებს თანხის გადახდას დაჰპირდა, ოჯახებში დაგვარეკვინეს, სასაუბროდ 10-15 წამი მოგვცეს, ესღა მოვასწარი: "ნუ გეშ­ინიათ, ცოცხალი ვარ!" ოცდამეერთე დღეს ისევ ფეხით გვატარეს და მერე ჩაგვსხეს კატერში. ფული მეკობრეებს წყალშივე­ გადასცეს - ვიღაც ქალი მოვიდა­ კატერით და ფული მოიტანა. ეს იყო ყველაზე დაძაბული­ წუთები. თანხას ერთი ცენტიც რომ დაჰკლებოდა, ყველას დაგვხვრეტდნენ!

შემდეგ გადაგვსხეს იმ ქალის კატერში, რომელმაც უახლოეს ქალაქამდე მიგვიყვანა და სასტუმროში დაგვაბინავა. იქიდან ლაგოსში დაცვის თანხლებით გადაგვიყვანეს, სადაც ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი დაგ­ვხვდა, რომელსაც ვკითხე, ვინ გად­აიხადა ფული და რამდენი-მეთქი. მან მხოლოდ ეს მითხრა: "მთავარია, გადაგარჩინეთ!" ამის შემდეგ საქართველოში გადმომა­ფრინეს. ხარჯი კომპანიამ გაიღო, სავარაუდოდ, გამოსასყიდიც მან გადაიხადა...
42 წლის ვარ, 22 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ასეთ საფრთხეში არასდ­როს ვყოფილვარ.

- კიდევ წახვალთ შორეულ ნაოსნობაში­?
- რა თქმა უნდა, გემზე ზეინკლად ვმუშაობ... მადლობელი ვარ ყველასი. ქართული მხარე ჩემს დამქირავებელ კომპანიასთან მაქსიმალურად თანამშრომლობდა­ და ოჯახთანაც ყოველდღიური კავშირი ჰქონდა.­ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავისი მოქალაქე გასაჭირში არ მიატოვა.

"ქართულ მხარეს გეგმა ჰქონდა შემუშავებული"

მამუკა ახალაძე, საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელი:
- ქართულ მხარეს მეზღვ­აურის გამოსასყიდად თანხის გადახდა არ დასჭირვებია, თუმცა ეს საქმე კონტროლზე ავიყვანეთ. მე პირადად, როგორც დამსაქმ­ებელი კომპანიის წარმომადგენელთან, ასევე­ გემთმფლობელთან ყოველდღიური ურთი­ერთობა მქონდა. თუკი მათი ძალისხმევით ვერ მოხერხდებოდა მეზღვაურების გათავ­ისუფლება, ქართულ მხარეს გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რომლის დეტალების დაზუ­სტებისგანაც თავს შევიკავებ. საბედნიეროდ, კეთილსინდისიერი აღმოჩნდა ჩვენი თანამემამულის დამსაქმებელი კომპანია და მეზღვაურების გათავისუფლება­ მოხერხდა. ამისთვის "ლეონ შიფინგ ენდ თრეიდინგს" მადლობის წერილიც გავუგზავნეთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით