"კომუნისტებმა პიკასოს ნახატი ბელადის დაცინვად მიიჩნიეს" - კვირის პალიტრა

"კომუნისტებმა პიკასოს ნახატი ბელადის დაცინვად მიიჩნიეს"

სტალინის პორტრეტი ფრანგი კომუნისტების გაზეთ "ფრანგულ წერილებში" ბელადის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ნომერში გამოქვეყნდა

პიკასომ დახატა ხელი სასმლით შევსებული ჭიქით და მიაწერა: "სტალინ, გაგიმარჯოს!"

რა საერთო უნდა ჰქონოდა პიკასოს სტალინთან. რაც უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, მხატვარი 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1973 წლამდე, კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ. პიკასოს შემოქმედების "ქართულ" დეტალებზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი გვესაუბრება:

- 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალებისთანავე, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ლუი არაგონმა პიკასოს სტალინის პორტრეტის დახატვა სთხოვა. პორტრეტი ფრანგი კომუნისტების გაზეთ "ფრანგული წერილების" ბელადის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ნომერში უნდა გამოქვეყნებულიყო. პიკასო ამ დროს ვალორისში იყო და მხოლოდ ბოლო წუთებში, ფოსტით მოვიდა მისი ნახატი. ნამუშევარი მაშინვე სტამბაში გაიგზავნა. რედაქციისთვის მოულოდნელად ნახატმა კომუნისტური პარტიის წევრები აღაშფოთა. პიკასოს ნახატი ბელადის დაცინვად მიიჩნიეს და საყვედურებით მიმართეს გაზეთის რედაქციას. ამ "გაუგებრობის" გამო ლუი არაგონს ახსნა-განმარტება დასჭირდა.

- რა რეაქცია ჰქონდა ამაზე პიკასოს?

- განაცხადა, რომ სრულიადაც არ ჰქონდა მიზნად სტალინის პიროვნების დაკნინება, პირიქით, ამ ნახატით მისდამი პატივისცემის გამოხატვა სურდა, თუმცა, რაც უფრო მატულობდა აურზაური, პიკასო შეკითხვებზე მკვახე პასუხებს იძლეოდა, რა უნდოდათ, ბებერი გამომესახა, დანაოჭებული თუ შიშველიო.

ეს არის გრაფიკული ნამუშევარი, შესრულებული პიკასოსთვის დამახასიათებელი სტილით. სოცრეალიზმიდან, ცხადია, შორს დგას, არც ნატურალისტური მსგავსებაა და მით უმეტეს, არაფერი განდიდების და გაიდეალების მსგავსი. ამგვარი ნახატი საბჭოთა მოხელეებისთვის შარჟად აღიქმებოდა. ამბობდნენ, რომ სტალინი არ ჰგავდა ბელადს, არ იყო გამოსახული მისი ინტელექტი და ის გლეხს უფრო მოგაგონებდათ. საბჭოთა კავშირში ამ გაზეთის ტირაჟი მოიხსნა და თავის მართლების აუცილებლობა გაჩნდა.

ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, სტალინის 70 წლისთავთან დაკავშირებით, არაგონს ასევე უთხოვია პიკასოსთვის, სტალინისთვის დაბადების დღის მისალოცი ბარათი დაეხატა. პიკასომ დახატა ხელი სასმლით შევსებული ჭიქით და მიაწერა: "სტალინ, გაგიმარჯოს!" ამ მისალოცმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ, როგორც ჩანს, არაგონს ეს გამოცდილება არ გაუთვალისწინებია, როდესაც ბელადის გარდაცვალების გამო პიკასოს სტალინის პორტრეტის შექმნა სთხოვა.

- საინტერესოა, როგორ მოხვდა "რკინის ფარდის" მიღმა მცხოვრები ეს მხატვარი კომუნისტურ პარტიაში?

- ხშირი შემთხვევა იყო იმ პერიოდში, რომ ფაშიზმის მოწინააღმდეგენი კომუნიზმის მომხრენი ხდებოდნენ. 1937 წელს პიკასომ "გერნიკა" დახატა - ფაშიზმის, ომის წინააღმდეგ მიმართული ნაწარმოები. მიაჩნდა, რომ მხატვარი თავისი შემოქმედებით კეთილი იდეალებისთვის, მშვიდობისთვის უნდა იბრძოდეს. როგორც ამბობდა, პარტიაშიც იმიტომ შევიდა, რომ ამ მიზნებისთვის ებრძოლა. კომუნისტური პარტიის მხარდასაჭერად მას ხშირად გაჰქონდა გასაყიდად ნამუშევარი და ჰონორარს პარტიას ჩუქნიდა. პიკასო პარტიაში საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში გაწევრდა.

"პიკასომ ფიროსმანი დახატა"

პიკასომ ფიროსმანის პორტრეტი ილია ზდანევიჩის თხოვნით შექმნა. ის მშრალი ნემსის ტექნიკით არის შესრულებული. სად ინახება საფუძველი - ლითონის დაფა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ორი ანაბეჭდი საქართველოშია: ერთი შ. ამირანაშვილის მუზეუმში, მეორე მირზაანის მუზეუმშია და ის ელენ დიოურის საჩუქარია.

ეკა სალაღაია