ტაქსის მძღოლი რუსეთის მიმართ პროტესტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს?! - კვირის პალიტრა

ტაქსის მძღოლი რუსეთის მიმართ პროტესტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს?!

"ერთმა რუსმა გამაჩერა, მაგარია, მაგრამ შეცდომით გიწერია, ოკუპანტს ერთი "პ" აკლიაო. რუსმა მომიწონა სიმართლის თქმა და ვერ გამიგია, ქართველებს რა უბედურება გვჭირს"

"რუსეთი ოკუპანტია!" - ტაქსის მძღოლი, აფხაზეთიდან დევნილი 66 წლის ჯემალ ცინარიძე ამბობს, რომ კომპანია "მაქსიმიდან" სწორედ ამ წარწერის გამო დაითხოვეს.

ჯემალ ცინარიძე: - კომპანია ქუთაისში ახალი შემოსული იყო, სამუშაოდ რომ მივედი. 2008 წლიდან დღემდე რამდენიმე ავტომობილი გამოვიცვალე და ყველას მინაზე მქონდა ეს წარწერა. პირველად რუსულად რომ დავაწერე, რუსეთი ოკუპანტია-მეთქი, სწორედ მაშინ ენგურის ხიდამდე მომიწია მგზავრის მიყვანამ. იქ მანქანა რომ მოვაბრუნე, ერთმა რუსმა გამაჩერა, მაგარია, მაგრამ შეცდომით გიწერია, ოკუპანტს ერთი "პ" აკლიაო. რუსმა მომიწონა სიმართლის თქმა და ვერ გამიგია, ქართველებს რა უბედურება გვჭირს.

- რა ფორმით მოგიწოდეს ამ წარწერის წაშლა?

- სანამ წარწერის წაშლას მომთხოვდნენ, ტაქსის მძღოლებს გვითხრეს, რომ ავტომობილებზე უნდა გაგვეკრა კომპანიის სარეკლამო სტიკერები. მე უარი ვთქვი, სტიკერი აზიანებს ზედაპირს - როდესაც აახევ, ცუდად აჩნდება. ვიღაცამ შესაძლოა მითხრას, ეგ შენი წარწერა"არ აზიანებსო? ვიმეორებ, ეს მოქალაქეობრივი პოზიციაა და მას არასდროს არ ავაცლი ავტომობილის მინას, მეტიც, თუ საჭირო გახდება, ოკუპანტის გასაძევებლად მარჩენალ ავტომობილსაც გავწირავ. მოკლედ, სარეკლამო სტიკერების გაკვრაზე უარი რომ ვთქვი, კომპანიის წარმომადგენელი მეუბნება, უკან, მინაზე რომ გიწერია, იმას რა ვუყოთო? გავოცდი, ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ახალგაზრდა კაცი ამაზე მიმითითებდა. რა უნდა ვუყოთ-მეთქი? - მოვიშტერე თავი. უნდა წაშალო, კომპანიის ინტერესებს ეწინააღმდეგებაო. შევიცხადე, არ მცოდნია, როგორც ჩანს, კომპანია რუსული ყოფილა-მეთქი. გარეთ გამოსული არ ვიყავი, რომ იმ ბიჭმა დამიძახა, შენთან ლაპარაკი სურთო, ტელეფონზე თბილისიდან მელაპარაკა კომპანიის წარმომადგენელი და გამაფრთხილა, წარწერას თუ არ წაშლი, რაციას გამოგართმევ და ერთად ვეღარ ვიმუშავებთო...

ამ ულტიმატუმმა მოთმინების ფიალა ამივსო და წამოვედი. კომპანია "მაქსიმს" სათავო ოფისი თბილისში აქვს. ჩემი პროტესტის შემდეგ განაცხადეს, რომ თურმე ორგანიზაცია აპოლიტიკურია და სამუშაო საათებში გმობენ ყველა ტიპის პოლიტიკურ პროპაგანდას "მაქსიმის" სახელით. ჩემი ავტომობილით რა ტიპის პროპაგანდასაც მინდა, იმას გავწევ, თუ ის საზოგადოების ინტერესებს არ აზიანებს და ამას ვერ ამიკრძალავს ტაქსის კომპანია კი არა, რუსეთის შეიარაღებული ძალები.

ამასთან, "მაქსიმს", რომელიც საქართველოში ქართველებისგან არის დაკომპლექტებული, შევახსენებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და პროპაგანდა კი არა, მწარე რეალობაა. თუ საქართველოში ვინმეს ერიდება ამის აღიარება, ძალიან ცოდვაა.

"მაქსიმის" წარმომადგენლებმა კომენტარი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე განათავსეს: "ტაქსის გამოძახების სამსახური "მაქსიმი" არ თამაშობს პოლიტიკურ თამაშს. ჩვენ მხოლოდ ბიზნესით ვართ დაკავებული... "მაქსიმი" მუშაობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში, ბულგარეთსა და ყაზახეთში. აქედან არც ერთ ქვეყანაში არავის მოსვლია აზრად, რომ ჩვენთვის ოკუპანტები ეწოდებინა(?!). ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ მძღოლებთან. ისინი არ არიან კომპანიის შტატში, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე მათგანის გათავისუფლება, მაგრამ, თუ მძღოლი არღვევს გადაყვანა-გადაზიდვის წესებს, იწვევს კლიენტების საყვედურებს ან სხვაგვარად აზარალებს კომპანიის იმიჯს, ჩვენ ვწყვეტთ მასთან თანამშრომლობას. ამისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნის არავითარი საფუძველი არ არსებობს".