ბახმარო - ზღაპრული ადგილი, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება - კვირის პალიტრა

ბახმარო - ზღაპრული ადგილი, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

"ამ გზას მიწიერ სამოთხემდე მივყავართ", - მეუბნება მასპინძელი. მიხვეულ-მოხვეულ გზას მივუყვებით, თან გურიის ულამაზეს სოფლებს ვათვალიერებ.

7-საათიანი მგზავრობის შემდეგ ზღვის დონიდან 2 500 კილომეტრზე ვართ. კურორტამდე გზას, რომელიც 3 მეტრამდე თოვლით არის დაფარული, ფეხით მივუყვებით...

"მთებში ჩაკარგული ბედნიერება..."

ეს ფრაზა აქ გამომგზავრებამდე ინტერნეტში ამოვიკითხე... აღფრთოვანებას შეძახილებით გამოვხატავ. მთებზე შეფენილი კოტეჯები ზემოდან წერტილებად გაფანტულა, ზოგიერთი მთლიანად თოვლშია ჩაფლული. მასპინძლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და კურორტ ბახმაროს დირექცია გვიწევს.

"ვინ იცის, მარტო რამდენჯერ ამოვსულვარ ზამთარში"

72 წლის თამაზ ანთიძე სოფელ ბჟოლიეთის მკვიდრია. 35 წელია, ბახმაროს სტუმრობს - სააგარაკო სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ უბანში კოტეჯებს დარაჯობს.

თამაზ ანთიძე: - 80-იან წლებამდე მარტო სანატორიუმში 300-მდე კაცი სტუმრობდა. შემდეგ კერძო მფლობელობაში გადავიდა შენობა-ნაგებობები და მეპატრონეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს კოტეჯების გაქირავება. რა თქმა უნდა, კერძო მეპატრონემ გაზარდა ქირა, რამაც იმოქმედა დამსვენებლებზე. მას მერე არანაირი წინსვლა არ ყოფილა. უამრავი უცხოელი ინვესტორი მოდიოდა, იყო იმედი, დაპირება, მაგრამ... ამჟამად ბევრი პრობლემა აქვს ბახმაროს. მთავრობა თუ აქაურობას მიხედავს, დამსვენებელი წელიწადის ყოველ დროს ეყოლება ბახმაროს. ახლა მარტია, მაგრამ ისევ ზამთარია. ასე იქნება მაისამდე. არაფერი ჯობია აქ დასვენებას... ბახმარო ივლის-აგვისტოში ცოცხლობს. ფერისცვალებას, 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღით იხურება სეზონი და მომავალ წლამდე ისევ უკაცრიელდება აგარაკი. ვინ იცის, მარტო რამდენჯერ ამოვსულვარ ზამთარში ბახმაროში. აქ სულიერად ვისვენებ."

"ამ კურორტს ქვეყნისთვის მრავალმილიონიანი შემოსავლის მოტანა შეუძლია"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი კურორტის პრობლემებზე გვესაუბრება.

ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: - ელექტროენერგიის მიწოდება პრობლემაა ბახმაროში. არაერთი შეხვედრა გვქონდა სემეკის წარმომადგენლებთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან. კურორტის პრობლემებს მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით ვერ გაწვდება, ცხადია, უსახსრობის გამო ვერც დაზიანებული სააგარაკო სახლების შესაკეთებლად გასცემს კომპენსაციას. ბახმაროს აღორძინება ზოგადქართული საქმე უნდა იყოს, რაც იქნება ინვესტიციების მოზიდვის საშუალება ქვეყნის განვითარებისთვის. კურორტზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მიწოდების ორგანიზება. მოსაწესრიგებელია შიდა გზები, უნდა მოგვარდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. შარშან ზოგიერთი საკითხი გადავწყვიტეთ - მთელ ტერიტორიაზე ურნები განთავსდა, გაკეთდა რამდენიმე წყლის შემკრები ავზი. წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ერთ-ერთ თემად ბახმარო წარვადგინეთ. ვფიქრობთ, შედეგი იქნება. ამ კურორტს ქვეყნისთვის მრავალმილიონიანი შემოსავლის მოტანა შეუძლია.

"აქ სამოყვარულო და ექსტრემალური სრიალის მოყვარულთათვის ტრასების გაკეთება შეიძლება"

საუბარში კურორტ ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია ჩაერთო:

- 75 ათასი ლარია კურორტის ბიუჯეტი, რაც საკმარისი არ არის.

- ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად გადაქცევაზე დიდი ხნის წინ საუბრობდნენ.

- ცოტა ხნის წინ აქ გერმანელმა სპეციალისტებმა გამოსცადეს თოვლი, ისრიალეს. თქვეს, აქ შეიძლება სამოყვარულო და ექსტრემალური სრიალის მოყვარულთათვის გაკეთდეს ტრასებიო. იმედი გვაქვს, ბახმარო წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს დამსვენებლებს.

- გასულ სეზონზე რამდენი დამსვენებელი იყო ბახმაროში?

- შარშან 17 ათასამდე სტუმარი გვყავდა. წელს მეტს ველოდებით. ბახმაროს ტერიტორიაზე 7000-მდე კოტეჯია. სეზონზე მუშაობს მედპერსონალი, პოლიცია და ბაზარი. იგეგმება მამათა მონასტრის მშენებლობა. ბერები მთელი წელიწადი აქ იქნებიან. გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძის განცხადებით, ბახმარო ის კურორტია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა იღებდეს დამსვენებლებს.

გია სალუქვაძე, გურიის გუბერნატორი: - ბახმაროში თოვლი ოქტომბრიდან მაისის ბოლომდეა. საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება - ახალი სასტუმროები და სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი ობიექტები და ეს იქნება 12-თვიანი მთლიანი სეზონური კურორტი. "

წინა კვირას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბახმაროსა და სხვა კურორტების პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე ისაუბრა. იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს და განახორციელებს... პრემიერმა ასევე ისაუბრა საკურორტო ზონაში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებასა და სრულყოფაზე.

P.S. თოვლიან მთებში ჩაკარგულ ბედნიერებას ვემშვიდობებით. გისეირნიათ ღრუბლებთან ერთად? შეგებებიხართ მზის ამოსვლას მესხეთის ქედზე? გინახავთ ცასთან ყველაზე ახლოს მდგარი ნაძვების კენწეროები და ნისლში ჩაძირული ბახმარო? თუ არ ჩაგისუნთქავთ აქაური ჰაერი, არ გიგრძნიათ აქაურობა, ბევრი დაგიკარგავთ...

21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

ბახმაროს უნიკალურობას დასავლეთიდან ხეობაში შემოჭრილი ზღვის ჰაერისა და აღმოსავლეთიდან მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. ჰაერი აქ ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალეა, სწორედ ეს ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს, რაც ამ კურორტის კლიმატის გამორჩეულობას განაპირობებს.

თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ჰაერის უნიკალური შემადგენლობა სისხლის ფორმულას 21 დღეში ცვლის და განსაკუთრებით აკაჟებს მოზარდებს, რომლებიც სუსტი იმუნიტეტის გამო ხშირად ავადმყოფობენ.

ბახმაროს ეფექტურობას განაპირობებს არა მხოლოდ უნიკალური კლიმატი, არამედ მთის ლანდშაფტის დამამშვიდებელი გავლენაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროზის, ნევრასთენიის დროს. ექიმების რეკომენდაციით, ვინც ბრონქული ასთმით, ობსტრუქციული ბრონქიტებით არის დაავადებული, მათთვის ბახმარო შეუცვლელი კურორტია. მედიკოსების არაერთი დასკვნა არსებობს, რომ ბახმაროში გატარებული ზაფხულის შემდეგ, ზამთრის განმავლობაში ბავშვებს აღარ აწუხებთ ვირუსული ინფექციები. ეს აღნიშნულია მეცნიერთა ჩანაწერებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში იკვლევდნენ კურორტს.

იმის გამო, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისთვის ბახმარო შეუდარებელია, გურიიდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან აქ ყოველ ზაფხულს მოჰყავთ პატარები.

საკურორტო სეზონი სხვა კურორტებთან შედარებით აქ ხანმოკლეა - ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ზამთარი ზომიერად რბილი, ზაფხული ზომიერად გრილი, თოვლის საფარი კი საშუალოდ 5 მეტრს აჭარბებს.

"ადგილი, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის"

ბახმაროს ჰავის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად აქ, ზაფხულის საძოვრებზე ამოსულ მწყემსებს XIX საუკუნის 80-იან წლებში აღმოუჩენიათ - ტუბერკულოზით დაავადებული ერთი მწყემსი აქაურ ჰაერს გამოუჯანმრთელებია. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ 1893 წელს ოზურგეთის მაზრის ექიმ არტემ დავიდიანცს ციებითა და ჭლექით დაავადებული რამდენიმე ავადმყოფი ბახმაროში გაუგზავნია სამკურნალოდ. უმრავლესობა ჯანმრთელი დაბრუნებულა ბარში. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი თავად ექიმი, რომელიც ასევე ჭლექით იყო დაავადებული, ბახმაროზე წასულა სამკურნალოდ. 1900 წელს ყალიბდება "ბახმაროს მომხმარებელთა საზოგადოება "ჯანმრთელობა", რომელიც აგარაკის მართვა-კეთილმოწყობაზე იღებს პასუხისმგებლობას. დაიწყო გზების გაჭრა და დასახლებული პუნქტების გაშენება. 1923 წელს კი ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. იმ ადგილას, სადაც მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ზღვის და მთის ჰაერის ნაკადთა შერწყმა ხდება, პირველი სანატორიუმი აშენდა. 80-იან წლებში გაიჭრა პირველი საავტომობილო გზა. მედიკოსების თქმით, ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი უნიკალური ჰავა განსაკუთრებით სასარგებლოდ მოქმედებს სასუნთქი გზებით, სისხლნაკლებობით, ნევრასთენიითა და ლიმფებით დაავადებულებზე.

თორნიკე ყაჯრიშვილი