ეს მდგომარეობა "შესანიშნავია" ხალხის, მასის სამართავად - კვირის პალიტრა

ეს მდგომარეობა "შესანიშნავია" ხალხის, მასის სამართავად

"მეგონა, ხელისუფლება და მისი პოლიტიკურ-პროპაგანდისტული მანქანა ამ ხნის მანძილზე საზოგადოების მოქმედებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანდნენ, მაგრამ შევცდი"

"იმედის" გადაცემით, მათ ხელახლა დაიწყეს სამოქალაქო ომის ენით ლაპარაკი და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას ერთმანეთის საპირისპიროდ"

"ამის დამკვეთი გიჟია!"

13 მარტის საღამოს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული "ქრონიკის" სპეციალური, იმიტირებული გამოშვება საზოგადოებამ თითქმის ერთსულოვნად შეაფასა სატელევიზიო შიზოფრენიად. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკური სიმპტომების მიხედვით, მომხდარი უფრო წინასწარ გამიზნული ბოროტება იყო, ვიდრე სამედიცინო შემთხვევა. თუმცა, ფსიქოლოგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული გადაცემის დამკვეთი არანორმალურია.

KvirisPalitra.Geმისივე თქმით, შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს მოსალოდნელი შედეგები ვერ გაეთვალა და არ სცოდნოდა, რა დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ თუნდაც უბრალოდ ბოროტ ხუმრობას. ამ იარაღის გამანადგურებელი დარტყმის ძალა მსოფლიომ გასული საუკუნის 30-იან წლებში იგრძნო.

 

 

1938 წლის შემოდგომის ერთ საღამოს, ამერიკელები საკუთარ სახლებში მშვიდად ისვენებდნენ და ნიუ-იორკის რადიოს მუსიკალურ გადაცემას უსმენდნენ. სასიამოვნო ჰანგები უცებ შეწყდა პანიკური რადიოინსცენირებით, თუმცა, მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს "ჰელოუინის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი ბოროტი ხუმრობა იყო და სხვა არაფერი. რადიოეთერში ჰერბერტ უელსის რომანის "სამყაროთა ომის" ინსცენირებისას მსახიობები ტრაგიკული ხმით ყვიროდნენ, რომ დედამიწას მარსიანელები დაეპატრონენ და ხალხს ხოცავდნენ.

საზოგადოება სრულმა პანიკამ მოიცვა, ადამიანთა გონებამ ვერ გათვალა, რომ დამაჯერებელი ხმები რადიოდან "ჰელოუინის" დღესასწაულს ეძღვნებოდა და საერთო არაფერი ჰქონდა სინამდვილესთან. ხალხი გარბოდა, ხტებოდნენ ფანჯრებიდან, ჭყლეტდნენ ერთმანეთს. ისტერია მნიშვნელოვანი მსხვერპლით დასრულდა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, პენტაგონისგან მარსიანელების ჰაერშივე შეჩერება მოითხოვეს... შიშისგან ჰალუცინაციამოგვრილი მოქალაქეები ჰყვებოდნენ იმის შესახებ, რომ მათ ყოველივე საკუთარი თვალით ნახეს(!).ბოლოს, როდესაც ყველაფერი გაირკვა, ნიუ-იორკის რადიოს მიუცვივდნენ, დაარბიეს და მისი პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. ამ მოვლენაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ცხადი გახდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძალა და ისიც, თუ როგორ შეიძლება იგი გამოიყენო.

ეს ამბავი მოთხრობილია ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში; ისწავლება უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტზე (რა თქმა უნდა, თავის დროზე მომავალ ჟურნალისტებსაც უნდა ესწავლათ!)... და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ნიუ-იორკის ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს. წარმოუდგენელია, ეს არ სცოდნოდა "იმედის" დამანგრეველი შინაარსის იმიტირებული "ქრონიკის" იდეის ავტორსა და შემსრულებელს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, სასიკვდილო ექსპერიმენტი განხორციელდა, როგორც სანქცირებული სიგიჟე.

მარინა ბალიაშვილი: - ეს არ იყო სპონტანური სიგიჟე, ეს იყო წინასწარ, კარგად გამიზნული ბოროტი ჩანაფიქრი, რომელსაც ფსიქოფატიური მოვლენები უნდა გამოეწვია. ეს მდგომარეობა "შესანიშნავია" ხალხის, მასის სამართავად. ადამიანს ყველაზე მეტად აშინებს გაურკვეველი სიტუაცია, ვიდრე უკვე მომხდარი ცუდი ფაქტი. ისტერიული გადაცემიდან კი სწორედ ისეთი პანიკა შეიქმნა, ვერავინ გაარკვევდა, რა ხდებოდა. ამგვარ მდგომარეობაში მასის ჩაყენებას კატასტროფული შედეგის მოტანა შეუძლია.

ადამიანისთვის ნორმალური მდგომარეობაა, როდესაც საკუთარი ცხოვრების სადავეები ხელში უჭირავს, მაგრამ როგორც კი ეს განცდა უქრება, ემართება ნევროზი, შფოთვა და ცუდად ხდება. ამიტომაც ხალხს მომენტალურად ჩააგდებს შოკში ელვისებურად იმის შეტყობინება, რომ ქვეყანას მტერი დაესხა თავს და სადაცაა მომხდური კარს მიადგება. ასეთ დროს ხალხი უმწეო ხდება, კონტროლს ჰკარგავს, მით უფრო იოლია ასეთი შოკის გამოწვევა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომისგან ორი წელიც არ გასულა.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ როდესაც აკეთებ ასეთ პროექტს, წინასწარ უნდა გათვალო, რას გამოიწვევს მსგავსი გადაცემა, თანაც "ქრონიკის" სახელით და თან პირდაპირ ეთერში... ასეთ შედეგს არ მივიღებდით, ეს გადაცემა რომ ყოფილიყო ისეთ დროს, როდესაც ნაკლები ხალხი უყურებს ტელევიზორს და თანაც ამბები დიალოგში მონაწილეებს მოეყოლათ ერთმანეთისთვის, ან სულაც "ქრონიკას" ჰქონოდა გამაფრთხილებელი წარწერა, - "ეს ტყუილია". როდესაც შენ "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასავით" იუწყები, რომ თავს დაგვატდა მოულოდნელი საშინელება, ეს არის კარგად გამიზნული ბოროტება. ტყუილია, რომ დაავიწყდათ მუდმივი გამაფრთხილებელი ტიტრის გაშვება.

ეს რომ გაეკეთებინათ, მაშინ ასეთი ეფექტი არ იქნებოდა. გადაცემის იდეის ავტორებს კი ჩემი აზრით, სწორედ ამ ეფექტის გამოცდა და ხალხის დაშინება სურდათ. დაამტკიცეს, რომ არიან შულერები და თაღლითები, რომლებიც არ ცნობენ ეთიკის ფარგლებს და არ მალავენ საზოგადოებისადმი ცინიზმსა და აგდებას. მეტი ახსნა მომხდარს არ მოეძებნება. როდესაც ხალხი გრძნობს, რომ შენ გეზიზღება, თვითონაც ვერასოდეს შეგიყვარებს.

მიუხედავად იმისა, რომ "იმედის" გენერალურმა დირექტორმა, ყოფილმა პოლიტიკოსმა, სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ტელეკომპანია "იმედის" არაეთიკური კუთხით "მოდერნიზაციის "ავტორმა და სულისჩამდგმელმა გიორგი არველაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, ხალხს მიაჩნია, რომ ეს არ არის საქმე, რომელსაც ბოდიში შველის.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: - ტელეკომპანია "იმედმა" დაარღვია ყოველგვარი ეთიკური სტანდარტი და კანონი, რაც აღიარა კიდეც მაუწყებლობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. ამიტომაც ტელეკომპანია უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, ლიცენზიის ჩამორთმევის ჩათვლით.

ამასთან, მარეგულირებელმა კომისიამ საზოგადოებას უნდა ამცნოს არა მხოლოდ "იმედის" მენეჯერთა ვინაობა, არამედ ისიც, თუ ვინ არიან მისი რეალური მფლობელები. არ შეიძლება ყურადღების გამახვილება მხოლოდ არხის დირექტორის გიორგი არველაძის, მისი მოადგილის ეკა წამალაშვილის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მათე კირვალიძის ან გადაცემის წამყვან ნათია კობერიძის დასჯის აუცილებლობაზე.

ხალხმა უნდა გაიგოს, ვინ ფლობს და აკონტროლებს ამ ტელეკომპანიას, ვინ არის "იმედის" რეალური მფლობელი დღეს, როგორია მათი წილობრივი მდგომარეობა, საიდან ფინანსდება ტელეკომპანია. რეალურად უნდა დამტკიცდეს, რომ ეს არის სატელევიზიო არხი, რომელიც აშუქებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, რასაც ვიღაც ან რომელიმე ჯგუფი აფინანასებს.

ეს ყველაფერი უნდა გახდეს გამჭვირვალე და არ შეიძლება ჯოხი გადატყდეს მხოლოდ ამ უნიჭო სპექტაკლის დამდგმელებზე, მენეჯერებსა და პროდიუსერებზე, ჟურნალისტებზე, რომელთაც ამ გადაცემით თავიანთ პროფესიულ საქმიანობას გამოუტანეს განაჩენი. ეს იყო ბევრად უარესი პროდუქცია, ვიდრე ფილმი "ნოემბრიდან ნოემბრამდე", რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გავიდა. იმ ფილმს არ მიუყენებია ისეთი ზიანი მაყურებლისთვის, როგორიც გუშინდელმა "ქრონიკამ" გამოიწვია.

რისი თქმა სურდათ ამ გადაცემით? რეალურად არის  საფრთხე, რომ ხელისუფლებამ წააგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები? წააგებს და წააგოს, ხალხი რატომ უნდა ჩავარდეს ისტერიაში? საზოგადოებამ ამას უნდა შეხედოს რეალურად და მიხვდეს, რომ არ არის ტრაგედია არჩევნებში თუნდაც ისეთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელიც ყველაზე მეტად მიუღებელია ხელისუფლებისთვის. ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის არის წინასწარი მაჩვენებელი იმისა, თუ რა პოზიციები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომაც, თუ ადგილობრივ არჩევნებს წააგებს, თვითონ უნდა დაფიქრდეს მიზეზებზე და არ უნდა შეეცადოს ხალხის დაშანტაჟებას, თანაც ისეთი გადაცემებით, რომელიც საგარეო პოლიტიკის კუთხითაც დიდ რისკს შეიცავს.

ვგულისხმობ თუნდაც ბრალდებას სომხეთზე, რომ რუსულ სამხედრო შენაერთებს გზა გაუხსნა. გადაცემაში უკონტექსტოდ აშშ-ის პრეზიდენტის ჩართვას და ა.შ.

- გამოდის, ყველანაირი ლოგიკით ასეთი გადაცემა მავნებელია ქართული სახელმწიფოსთვის. მაშინ რა ინტერესი ჰქონდა დამკვეთს?

- დამკვეთს სურს საზოგადოება ამყოფოს მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში, რათა იოლად დაარწმუნოს, რომ თუ თქვენ აირჩევთ მას, ვინც არ მოსწონს სააკაშვილს, უგულავას და სხვა ნაციონალ პოლიტიკოსებს, გააკეთებთ ანტიქართულ არჩევანს, ეს კი სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. "რეპორტაჟში" ხომ სწორედ ეს არის ნათქვამი, რომ თუ სხვა პარტია გაიმარჯვებს, ეს იქნება სამოქალაქო ომის დაწყების საბაბი. შემოთავაზებული სცენარი აგებულია სწორედ სამოქალაქო ომის სპეციფიკაზე: როგორ გაისროლეს ქაშვეთთან, როგორ დაიღუპა ხალხი, როგორ მოკლეს პრეზიდენტი, როგორ შემოვიდნენ ჯარები...

ამგვარი პოზიცია ძალზე საშიშია, რადგან ხელისუფლება კვლავ სამოქალაქო ომის რიტორიკით საუბრობს, ისე როგორც ეს ხდებოდა 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, 2009 წლის აპრილ-მაისის მოვლენების დროს. მეგონა, ხელისუფლება და მისი პოლიტიკურ-პროპაგანდისტული მანქანა ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების მოქმედებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანდნენ, მაგრამ შევცდი.

"იმედის" გადაცემით, მათ ხელახლა დაიწყეს სამოქალაქო ომის ენით ლაპარაკი და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას ერთმანეთის საპირისპიროდ. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, პოლიტიკურმა ძალამ, ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ რეალური დემოკრატიული გარემოს შექმნა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსია და თუ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, სამოქალაქო ომში ჩაითრიოს საზოგადოება, ეს არის იმის პირდაპირი ნიშანი, რომ იგი ასრულებს რუსეთის დავალებას.

რადგან დღეს თუ ვინმეს უნდა ქართული სახელმწიფოს კრახი სამოქალაქო ომით, ეს არის რუსეთი და იგი ამ ინტერესს არც მალავს. თუ "რუსთავი 2", "იმედი," "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და გუშინ გამოჩეკილი სხვა ტელეკომპანიები, რომლებიც გაურკვეველი ფინანსებით არსებობენ,  ხელს შეუწყობენ სამოქალაქო დაპირისპირებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ სახელმწიფოს ხელისუფლება უსვამს წერტილს.

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ რეპორტაჟის შემდეგ გამართული ტელედებატების დროს დარბაზში მსხდომთაგან თითქმის არავის გასჩენია მძაფრი პროტესტის გამოხატვის პრეტენზია?

- ყველაფერს დაძაბული ვუსმენდი, რადგან დარბაზში იჯდა ბევრი ჩემთვის პატივცემული ადამიანი, ჩემი მეგობრები და შეწუხებული ვიყავი მათ გამო. შესაძლოა იქ მყოფთაგან ზოგმა ეს ტყუილი შეიფერა და მოირგო, მაგრამ დავინახე, პროტესტი გამოთქვა ლაშა ტუღუშმა. რთული შესაფასებელია შიგნით მყოფისთვის რეალური სიტუაცია. რადგან პრაქტიკულად იმყოფები ვაკუუმში და არ იცი რა ხდება გარეთ. არ იცი, რომ ეს საშინელი მოდერნიზებული გადაცემა მაყურებელს პრაქტიკულად ნამდვილივით მიაწოდეს. იქ იჯდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სცენარს არა მხოლოდ ეთანხმება, არამედ ჩემი აზრით, თვითონ იგონებს.

ეს ეჭვი მათი საუბრიდან გამიჩნდა. "ქრონიკისგან" განსხვავებული რამ თქვა თუნდაც ალექსანდრე რონდელმა? მან სწორედ ისე დასახა პროგნოზები, როგორც გადაცემაში იყო წარმოდგენილი და გამიჩნდა ეჭვი, რომ ამ გადაცემის ერთ-ერთი ავტორი ისიც ხომ არ არის? მგონი დროა, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რა გვინდა და რატომ.

გვინდა ქვეყანა წავიყვანოთ სამოქალაქო ომისკენ? რატომ გვინდა, რომ ქვეყანამ გადაუხვიოს დემოკრატიული განვითარების გზას?

14 მარტს სასტუმრო "ივერიასთან" შეკრებილმა საზოგადოებამ დაგმო "იმედის" მოდერნიზებული "ქრონიკა".

საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა "იმედის" სპეციალური გადაცემის შესახებ კომენტარით თავისი თავი გასცა.

ციტატა: "ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული.

ჩვენთვის მართლა ცუდი ფილმის ჩვენება 2008 წლის ზაფხულში დაიწყეს. გადაწყვიტეს,  ეჩვენებინათ, როგორ ინგრევა საქართველო და ეგონათ, ქართველი ხალხი აღმოჩნდებოდა მორჩილი მაყურებლის როლში და მშვიდად მიიღებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ასე არ გამოვიდა და ქართველმა ხალხმა მათ ამ ფილმის ჩვენება შეაწყვეტინა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "ივერიის" წინ შეკრებილმა საზოგადოებამ კი პრეზიდენტს შეახსენა, რომ ისინი არ აპირებენ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ნგრევა და მათი ქმედების ამსახველი დოკუმენტური სერიალის გადაღება დაასრულებინონ.

"იმედის" "ქრონიკა" დაგმო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც და ხელისუფლებას მიმართა ამ მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოს. - ''არ შეიძლება უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს  გადასცემდეს'', - ბრძანა უწმინდესმა სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

ილია მეორის განცხადებით, ამ გადაცემით შეურაცხყოფილია საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი და ქართული ჯარი, რადგან სიუჟეტში ასახულია, თუ როგორ გადადის ჯარის ნაწილი მტრის ბანაკში. ''ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ'',  - ბრძანა უწმინდესმა და სიმშვიდისკენ მოუწოდა საზოგადოებას, რომელმაც 13 მარტს თავიდან განიცადა 2008 წლის აგვისტოს ომის საშინელება.