"ეს არაფრით გვეპატიება!"
14-03-2016
"ეს არაფრით გვეპატიება!"
"ჩაიკოვსკის თბილისში დასახლება სურდა და სამარცხვინოა, ასე რომ ვექცევით მის სახელს"

დღეს ასე გამოიყურება სახლი, სადაც დიდი კომპოზიტორი თბილისში სტუმრობისას ჩერდებოდა


ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო განთავსდა წარწერით: "ამ სახლში­ ცხოვრობდა პეტრე ჩაიკოვსკი"... ვინაიდან სახლი სამარცხვინოდ გამოიყურება, ფოტოს უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა: "ეს რომ ენახა, გადაბრუნდებოდა საფლავში", "რა გახდა ერთი სახლის რესტავ­რაცია", "ვაიმე, როგორ კედელზე კიდია დიდი კომპოზიტორი", "სირცხვილი და თავის მოჭრა, რა უნდა ვიფიქროთ იმის გარდა, რომ მავანნი დანგრევას
ელოდებიან და ხელებს იფშვნეტენ, რომ მერე ამ ისტორიულ ნანგრევებზე მორიგი უმსგავსობა წამოჭიმონ!"

ამ საკითხზე სასაუბროდ მუსიკისმც­ო­დნე გულბათ ტორაძეს დავუკავში­რდით. მან ერთ-ერთმა პირველმა მიუძღვნა­ წიგნი ჩაიკოვსკის საქართველოსთან კავშირს.

- ვუერთდები ამ ხალხის აღშფოთებას. ეს სახლი ჩაიკოვსკის სახელობის ქუჩაზე დგას. აქ ჩერდებოდა დიდი კომპოზიტორი თავის ძმასთან ერთად.
ახლა კი თითქმის განადგურებულია, მხოლოდ აბრა კიდია, რომელიც გვამცნობს: "აქ 1890 წელს ჩაიკოვსკი ცხოვრობდა". ხუთი წლის მანძილზე ხუთჯერ იყო საქართველოში და საამაყოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორს საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი ბუნება ძალიან უყვარდა. მას თბილისში დასახლება სურდა და სამარცხვინოა, ასე რომ ვექცევით მის სახელს. ქართული კულტურა მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო - ჩვენი­ "იავნანა" ხომ "მაკნატუნაში"­ გამოიყენა... მისი ბიოგრაფი და უმცროსი ძმა მოდესტ ჩაიკოვსკი წერს: "თბილისი იყო პირველი ქალაქი,­ სადაც ჩაიკოვსკის დიდებულად შეხვდნენ."

აქ დააფასეს პირველად მისი შემოქმედება. კომპოზიტორის საქართველოში ჩამოსვლამდე მისი ოპერა "ევგენი ონეგინი" დაიდგა თბილისში, შემდეგ პეტერბურგში (პირველად მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში დაიდგა­). ჩაიკოვსკი წერდა: "ვერ წარმომედგინა,­ თუ თბილისში ასე კარგად იცნობდნენ ჩემს მუსიკას, აქ ჩემს ნაწარმოებებს უფრო ხშირად ასრულებენ, ვიდრე სხვა, ნებისმიერ ქვეყანაში".

ჩაიკოვსკი თბილისში დარიალის ხეო­ბით­ მოდიოდა და საოცარი სიყვარულით აღწ­ერს იქაურობას: "ეს გზა საოცრებაა, დიდებული და არნახული ბუნება ისეთი თვალწარმტაცია, ტირილი მოგინდება აღტაცებისგან... რა შესანიშნავი ქვეყანაა, ნეტავ უფრო ახალგაზრდა ვიყო, სამუდამოდ აქ დავსახლდებოდი... თბილისში გატარებული ერთი თვე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ნათელი დროა. დავათვალიერე ქალაქი, ვნახე სიონი და მთაწმინდა, ყველგან ვიყავი და მგონი, უკეთესად შევისწავლე თბილისი, ვიდრე თბილისელებმა იციან. ისე, უსათუოდ უნდა ვთქვა, რომ აქ ყველაზე შესანიშნავი ხალხია"...

- ჩაიკოვსკის ყოველ ჩამოსვლას საქართველოში გაზეთი "ივერია" ამცნობდა მკითხველს...
- დიახ! ილია ჭავჭავაძე თავის მეგობ­ართან, კოტე აფხაზთან ერთად, პეტერბურგში პეტრე ჩაიკოვსკის მამას ილია ჩაიკოვსკის სტუმრობდა. მისი ქალიშვილი ალექსანდრა გატაცებული იყო ილიათი...

ჩაიკოვსკის ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა საქართველოში... რამაზ ჩხიკვაძის ბაბუა, ზაქარია ჩხიკვაძე, ცნობილი ფოლკლორისტი გახლდათ და ჩაიკოვსკიმ სთხოვა,­ ქართული მუსიკალური ფოლკლორი გამაცანიო. ზაქარიამ თავისი ხელნაწერი ქართული სიმღერების კრებული გადასცა. მოგონებებში ზაქარია ჩხიკვაძე წერს, თუ რამხელა ინტერესით ეკიდებოდა დიდი კომპოზიტორი ქართული ფოლკლორის შესწავლას. საქართველო განსაკუთრებული იყო მისთვის, რასაც ისიც მოწმობს, რომ რუსეთის მეფეს თხოვნის წერილი გაუგზავნა, თბილისში ოპერის მშენებლობა დაეჩქარებინა... ბორჯომში ერთი თვე ისვენებდა და აღტაცებული იყო ბუნებით. რამდენიმე დღე იყო ბათუმში და შემდეგ ზღვით გაემგზავრა ევროპაში. ჩაიკოვსკის საქართველოში ყოფნა მხატ­ვრობაშიც აისახა: ცნობილი ნახატია - ქართველი დედა ნანას უმღერის ჩვილს, გარეთ დგას ჩაიკოვსკი და უსმენს...

ამ ისტორიული სახლის ასე მიტოვება­ არ გვეპატიება! გადავხედოთ, რამდ­ენი ქართველია ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი: ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, ზურაბ სოტკილავა, პაატა ბურჭულაძე... ზურაბ ანჯაფარიძე გერმანის პარტიის საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. არსებობს ფილმი - "პიკის ქალი", სადაც ზურაბ ანჯაფარიძე მღერის.

მანანა გაბრიჭიძე
მართალა
18 მარტი 2016 15:06
სამწუხაროა ეს ყველაფერი!
ვინმეს ან რამის დაფასება ჩვენ მხოლოდ სუფრაზე ჯდომის დროს ვიცით ჭიქით ხელშიჰ მეორე დღეს ეს ყველაფერი ე. წ “პახმელიასთან“ ერთად გამოდის ჩვენი თავებიდან!
სწორედა ეს არის ჩვენი, ქართველობის დღევანდელი კულტურული დონის პირდაპირი მაჩვენებელი!!!

რედაქტორის რჩევით