"ჩვენი კულტურა ზეზვასა და მზიამდეა დასული" - კვირის პალიტრა

"ჩვენი კულტურა ზეზვასა და მზიამდეა დასული"

მოდილიანიმ თავადის ქალი ალექსანდრა დადიანი დახატა... შედეგ ეს ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე 26 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ეს დაახლოებით 76 მილიონი ლარია...

"პალეონტოლოგიური მუზეუმები უნდა არსებობდეს, მაგრამ ეროვნული მუზეუმი მხოლოდ ზეზვასა და მზიაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, ცოტა უფრო მაღალი ღირებულებებიც არსებობს! ეროვნულ მუზეუმს რომ ჰქონდეს, მაგალითად, მოდილიანის ალექსანდრა დადიანის პორტრეტი, ეს ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა!" - ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი, არტკრიტიკოსი დავით ანდრიაძე ქართულ მუზეუმებში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრა:

- მოდილიანიმ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი მიიწვია თავის სახელოსნოში, სადაც თავადის ქალი ალექსანდრა დახატა (ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერდა). შემდეგ ეს ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე 26 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ეს დაახლოებით 76 მილიონი ლარია... თუმცა ამ ნახატის არსებობა ქართულ მუზეუმებში ცოტამ თუ იცის, ან არც აინტერესებთ... ზოგჯერ სულ უმნიშვნელო რამეზე ავტეხთ ხოლმე ერთ ამბავს და რაც ღირებულია, ის არც გვანაღვლებს. ეს ნახატი ისტორიული მნიშვნელობისაა, თუმცა მხოლოდ კერძო პირი თუ შეიძენს... ბიძინა ივანიშვილმა შარშან შეიძინა და მუზეუმს გადასცა ფიროსმანის ნახატი, მაგრამ ყველაფრის შეძენას მას ხომ ვერ მოვთხოვთ?! თითქმის წარმოუდგენელია, ჩვენთან ეს ნახატი მოხვდეს, რადგან ქვეყანას ახლა ამისთვის არ სცალია. კულტურის სამინისტროს არათუ მოდილიანის, მგონი, ათასლარიანი ნამუშევრების შეძენაც არ შეუძლია.

ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია ხელოვნების მუზეუმიც და ის მხოლოდ დმანისში აღმოჩენილი ყბებით არის დაინტერესებული.

ხელოვნების მუზეუმს აქვს მილიონებად შეფასებული ნახატები, მაგრამ ეს თითქმის არავინ იცის, რადგან არ არის გამოფენილი - ხელოვნების მუზეუმი 6 წელზე მეტია დაკეტილია და იქ ვირთხები დარბიან...

მხოლოდ ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი ფიროსმანი, კაკაბაძე და გუდიაშვილი... ფიროსმანს მუზეუმი ვერა და ვერ გავუკეთეთ. რაც თავი მახსოვს, გაიძახიან, ამ საქმეს უნდა მივხედოთო და დღემდე მიგდებულია!

საქართველო თავს კულტურით უნდა იწონებდეს, აბა, კოსმოსური ხომალდი ჩვენ არა გვაქვს! დღეს ჩვენი კულტურა სანაპიროზე მრავლად ჩამორიგებული ნაირ-ნაირი რესტორნებია! სულ ქართული სამზარეულოს გარშემო ვტრიალებთ და ტელევიზორშიც მხოლოდ ჭამა-სმაზეა 24-საათიანი გადაცემები...

დიდი მადლობა ბატონ გიორგი კალანდიას - ერთადერთი ხელოვნების სასახლეა, სადაც მისვლა გიხარია, იქ ყველაფერი გამართულია! დანარჩენი მუზეუმები, ფაქტობრივად, უფუნქციოა. არადა, იქ უამრავი ხალხია დასაქმებული, ათას რამეს იგონებენ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე რჩება. მუზეუმები პროფესიონალებმა უნდა ჩაიბარონ, ისეთებმა, ჭკუა რომ მოეკითხებათ! უმძიმესი მდგომარეობაა სახლ-მუზეუმებშიც, უმრავლესობა ინგრევა. აბა, ჩადით რუსეთში და ნახეთ, როგორი მუზეუმები აქვთ, ევროპაზე ხომ აღარაფერს ვამბობ...

ჩვენთან მუზეუმები პანთეონებივით არის, წელიწადში ერთხელ თუ მივა ვინმე, ყვავილებს დააწყობს და სანთელს აანთებს. უმდაბლესია საგანმანათლებლო დონე. უნივერსიტეტში ხელოვნების სოციოლოგიას ვკითხულობ და სასოწარკვეთილი ვარ. სტუდენტებს ფიროსმანის გარდა, სხვა ქართველი მხატვრები არც კი გაუგიათ. დავით კაკაბაძე რეჟისორი ჰგონიათ, ლადო გუდიაშვილი - საოპერო მომღერალი... მუზეუმში ნამყოფიც კი არ არიან.

ამ დროს სკოლაში ისწავლება საგანი ხელოვნება, შედეგი კი სავალალოა!.. ასეთებს გინდ მოდილიანის "ალექსანდრა დადიანი" გამოუკიდე და გინდ რემბრანდტი, მაინც არ მივლენ სანახავად!

თავადის ქალი მალავდა, რომ მხატვარს გაუშიშვლდა

"ალექსანდრა დადიანის პორტრეტი აქამდე იმიტომ არ იყო ცნობილი, რომ ეს არის ნიუ (სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც შიშველ სხეულს გამოსახავს), სადაც მხატვარმა მოდელად ალექსანდრა დადიანი გამოიყენა. ეტყობა, ქართველ ქალს, მით უფრო იმჟამინდელ საქართველოში, არ სურდა გაემჟღავნებინა, რომ მხატვარს, თუნდაც დიდ შემოქმედად აღიარებულს, გაუშიშვლდა. ამასთან, ანა ახმატოვაც მალავდა მოდილიანისთან ურთიერთობას... მიუხედავად იმისა, რომ 60-იან წლებში მოდილიანი საბჭოთა კავშირში უკვე ძალიან პოპულარული იყო, მხოლოდ ახმატოვას გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი მათი რომანის შესახებ, რაც აისახა კიდეც რუსი კრიტიკოსის წიგნში "ანა და ამადეო".

"კვირის პალიტრის" არქივიდან, 2014 წ.

იხილეთ სტატია: ქართველი ქალი, რომელიც ამადეო მოდილიანიმ დახატა... "ალექსანდრა დადიანი" სოთბის აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა

მოამზადა მანანა გაბრიჭიძემ