"არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ დარჩებიან საქართველოში?" ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ დარჩებიან საქართველოში?" ბლიცინტერვიუ

"მეშვიდე კლასში მუსიკას თავი დავანებე, სვანეთის უბანში გავიზარდე და "მუზიკანტი" არავინ დამიძახოს-მეთქი"

"პოლიტიკა რყვნის ადამიანებს, სამწუხაროდ, ტესტი ძალაუფლებისა ჩემი მეგობრების 95%-მა ვერ ჩააბარა"

ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი:

ბავშვობის მოგონება...

- მესამე კლასში ვიყავი, სკოლაში ბავშვების რიგს მოვკარი თვალი, თურმე მუსიკალურ წრეში ყოფილა მიღება, ასე მოულოდნელად ავდექი და გადავწყვიტე, მეც დავმდგარიყავი რიგში, გაგიკვირდებათ და, მიმიღეს. მივედი სახლში და დედას განვუცხადე, დედა, მუსიკალურ წრეში შევედი-მეთქი... მეშვიდე კლასში კი თავი დავანებე, სვანეთის უბანში გავიზარდე და "მუზიკანტი" არავინ დამიძახოს-მეთქი, განიცდიდა დედაჩემი, მაგრამ არავის ნათქვამმა აღარ გაჭრა.

პირველი სიმღერა...

- "სიყვარულის სანთლები"... უცნაური ისტორია აქვს ამ სიმღერას, ძალიან ცნობილი იყო, უამრავი ადამიანი მღეროდა და ტექსტის ავტორი არ ვიცოდით, ვინ იყო. ბევრი ამტკიცებდა, ჩვენ დავწერეთო, ბოლოს, როგორც იქნა, ნამდვილ ავტორს მივაგენით. მე და მედეა ძიძიგურმა შევასრულეთ შემდეგ ერთად.

როცა მაქებენ...

- ქება ვის არ უყვარს? ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ გითხრათ, მგონია, როდესაც მაქებენ, ჩემგან უკეთესს მოელიან, უფრო მეტს ითხოვენ და მეც უფრო მეტი ძალა მეძლევა, რომ ყველაფერი უკეთ გავაკეთო.

სცენაზე გასვლისას...

- ჩემთვის სულაც არა აქვს მნიშვნელობა, ფილარმონიაში გავდივარ, სპორტის სასახლეში თუ სადმე სოფლის მუსიკალურ ცენტრში, აბსოლუტურად ერთნაირად ვღელავ, რადგან მე ჩემს მაყურებელს უნდა შევხვდე, რომელიც ჩემგან ბევრს მოელის.

რამ შეიძლება გამაბრაზოს...

- უმადურობამ, უპასუხისმგებლობამ, არაპროფესიონალიზმმა.

მუზა მოდის...

- მუზა სულაც არ უყურებს დროს, არც იმას, შენ როგორ განწყობაზე ხარ. ახლა გადაწყვიტა მოსვლა და მორჩა, ან უნდა მიიღო, გადადო შენი სხვა ფიქრები, განწყობა და მუზას დაემორჩილო, ან შეიძლება წამებში გაფრინდეს და გვიან იყოს.

ადვილად პატიობთ ადამიანებს?

- არის შემთხვევები, როცა პატიება არ შეიძლება, შესაძლოა, ეცადო, რაღაც დათმო, მაგრამ ვერ აპატიო... ან აპატიო, მაგრამ ის გრძნობა, ძველებური ურთიერთობა აღარ იყოს.

საქართველოს გარდა, ვიცხოვრებდი...

- ჩემი ძმები და მამა ამერიკაში ცხოვრობდნენ... ძალიან მძიმედ განვიცდიდი, რომ ვერ ვნახულობდი, დრო კი გადიოდა. მამაჩემი ჩემი ფოტოსურათით ხელში გარდაიცვალა და ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა, რომ ჩავიდოდი, არც ის ვიცი, სწორი გავაკეთე თუ არა, ალბათ, არც ისინი უნდა დამეჩაგრა ასე, მაგრამ ვერ მოვწყდი აქაურობას.

ვნანობ...

- ხანდახან ვფიქრობ, იქნებ თავის დროზე უნდა წავსულიყავი, მეცხოვრა ამერიკაში, ისრაელში... ვერ გეტყვით, რომ არწასვლას ვნანობ, მაგრამ უბრალოდ ვფიქრობ, იმ ქვეყნებში ხომ უფრო მეტად აფასებენ ნიჭიერებას, შემოქმედ ადამიანებს...

სახლი ჩემთვის არის...

- სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, სადაც მუდმივად სითბო ტრიალებს. ახლაც ჩემთან არიან სტუმრად შვილიშვილები და ამაზე უკეთესი რა შეიძლება ინატროს ადამიანმა. სახლი ჩემი ციხესიმაგრეა.

სურვილები მომავალ თაობას...

- არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ დარჩებიან საქართველოში? რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა წასული, რამდენს აღარ უნდა დაბრუნება, იქ ისწავლა, საქმე აიწყო, მუშაობს, ფული აქვს და რა ქნას? უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ ჩამოვიდეს აქ და იმუშაოს 400 ლარზე, ძნელია. ჩვენ არა გვაქვს პროგრამა, რით შევაკავოთ და რით დავაფასოთ აქ ჩვენი ნიჭიერება. ვურჩევ მათ, ვინც განაგებს ამ ქვეყანას, რომ ახალგაზრდებს მიხედონ, მისცენ საშუალება, საზღვრებს გარეთ მხოლოდ საკურორტოდ იყურებოდნენ და საქართველო უყვარდეთ.

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:

თავისუფლება ჩემთვის არის...

- თავისუფლება არის საკუთარი გზის საკუთარი ნებით არჩევა, შენი ნება იმ მორალური კოდექსის ბაზაზე, რომელიც გიყალიბდება დაახლოებით თინეიჯერობის ასაკში. სრული თავისუფლება, რა თქმა უნდა, არ არსებობს, და არც უნდა არსებობდეს, მაგრამ როდესაც გაქვს შესაძლებლობა, მართო საკუთარი გზა, ცხოვრება, ქცევა, ეს თავისუფლებააა...

როცა მატყუებენ...

- მე უკვე იმდენი წლის ვარ, ამას კარგად ვარ შეგუებული და, ძირითადად, მეღიმება, უბრალოდ, უკვე იმდენი ტყუილი მაქვს გამოვლილი, ამაზე რეაქცია აღარ მაქვს, თუმცა დრო იყო, ძალიან ემოციურად ვრეაგირებდი და კატეგორიულიც ვიყავი, თუმცა წლებთან ერთად ყველაფერი შეიცვალა და ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებამ.

რამ შეიძლება გამაბრაზოს?

- შეიძლება გამაბრაზოს მლიქვნელობამ, როდესაც რაღაცას გეუბნებიან და ადვილად ხვდები, რომ რაღაც სხვა მიზნები აქვთ... ეს ძალიან მაბრაზებს ხოლმე, თუმცა ამ გაბრაზებასაც მაინცდამაინც არ გამოვხატავ, ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში.

შეცდომას ვაღიარებ, როცა...

- არ მიჭირს არც ბოდიშის მოხდა, არც შეცდომის აღიარება და ხშირადაც გამიკეთებია ეს. ვცდილობ ნაკლებად დავუშვა შეცდომები, მაგრამ როდესაც დამიშვია, შემდეგ ჩნდება განცდები, შინაგანი განცდა, რომელიც გიბიძგებს შეცდომის მონანიებისკენ და შემდეგ აღიარებისკენ.

გადაწყვეტილების მიღებისას...

- ჩემი ცხოვრების პრინციპია, რომ გადაწყვეტილებას ან იღებ სწრაფად, ან საერთოდ ვერ იღებ. მე ასე მგონია, ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილებები, ძირითადად, სწრაფად მიღებული ყოფილა. მგონია, რაც მეტს ფიქრობ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, უფრო მეტი პრობლემა, გარემოება ჩნდება და ეს პროცესი იმდენად ჭიანურდება, რომ ბოლოს საერთოდ აღარ გსურს არაფერი.

მიზნის მისაღწევად...

- პრაგმატული მიზნები, შეიძლება გაგიკვირდეთ და, არასოდეს მქონია, შესაბამისად, გრძელვადიანი დაგეგმარება არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. მარტივი ცხოვრებით ვცხოვრობ, რაც ვთვლი, რომ სწორია.

მიუღებელია...

- გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად, პოლიტიკაში ვცხოვრობ, მიუღებელია პოლიტიკური ინტერესის სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დაყენება. სამწუხაროდ, ტესტი ძალაუფლებისა ჩემი მეგობრების 95%-მა ვერ ჩააბარა. თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს პოლიტიკური ამბიციების სახელმწიფო ინტერესებისთვის დამორჩილება. ჩემდა საამაყოდ ვიტყვი, რომ მე ეს მოვახერხე. ასეა, პოლიტიკა რყვნის ადამინებს, ბევრი ვერ აბარებს გამოცდას.

როცა მაქებენ...

- როცა გულწრფელად მაქებენ, რა თქმა უნდა, მიხარია, ისევე როგორც ყველას, მაგრამ არის შექება, როდესაც რაღაც კონკრეტული მიზნის გამო გაქებენ, ეს ქება არ არის გულწრფელი და აუტანელია. ასეთ დროს ცუდი რეაქციები მაქვს ხოლმე.

ვნანობ...

- ძალიან, ძალიან ბევრ რამეს. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მაინც ოპტიმისტი ვარ, ერთ მდინარეში ბევრჯერ შევედი, ყოფილა დიდი იმედი, დიდი მოლოდინი და ასევე იმედგაცრუება... ამ ციკლში ვტრიალებ მთელი ცხოვრება, მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ადამიანში კეთილი მხარე მაინც ყოველთვის გაიმარჯვებს.

თბილისი ჩემთვის...

- თბილისი გახდა კლასიკური მეგაპოლისი, თბილისს ჰქონდა თავისი კოლორიტი, განსაკუთრებულობა, თავისი ხელწერა, რომელიც ახლა აღარ აქვს. აქ ახლა ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი, ჩემი გაგებით, ეს დანაკარგია, მაგრამ მე არ მინდა კატეგორიული ვიყო, ყველას აქვს უფლება, ამ ქალაქში იცხოვროს, მაგრამ ვიტყვი, რომ მარილი დაკარგა თბილისმა.

თამთა ასათიანი