"სულ იმის შიშში ვართ, არ მოგვეპაროს და თავში არაფერი ჩაგვარტყას" - კვირის პალიტრა

"სულ იმის შიშში ვართ, არ მოგვეპაროს და თავში არაფერი ჩაგვარტყას"

ჩამტვრეული ფანჯრები, მოშლილი კომუნალური გაყვანილობა და მღრღნელები მეზობლებს განსაკუთრებით ზაფხულში აწუხებთ... შინ დაბრუნებულს ყოველთვის ნაგავი მოაქვს. უამრავი ვირთხა გაჩნდა. არც შუქი აქვს, არც წყალი, არც გაზი და არც კანალიზაცია და ფეკალურ მასებს ეზოში ყრის...

7 წლის ლუკას, 9 წლის გიორგისა და 11 წლის საბას ეზოში ჩასვლა აკრძალული აქვთ, თუმცა მაინც იქ მიიწევენ, სადაც გასართობი ატრაქციონი ეგულებათ. ავჭალის დასახლებაში, მუხაძის N#11-ში მცხოვრები როგორც პატარები, ისე ზრდასრულები, წლებია, ეზოში ჩასვლისას სიფრთხილეს იჩენენ. შეშინებულები უკან იყურებიან, რომ მოულოდნელად ქვა, ბოთლი ან სულაც რაიმე რკინის საგანი არ მოხვდეთ თავში. არ გეგონოთ, რაიმე ზებუნებრივი ხდებოდეს, მობინადრენი ამ კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები მარტოხელა, ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცისგან იცავენ თავს...

50 წელს გადაცილებული ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცი წლებია, მობინადრეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აქაურები ამბობენ, რომ დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა ამაოდ. როცა მამაკაცი განსაკუთრებით აგრესიულია, პატრულს იძახებენ. სამართალდამცავებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავთ, თუმცა სტაციონარიდან დაბრუნდება თუ არა, ყველაფერი თავიდან იწყება. მეზობლების თქმით, ის ამ სახლში წლების წინ დედასა და დეიდასთან ერთად ცხოვრობდა. ადრე ძმა აკითხავდა, რომელიც რამდენიმე წელია აღარ გამოჩენილა. ეზოში ამბობენ, საშა წარსულში მფრინავი იყო და ავიაკატასტროფაში სიკვდილს გადარჩენილი ფსიქიკურად დაავადდაო. ჩამტვრეული ფანჯრები, მოშლილი კომუნალური გაყვანილობა და მღრღნელები მეზობლებს განსაკუთრებით ზაფხულში აწუხებთ. ორი წელია საშას მეზობლად მარინა დასახლდა.

მარინა, მეზობელი: - როცა შეტევა აქვს, ამ დროს გარეთ გასვლის ბავშვებს კი არა, უფროსებსაც გვეშინია. ერთ-ერთი შეტევის დროს მეზობელს ეზოში ძაღლი ჰყავდა დაბმული, საშა ძაღლს მივარდა და დახრჩობა დაუწყო. ძაღლმა ლამის მუცელი გამოფატრა... ის ჭრილობები ისე მოირჩინა, ვერავინ გაიგო. ადრე ვინც ჩემს ბინაში ცხოვრობდა, ხის კარი ჰქონია

ერთხელ ქალს ცხელი ხაჭაპური მიუწვდია, საშას ერთბაშად შეუჭამია და პირი დასწვია. მერე ცულით გამოვარდნია და მეზობლისთვის კარი დაუჩეხია.

შინ დაბრუნებულს ყოველთვის ნაგავი მოაქვს. უამრავი ვირთხა გაჩნდა. არც შუქი აქვს, არც წყალი, არც გაზი და არც კანალიზაცია და ფეკალურ მასებს ეზოში ყრის...

- ვის მიმართეთ დახმარებისთვის?

- მინდობით აღზრდაში მყავს ორი ობოლი შვილიშვილი. ბოლოს რომ იყვნენ ჩემთან სოცმუშაკები, შეხსნეს ამ სახლის კარი და სურათები გადაიღეს...

ლალი მამულაშვილი, კორპუსის თავმჯდომარე: - როცა დავიჩივლეთ და გამგეობას დახმარებისთვის მივმართეთ, გვითხრეს, როცა სტაციონარში გადაიყვანენ, მაშინ დავასუფთავებთ სახლსო. ნაგავი რომ გადავუყაროთ, ეს მისი უფლებების დარღვევა იქნებაო.

თუ მისი ფანჯრის წინ ბავშვები თამაშობენ და ხმაურმა შეაწუხა, ფანჯრიდან ბოთლის ნატეხებსა და ქვებს ისვრის. გამუდმებით ყვირის, შეიძლება გამთენიისას ატეხოს ყვირილი, კედელს რაღაცას ურტყამს... ამას წინათ ვირთხამ გაზქურის რეზინის მილი დაგვიღრღნა და კინაღამ გავიგუდეთ მთელი ოჯახი. ვითხოვთ, იქნებ ეს ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანონ.

მეზობლების თქმით, მამაკაცი სახლში კოცონს ანთებს და ისე თბება. მობინადრეებს ხანძრის გაჩენის ეშინიათ.

ნათია, მეზობელი: - მეზობელს ავტომობილი ქვებით დაუმტვრია, მეორეს ანტენა მოუნგრია. სულ იმის შიშში ვართ, არ მოგვეპაროს და თავში არაფერი ჩაგვარტყას.

სანამ ვინმე შეეწირება, მანამდე უნდა მოათავსონ ფსიქიატრიულში.

მარუსა გელაშვილი გასულ წელს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა: - ეზოში ვიდექი,

მოულოდნელად მომეპარა და რკინის მილი დამარტყა. ინსტინქტურად ავწიე ხელი, თორემ პირდაპირ თავში მომხვდებოდა. ღმერთს მადლობა, რომ თავში არ მომხვდა, თორემ იქვე დავლევდი სულს. ამის შემდეგ მეზობელმა პატრული გამოიძახა, მე კი ეზოში ჩასვლის მეშინია.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ფაქტებზე არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ. თუმცა, უახლოეს დღეებში სოციალური მუშაკი შეაფასებს მდგომარეობას და რეაგირებას მოახდენს, მით უმეტეს, რომ ფსიქიკურად დაავადებულ მამაკაცს სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა და ექიმების მეთვალყურეობა.

მანამდე კი მუხაძის #11-ში მცხოვრებ მოსახლეობას სახლიდან გასვლისას ისევ სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.

როცა პაციენტს შეტევა ემართება

თუ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დადასტურდება, რომ ადამიანს გამწვავებული აქვს ფსიქიკური მდგომარეობა და უარს აცხადებს ნებაყოფლობით მკურნალობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავსდება არანებაყოფლობით მკურნალობის განყოფილებაში, რომლის ვადაც განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვის ვადით. შემდეგ ბენეფიციარს ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, რის შემდეგაც იურიდიული სამსახური სოციალურ მუშაკთან ერთად დააყენებს შუამდგომლობას და მას სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეს გამოუყოფენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი