ფრედერიკ ბეგბედერი "ბიბლუსი გალერიში" თაყვანისმცემლებს შეხვდა - კვირის პალიტრა

ფრედერიკ ბეგბედერი "ბიბლუსი გალერიში" თაყვანისმცემლებს შეხვდა

11 მარტს მკითხველმა "ბიბლუსი გალერისთან" ფრანგ მწერალ ფრედერიკ ბეგბედერთან შესახვედრად თავმოყრა ღონისძიების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო.

მწერლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა თაყვანისმცემელთა რაოდენობა, რომლებსაც თავად დროდადრო ფრანგული აქცენტით ქართულად ასე ამხნევებდა - "საქართველოს გაუმარჯოს!"

"99 ფრანკის" ავტორი დაახლოებით ერთი საათი პასუხობდა მკითხველების შეკითხვებს, ასობით თაყვანისმცემელს ურიგებდა ავტოგრაფს და მათთან არც ფოტოს გადაღებაზე ამბობდა უარს.

სამწუხაროდ, "ბიბლუსი გალერის" მთავარ შესასვლელთან შეკრებილი მკითხველის დიდ ნაწილს საყვარელ მწერალთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა მაინც არ მიეცა, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ გარეთ დარჩენილ თაყვანისმცემლებთან თავად ბეგბედერი გავიდა და რამდენიმე წუთით გაესაუბრა კიდეც.

"99 ფრანკი" ქართულ ენაზე პირველად 2010 წელს, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა თარგმნა და წიგნი გამოიცა ცნობილი სერიით "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ამ პროექტის ფარგლებში ქართველმა მკითხველმა, მსოფლიო კლასიკოსებთან ერთად, "99 ფრანკი" ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დაასახელა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორის, ნინო დეკანოსიძის თქმით, სწორედ ამის გამო ითარგმნა ქართულ ენაზე ფრანგი მწერლის რომანი.

ნინო დეკანოსიძე: - "ბედნიერი ვარ, რომ ქართველ მკითხველს პირველად "პალიტრა L"-მა მისცა შესაძლებლობა, თანამედროვე მწერლის შემოქმედებას მშობლიურ ენაზე გასცნობოდა. მეტიც, ქართველმა თაყვანისმცემელმა გამოკითხვის შედეგად "99 ფრანკი" ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დაასახელა.

"პალიტრა L" ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცემელია საქართველოში.

ამ ეტაპზე კი ქართველი მკითხველისთვის ექვსი დიდტანიანი ნაწარმოებია თარგმნილი. კერძოდ, "99 ფრანკი", "რომანტიკული ეგოისტი", "ფრანგული რომანი", "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "ჭინდოწს ონ ტჰე ჭორლდ", "მიშველე, ბოდიში". ერთ თვეში ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ფრედერიკ ბეგბედერის ბოლო რომანსაც - "უნა და სელინჯერი". ლიტერატორები ამბობენ, რომ ეს მისი საუკეთესო ნაწარმოებია."

"კვირის პალიტრა" "ბიბლუსი გალერიში" შეკრებილ მკითხველსაც გაესაუბრა:

თამთა ასლანიკაშვილი, 20 წლის: - "99 ფრანკი" ჩემი საყვარელი წიგნია, თუმცა ბეგბედერის შემოქმედებიდან ქართულად ნათარგმნი ყველა წიგნი წაკითხული მაქვს. ამ მწერლის წყალობით ბევრ დეტალს სხვა თვალით შევხედე, ის საკუთარ ნაწარმოებებში სერიოზულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რასაც ბევრი მწერალი ალბათ, ვერც კი გაბედავდა.

გიორგი ჭინჭარაული, 30 წლის: - "დილიდან "ბიბლუსი გალერის" შესასვლელთან ვდგავარ. ბეგბედერთან შეხვედრის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. საბედნიეროდ, მოვახერხე და მისგან წიგნზე ავტოგრაფიც მივიღე. მიხარია, რომ ორგანიზატორებმა მკითხველებს ასეთი უნიკალური შესაძლებლობა მოგვცეს".

ფრედერიკ ბეგბედერი

ლიტერატურული კრიტიკოსი, პუბლიცისტი და რეკლამის სპეციალისტი ფრედერიკ ბეგბედერი თანამედროვე საფრანგეთის ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა. მწერალი 1965 წელს პარიზის მახლობლად, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში დაიბადა. პოლიტიკური კვლევების პარიზის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა მოგვიანებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის უმაღლეს სკოლაში რეკლამისა და მარკეტინგის დიპლომიც მიიღო და მსხვილ სარეკლამო სააგენტოში - Young and Rubicam კოპირაიტერად მუშაობდა. პარალელურად, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალებში - Elle-სა და Paris Match-ში თანამშრომლობდა, კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა რადიოგადაცემაში "ნიღაბი და კალამი". სარეკლამო ბიზნესის მხილებისა და მწარე სატირის შემცველი რომანის - "99 ფრანკის" გამოცემის შემდეგ, ფრედერიკ ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.

ფრედერიკ ბეგბედერი ახალი ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელია, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენლებს - მიშელ უელბეკსა და ვირჟინი დეპანტს მიენიჭათ.