ფრედერიკ ბეგბედერი "ბიბლუსი გალერიში" თაყვანისმცემლებს შეხვდა
14-03-2016
ფრედერიკ ბეგბედერი "ბიბლუსი გალერიში" თაყვანისმცემლებს შეხვდა
11 მარტს მკითხველმა "ბიბლუსი გალერისთან" ფრანგ მწერალ ფრედერიკ ბეგბედერთან შესახვედრად თავმოყრა ღონისძიების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო.

მწერლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა თაყვანისმცემელთა რაოდენობა, რომლებსაც თავად დროდადრო ფრანგული აქცენტით ქართულად ასე ამხნევებდა - "საქართველოს გაუმარჯოს!"

"99 ფრანკის" ავტორი დაახლოებით ერთი საათი პასუხობდა მკითხველების შეკ­ი­თხვებს, ასობით თაყვანისმცემელს ურიგე­ბდა­­ ავტოგრაფს და მათთან არც ფოტოს გადაღებაზე ამბობდა უარს.

სამწუხაროდ, "ბიბლუსი გალერის" მთავარ შესასვლელთან შეკრებილი მკითხველის დიდ ნაწილს საყვარელ მწერალთან შეხვედრის­ უნიკალური შესაძლებლობა მაინც არ მიეცა,
თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ გარეთ დარჩენილ თაყვანისმცემლებთან თავად ბეგბედერი გავიდა­ და რამდენიმე წუთით გაესაუბრა კიდეც.
"99 ფრანკი" ქართულ ენაზე პირველად 2010 წელს, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა­ თარგმნა და წიგნი გამოიცა ცნობილი სერიით "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო,­ სანამ ცოცხალი ხარ".

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ამ
პროექტის ფარგლებში­ ქართველმა მკითხველმა, მსოფლიო კლასიკ­ოსებთან ერთად, "99 ფრანკი" ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დაასახელა. გამომცემ­ლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორის, ნინო დეკანოსიძის თქმით, სწორედ ამის გამო ითარგმნა ქართულ ენაზე ფრანგი მწერლის რომანი.

ნინო დეკანოსიძე: - "ბედნიერი­ ვარ, რომ ქართველ მკითხველს პირველად "პალ­იტრა L"-მა მისცა შესაძლებლობა, თანამედროვე მწერლის შემოქმედებას მშობლიურ ენაზე გასცნობოდა. მეტიც, ქართველმა თაყ­ვანისმცემელმა გამოკითხვის შედეგად "99 ფრანკი" ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დაა­სახელა.
"პალიტრა L" ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცე­მელია საქართველოში.

ამ ეტაპზე კი ქართველი მკითხველისთვის ექვსი დიდტანიანი ნაწარმოებია თარგმნილი.­ კერძოდ, "99 ფრანკი", "რომანტიკული ეგოისტი", "ფრანგული რომანი", "საბოლოო აღწერა­ ჩამოფასებამდე", "ჭინდოწს ონ ტჰე ჭორლდ", "მიშველე, ბოდიში". ერთ თვეში ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს­ ფრედერიკ­ ბეგბედერის ბოლო რომანსაც - "უნა და სელი­ნჯერი". ლიტერატორები ამბობენ, რომ ეს მისი საუკეთესო ნაწარმოებია."

"კვირის პალიტრა" "ბიბლუსი გალერ­იში" შეკრებილ მკითხველსაც გაესაუბრა:

თამთა ასლანიკაშვილი, 20 წლის: - "99 ფრანკი" ჩემი საყვარელი წიგნია, თუმცა ბეგბედერის შემოქმედებიდან ქართულად ნათარგმნი ყველა წიგნი წაკითხული მაქვს. ამ მწერლის წყალობით ბევრ დეტალს სხვა თვალით შევხედე, ის საკუთარ ნაწარმოებებში სერიოზულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რასაც ბევრი მწერალი ალბათ, ვერც კი გაბედავდა.

გიორგი ჭინჭარაული, 30 წლის: - "დილიდან "ბიბლუსი გალერის" შესასვლ­ე­ლთან ვდგავარ. ბეგბედერთან შეხვედრის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. საბედნიეროდ, მოვახერხე და მისგან წიგნზე ავტოგრაფიც მივიღე. მიხარია, რომ ორგანიზატორებმა­ მკითხველებს ასეთი უნი­კალური შესაძლებლობა მოგვცეს".

ფრედერიკ ბეგბედერი


ლიტერატურული კრი­ტიკოსი, პუბლიცისტი და რეკლამის სპეციალისტი ფრედერიკ ბეგბედერი თანამედროვე საფრანგეთის ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა. მწერალი 1965 წელს პარიზის მახლობლად, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში დაიბადა. პოლიტიკური კვლევების პარიზის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა მოგვიანებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის უმაღლეს სკოლაში რეკლამისა და მარკეტინგის დიპლომიც მიიღო და მსხვილ სარეკლამო სააგენტოში - Young and Rubicam კოპირაიტერად მუშაობდა.­ პარალელურად, როგორც ლიტერატურული­ კრიტიკოსი, ჟურნალებში - Elle-სა და Paris Match-ში თანამშრომლობდა, კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა რადიოგადაცემაში "ნიღაბი და კალამი". სარეკლამო ბიზნესის მხილებისა და მწარე სატირის შემცველი რომანის - "99 ფრანკის" გამოცემის შემდეგ, ფრედერიკ ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.

ფრედერიკ ბეგბედერი ახალი ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელია, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენლებს - მიშელ უელბეკსა და ვირჟინი დეპანტს მიენიჭათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით