"მანიაკები საკუთარი ჭიის გასართობად კი არ იღებდნენ..." - როგორია აგენტურული ყოფის ანატომია? - კვირის პალიტრა

"მანიაკები საკუთარი ჭიის გასართობად კი არ იღებდნენ..." - როგორია აგენტურული ყოფის ანატომია?

"სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ყველა კომპრომატი, მათ შორის პირადი საიდუმლოს შემცველი ვიდეოები ან უკვე გამოყენებული იყო "ვერბოვკისთვის", ან აპირებდნენ მის გამოყენებას საჭირო მომენტში"

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუკში" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეობის თემას გამოეხმაურა და ვრცელი პოსტი მიუძღვნა:

"წინა ხელისუფლების დროს, მადისკრიდიტებელ ვიდეოებს რომ იღებდნენ და არ ასაჯაროებდნენ, ამაში სატრაბახო არაფერია. აგენტურული ყოფის ანატომია გულისხმობს, რომ კომპრომატი გამოიყენება "ვერბოვკის" ინსტრუმენტად და როცა ის საჯაროვდება, კარგავს კომპრომატის ღირებულებას. ათასობით ვიდეოს ვიღაც ერთეული მანიაკები საკუთარი ჭიის გასართობად კი არ იღებდნენ როგორც ეს დღეს სურთ რომ წარმოაჩინონ, ეს ცალკეული შემთხვევები კი არ იყო, არამედ კომპრომატებით შანტაჟი იყო ქვეყნის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ამის შესახებ ყველაფერი დეტალურად იცოდა მმართველმა ჯგუფმა, რომლის მითითებითაც ხდებოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა.

სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ყველა კომპრომატი, მათ შორის პირადი საიდუმლოს შემცველი ვიდეოები ან უკვე გამოყენებული იყო "ვერბოვკისთვის", ან აპირებდნენ მის გამოყენებას საჭირო მომენტში.

სისტემა კომპრომატ-ვიდეოებს მოქალაქეების დასათრგუნად იყენებდა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამის პარალელურად, სისტემის ცალკეული ნაწილები, ამ ვიდეოებს ანგარების და გამორჩენის მიზნით გადასცემდნენ ხოლმე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებსაც, რომლებიც, ცხადია, ამ მასალებს ასევე "ვერბოვკისთვის გამოიყენებდნენ.

ჩვენ ამჟამად ვსაუბრობთ ვიდეოებით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიებზე, მაგრამ ჩვენ ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ზიანი მიაყენა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში მოხვედრილმა "დასავერბოვკებელმა" მასალებმა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და რა ადამიანური ტრაგედიები და მსხვერპლი მოჰყვა ამას (და შეიძლება კიდევ მოჰყვეს)! ამას ცალკე გამოძიება სჭირდება!

ამიტომ, სრული სიბეცე და სიბრიყვე იყო თავის დროზე ამ ვიდეოების განადგურებაზე საუბარი. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში როდესაც ერთი "ფლეშკა" ათასობით ფაილს იტევს, ხოლო გადაწერას წამები სჭირდება, ზედმეტია რაიმეს განადგურებაზე საუბარი. ასევე რთულია იმის განსაზღვრა, ვის როდის მოუნდება ამ ვიდეოების გავრცელება პოლიტიკური, ანგარების ან სულაც მანიაკალური მიზნებიდან გამომდინარე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ვიდეოების გავრცელება ინტერნეტში არც ისე რთულია, ხოლო გამოძიება ძალიან ძნელი.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აგრესიულ საგარეო განზრახვებზე საქართველოს მიმართ და განზრახვები სწორედაც რომ "დავერბოვკებული" აგენტების მეშვეობით ხორციელდება. "დავერბოვკება", როგორც წესი, სისუსტეების პოვნით და კომპრომატების მოგროვებით ხდება. ამიტომ ეს ავადსახსენებელი ვიდეოები მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეების პრობლემას კი არ წარმოადგენს, მთელი ქვეყნის უსაფრთხოების თემას უკავშირდება.

ცალკეული შემთხვევების გამოძიება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია გამოძიება, რომელიც მთელ სისტემას წარმოაჩენს - რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, რა მასშტაბი ჰქონდა დანაშაულს?! უნდა გამოაშკარავდეს ჯაჭვი შემსრულებლიდან დამკვეთამდე. ეს, სხვათა შორის, იმ მძიმე კითხვასაც გასცემს პასუხს, ვინ არიან და სად არიან დღეს ამ ჯგუფური და სისტემური დანაშაულის თანამონაწილეები და რამდენად ვართ დაზღვეულები, რომ ისინი კვლავაც აქტიურად არ მონაწილეობენ საზოგადოებისთვის სახიფათო პროცესებში", - წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

წყარო