"ტრენინგები 29 ბიჭთან ერთად გავიარე, ბოლოს ექვსი შეგვარჩიეს - მე და ხუთი ბიჭი" - მაშველი გოგონა თეთნულდიდან... - კვირის პალიტრა

"ტრენინგები 29 ბიჭთან ერთად გავიარე, ბოლოს ექვსი შეგვარჩიეს - მე და ხუთი ბიჭი" - მაშველი გოგონა თეთნულდიდან...

"სულ ვამბობდი, რომ მინდოდა, მაშველად მემუშავა, რაც ჩემს ახლობლებს, სასაცილოდ ეჩვენებოდათ. განაცხადი რომ წარვადგინე, გამომცდელად მითხრეს: მიდი, გამოცდებს თუ ჩააბარებ, რა პრობლემააო..."

23 წლის ნატა ჯაფარიძის სიმაღლე 1,72 სანტიმეტრია, წონა - 53 კილოგრამი, პროპორციებიც საუკეთესო აქვს, მაგრამ არ იფიქროთ, ამას იმიტომ გეუბნებით, რეკომენდაციას ვუწევდე წამყვან სამოდელო სახლებთან. მით უმეტეს, რომ ნატას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს - ეს კაფანდარა გოგო სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ერთადერთი სამთო მაშველი გოგონაა მთელ საქართველოში. ამჟამად ნატა სვანეთში, თეთნულდის სათხილამურო კურორტზე მუშაობს.

- დიდი ხანი არ არის, რაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი. ვერ ვიტყვი, რომ ამგვარ სამსახურზე ოდესმე მიოცნებია, მაგრამ იმდენად მიყვარს ყველაფერი, რაც თოვლთან არის დაკავშირებული, თხილამური იქნება თუ ალპინიზმი, რომ მიმაჩნია, გამიმართლა. ტრენინგები 29 ბიჭთან ერთად გავიარე. მთამსვლელმა ბიძინა გუჯაბიძემ გვასწავლა ბაგირზე თოკით მუშაობა, იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად მგზავრები საბაგიროს შერჩებიან, ვისწავლეთ, როგორ უნდა ჩამოგვეხსნა. ეს საქმე დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. გვასწავლეს და გამოგვიმუშავეს კიდევ სხვა პროფესიული უნარები. ბოლოს გამოცდები ჩაგვიტარდა და ამდენი მსურველისგან მხოლოდ ექვსი აგვარჩიეს.

- სამსახურის დასაწყებად განაცხადი რომ შეიტანე, რა რეაქცია ჰქონდათ?

- სულ ვამბობდი, რომ მინდოდა, მაშველად მემუშავა, რაც, ჩემს ახლობლებს, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ეჩვენებოდათ. განაცხადი რომ წარვადგინე, გამომცდელად მითხრეს: მიდი, გამოცდებს თუ ჩააბარებ, რა პრობლემააო...

- ნორმატივების ჩაბარება გასაგებია, მაგრამ სამთო მაშველს ისეთი უნარები უნდა ჰქონდეს, რაც, ალბათ, წლების განმავლობაში უნდა შეგეძინა.

- ასეა. 3 წლის ვიყავი, როდესაც თხილამურებზე დამაყენა ბაბუამ. მას შემდეგ ვსრიალებ. სვანი ვარ და აქაური გარემო ჩემთვის ნაცნობი და ახლობელია. ისე გავიზარდე, მაინცდამაინც ვერ ვგრძნობდი ბიჭსა და გოგოს შორის დიდ განსხვავებას - ბაბუა სულ იმას მეუბნებოდა, ესა თუ ის საქმე ბიჭმა თუ შეძლო, შენ რატომ ვერ შეძლებო... რაც თავი მახსოვს, სულ აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ - ლაშქრობები, მთა, ალპინიადები...

- სვანეთში ალპინისტს რა დალევს, მაგრამ მაინც როგორ მოხვედი ამ სპორტში?

- 16 წლის ვიყავი, პირველად რომ დაიგეგმა ლაილას მთის დალაშქვრა. ეს მთა 4008 მეტრი სიმაღლისაა. ცოტა არ იყოს, ეზარებოდათ ჩემს ბიძებს ჩემი წაყვანა, მაგრამ უარი მაინც არ მითხრეს. არ ეგონათ, თუ შევძლებდი მთაზე ასვლას... ეს ლაშქრობა ჩემთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა.

- სხვა პროფესია თუ გაქვს?

- ტურიზმის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გიდადაც ვმუშაობდი, ერთხანს გარემოს დაცვის სამინისტროშიც ვმსახურობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ოფისში მუშაობა ჩემი საქმე არ იყო და სვანეთს დავუბრუნდი.

ბედნიერი ვარ, გამიმართლა, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს. ჩემი ადგილი აქ არის.

ეკა სალაღაია