თელავში არაბების სოფელი შენდება(?!)
21-03-2016
თელავში არაბების სოფელი შენდება(?!)
"გლეხს რომ მიწას გაუყიდი, ეს არის სამართალი?"

"მამუკამ სალიმს განუცხადა, თუ ეს სიმართლეა, შეგაკვდებიო, მაშინ მაჰერმა მილიონ-ნახევარი დოლარი შესთავაზა, ოღონდ გაჩუმებულიყო"


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანის მოსახლეობა შეშფოთებულია - სოფელში არაბებისთვის საცხოვრებელი სახლები შენდება. ამბობენ, რომ არ დაუშვებენ არაბებისთვის ქართული მიწის მიყიდვას. დეტალების გასარკვევად თელავის მუნიციპალიტეტს ვეწვიეთ. მას რამდენიმე წელია სასამართლო დავა აქვს არაბ ინვესტორთან და 17 ჰექტარი მიწის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ამირ ბიწკინაშვილი, გამგეობის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ანალიზის განყოფილების უფროსი:
- 2011 წელს თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვაზე. ერთადერთი განაცხადი შემოვიდა, მსურველი მამუკა სესიაშვილი იყო, ამიტომ ვაჭრობა არ გამართულა. 17 ჰექტარი მიწა 17 000 ლარად გაიყიდა. აუქციონს ესწრებოდნენ ქუვეითის მოქალაქე და მისი თანხმლები პირები, ადვოკატები, თარჯიმნები, რადგან აუქციონი
საჯარო იყო. რამდენიმე საათში საჯარო რეესტრში ამ მიწის სტატუსი შეიცვალა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად გადაკეთდა და მეორე დღესვე სესიაშვილმა მიწა ქუვეითელ მოქალაქეს გადაუფორმა. ქუვეითელმა მოქალაქემ ჩალის ფასად ჩაიგდო 17 ჰექტარი ხელში და მაშინვე მშენებლობა დაიწყო.

- რა პირობა უნდა შეესრულებინა ამ მოქალაქეს?
- ტურისტული ცენტრი უნდა აეშენებინა, ნაცვლად ამისა, აშენებს პატარ-პატარა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს­. მამუკა სესიაშვილმა აღიარა, ეს მიწა იმიტომ ვიყიდე, რომ არაბისთვის მიმეყიდა, მაგრამ ტურიზმის განვითარებაზე იყო საუბარიო. მამუკა მაშინვე დაუპირისპირდა არაბს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც კი საჩივარი შევიტანეთ, იმ მიწებს ყადაღა დაედო, თუმცა არაბებმა გააგრძელეს სახლების აშენება.

- ამ დროს სად იყო ზედამხედველობის სამსახური?
- სოფელ ჯუღაანში ჩავედით და აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ გაცემული ნებართვების გარდა, 61 სახლის აშენება უნებართვოდ დაუწყიათ. კანონით, თითო შენობაზე 200-ლარიანი ჯარიმა დაწესდა და კომპანია 12 200 ლარით დაჯარიმდა, მაშინვე გადაიხადეს ეს თანხა და მშენებლობა გააგრძელეს. ისევ დავაჯარიმეთ, მაგრამ ეს ჯარიმაც გადაიხადეს. ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. იმედია, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ახლა იქ უკვე 150-ზე მეტი სახლია.

- ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო დავის მიუხედავად, თელავის მუნიციპალიტეტმა კიდევ გასცა მშენებლობის ნებართვა, უფრო მეტიც, რამდენიმე სახლი ექსპლუატაციაშიც შევიდა.
- მართლაც გაიცა მერეც ნებართვები, მაგრამ ეს უკანონობა იყო. ჩვენი მოთხოვნაა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ამის მერე მიწის მესაკუთრე გახდება სესიაშვილის ოჯახი და იმედია, ეს მიწა საბოლოოდ გადმოვა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

- ინვესტორს გაწეულ ხარჯებს ვინ დაუფარავს?
- კერძო აუდიტორული კომპანიის დასკვნით გაწეულია 4 მილიონ ლარზე მეტი ხარჯი, მაგრამ უნებართვოდ აშენებულ შენობებზე ვერ შემოგვედავებიან.

- ჩვენი ინფორმაციით, ჯუღაანში მცხოვრებ 3 კაცს ეკუთვნოდა ეს მიწა.
- დიახ, 3 გლეხს საჯარო რეესტრში ჰქონდა მიწები დარეგისტრირებული, მაგრამ არ ჰქონდათ ამ მიწის ელექტრონული ვერსია, ამიტომ ეს არ გამოჩნდა ახალ ბაზაში და ისინი დაზარალდნენ. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ იჯარით ჰქონდათ მიწები აღებული.
გიორგი ყოჩიშვილმა 2007 წელს გაიფორმა მიწა. უკანონოდ წართმეული მისი ქონება დღეს არაბის საკუთრებაა: - რეესტრში დარეგისტრირებულ მიწას თუ წამართმევდა სახელმწიფო, ვერ წარმოვიდგენდი. არაბები ქუვეითში ქართველებს ჩაგვასახლებენ? გლეხს რომ მიწას გაუყიდი, ეს არის სამართალი?

მაია თათრიშვილს მიწა იჯარით ჰქონდა აღებული: - ეს არ იყო საკუთრება, მაგრამ გლეხები ვამუშავებდით. ერთ დღეს გავიგეთ, რომ აღარ იყო ჩვენი, არადა, იჯარას ვადაც კი არ ჰქონდა გასული. მუნიციპალიტეტში ადრე გვითხრეს, იჯარას ვადა რომ ამოეწურება, შეგიძლიათ აუქციონში მონაწილეობა და მოსარგებლეებს გექნებათ უპირატესობაო, მაგრამ ისე ჩაატარეს აუქციონი, არც გაგვიგია.

ლუიზა გაუარაშვილი, ჯუღაანის მცხოვრები: - არაბები მშენებლობაზე უცხოს არ აჭაჭანებენ. სულ რამდენიმე აქაურია დასაქმებული. ამბობენ, არაბების სოფელი შენდება, მეჩეთსაც ააშენებენო.

ირინა კიწმარიშვილი, მამუკა სესიაშვილის მეუღლე: "ჩემს მეუღლეს უცხოელმა მეგობარმა გააცნო მაჰერ სალიმი, რომელიც სასტუმრო კომპლექსის აშენებას აპირებდა. ჩემმა მეუღლემ არაბ ინვესტორს შესთავაზა ინვესტიცია ჯუღაანში ჩაედო. ფიქრობდა, მოსახლეობა დასაქმდებაო. მაჰერს მოეწონა სოფელი, სადაც 17 ჰექტარი მიწა იყო იჯარით გაცემული. მუნიციპალიტეტმა თქვა, რომ აუქციონზე გაყიდდა ამ ქონებას. დათანხმდა ჩემი მეუღლე, იყიდა ის მიწა და მეორე დღეს გადაუფორმა არაბს.
2011 წლის აგვისტოში ქუვეითიდან სტუმრები ჩამოვიდნენ. ერთ-ერთი არაბი, რომელმაც ინგლისური იცოდა, განმარტოვდა ჩემს მეუღლესთან.

მისგან გაიგო მამუკამ, რომ სალიმ მაჰერს ის მიწა კერძო პირისთვის მიუყიდია. მაშინ მამუკამ სალიმს განუცხადა, თუ ეს სიმართლეა, შეგაკვდებიო, მაშინ მაჰერმა მილიონ-ნახევარი დოლარი შესთავაზა, ოღონდ გაჩუმებულიყო. ამის შემდეგ ჩემმა მეუღლემ სასამართლოში შეიტანა საჩივარი. მან საქმის კურში ჩააყენა მთავრობა. მამუკა თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს და პირობით 2 წელი მიუსაჯეს. მუნიციპალიტეტმა საჩივარი შეიტანა სასამართლოში, რომ ნასყიდობის ცნობა გაბათილებულიყო. მამუკას გასამართლებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ კი არაბს სახლების აშენების ნებართვა ისევ მისცეს. უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტი კი ჩივის, მაგრამ პარალელურად ორი თვის წინ არაბს რამდენიმე აშენებული სახლი დაუკანონა. რატომ ხდება ეს? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?".

ირაკლი გვილია, მაჰერ აჰმედ ჰასან სალიმის ადვოკატი: - მამუკა სესიაშვილს ინვესტორი არ შემოუყვანია, მოლაპარაკება ხელისუფლების დონეზე მოხდა, მაშინ, როცა ჩვენი სამთავრობო დელეგაცია იყო არაბეთის ერთ-ერთ ქვეყანაში. მამუკა იყო სალიმის თარჯიმანი და კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი. მის სახელზე შეიძინეს ქონება და მერე გადაფორმდა.

2 წელი გვაფერხებდა თელავის მუნიციპალიტეტი. როცა ვუთხარით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში ვიჩივლებდით, ამის შემდეგ გაიცა 150 სახლის აშენების ნებართვა. შარშან საქართველოს მთავრობაც ჩაერია ამ უკანონობაში და ამის შემდეგ გაიცა სახლების აშენების ნებართვები. ბიზნესომბუდსმენიც ძალიან დაგვეხმარა. იქ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმებულიყო, მაგრამ ბევრმა არ მოიწონა სამუშაო გრაფიკი, სურდათ ნახევარი დღე ემუშავათ, ასე არ გამოვიდოდა, რადგან იქ ზეგანაკვეთური მუშაობაა, სწრაფი ტემპით მიდის მშენებლობა, ამიტომ რაიონებიდან გვიწევს მუშახელის ჩამოყვანა. თუმცა რამდენიმე ათეული ადგილობრივი მუშაობს.

- როგორც ამბობენ, იქ არაბებისთვის სოფელი შენდება.
- აბსურდია. იქ შენდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმრო კომპლექსი,
120-მდე სახლი უკვე აშენებულია. 10 საცხოვრებელი სახლი ფუნქციონირებს, გვაქვს სასტუმროს შტატიც. ძირითადად, ერთსართულიანი სახლებია. კარგი გეგმები აქვს ინვესტორს. ვაცხადებ, ამ სახლებს არაბებს არ მიჰყიდიან, ჩამოვლენ ტურისტები და დაისვენებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ქუვეითიდან მილიონერები ჯუღაანში ჩამოვლენ და აქ იცხოვრებენ? ჩვეულებრივი სასტუმრო კომპლექსია, კეთდება საჯინიბო, გასართობი ცენტრი, სპორტდარბაზები... გაიხსნება ბრენდის მაღაზიები, გვაქვს აღებული თავისუფალი სავაჭრო პუნქტის ლიცენზიაც, რაც ვაჭრობას გაგვიადვილებს. ამ პროექტის შემდგომ ეს ინვესტორი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აპირებს ასეთივე კომპლექსების აშენებას. ანაკლიაშიც იგეგმება სასტუმროს აშენება, ასევე ზუგდიდის სოფელ ცაიში, სადაც თბილი წყლის აბანოებია, აპირებს ბალნეოლოგიური ცენტრის აღორძინებას. მას ბევრი ინვესტორი ჰყავს. სალიმი მხოლოდ პროექტის მენეჯერია, სანამ ეს პროექტი არ დასრულდება, ბიზნესმენები არ მისცემენ უფლებას, კიდევ სხვაგან დააბანდოს თანხა. რატომ უშლიან ხელს ბიზნესის განვითარებას?
თავად თელავის მუნიციპალიტეტმა შესთავაზა, მაღალსართულიანი სასტუმროს ტიპის ერთი შენობა მაინც აეშენებინათ. თუ ეს მნიშვნელოვანი იქნება, არც ეს არის პრობლემა, თუმცა ეს არ ჯდება გენგეგმის კონცეფციაში.

- სასამართლო დავაზე რას იტყვით? სახელმწიფო ამ ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს.
- ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა. ამბობენ, სესიაშვილს აუქციონის პირობებით უნდა მიეღო გამგეობის თანხმობა და ამის მერე გაესხვისებინა ქონებაო, მაგრამ კანონში გარკვევით წერია, რომ სესიაშვილს შეეძლო გაეყიდა ქონება და მერე ეცნობებინა ეს გამგეობისთვის... თავიდან 30 სახლის, შემდეგ 150-ის აშენების ნებართვა ავიღეთ. მუნიციპალიტეტი თავისივე გადაწყვეტილებებს რატომ ეწინააღმდეგება? თუ თვლიან, რომ ეს ქონება ჩვენი არ არის, მაშინ რატომ გვაძლევდნენ აშენების ნებართვას? ან რატომ მიიღეს ექსპლუატაციაში 90-მდე სახლი უპრობლემოდ?
ვინც გვაჯარიმებდა, იმავე ხალხმა ერთ თვეში მოგვცა აშენების ნებართვა. გვედავებიან, ერთ დღეში მიწას სტატუსი როგორ შეეცვალაო, არადა, საჯარო რეესტრში ეს უპრობლემოდ ხდება: იხდი დაჩქარებული წესით მომსახურების გადასახადს და საკითხი ოპერატიულად გვარდება. ჩვენ ყველაფერი საქართელოს მთავრობასთან გარკვეული გვაქვს.

თეა ხურცილავა
ქეთინო
04 მაისი 2017 13:16
წაეთრინ თავიანთ ქვეყანაში იმ ქართველს მარჯვენა უნდა მოაჭრა ვინც მაგათ მიწა დაუკანონა!
ლეილა ბარბაქაძე
02 მაისი 2017 17:08
რა ჯარიმა და მილიონები ქართული მიწა ქართველისთვის შეუფასებელია მთავრობას მოვთხოვოთ მოაშოროს საქართველოს უცხო ერები
mayvala
01 მაისი 2017 00:06
ღმერთო ეს რა ღვთის რისხვაა ჩვენზე! ამ ინფორმაციის წაკითხვაც კი ამაზრზენია, თორემ მოქმედებას ხომ სახელი არააქვს.

რედაქტორის რჩევით