ვინ აგებს პასუხს? - ნაპირგამოცლილი მდინარე შესაძლოა ტრაგედიის მიზეზი გახდეს
21-03-2016
ვინ აგებს პასუხს? - ნაპირგამოცლილი მდინარე შესაძლოა ტრაგედიის მიზეზი გახდეს
"იმის გამო, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მტკვრიდან ბალასტი ამოჰქონდათ, ამ მონაკვეთზე მდინარის სანაპირო ზოლი თითქმის მორღვეულია"

თუ "თბილისი მოლის" ტერიტორიაზე მოხვდებით - სავაჭრო ცენტრის უკან, მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე, სამშენებლო ნარჩენების გორები დგას, სანაპიროდან რამდენიმე მეტრში კი მჭიდრო დასახლებაა. ნაგავთან ერთად, სანაპირო ზოლზე ორმოებსაც შეამჩნევთ


ბუნებას რომ თავისი დაუწერელი კანონები აქვს, 13 ივნისის სტიქიამაც მწარედ შეგვახსენა, თუმცა, რატომღაც ეს ტრაგედია თვალსაჩინო მაგალითი არ აღმოჩნდა მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, დედაქალაქი ასეთი წყალმოვარდნებისგან
დაიცვას. ამაში თვითონაც დარწმუნდებით, თუ "თბილისი მოლის" ტერიტორიაზე მოხვდებით - სავაჭრო ცენტრის უკან, მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე, სამშენებლო ნარჩენების გორები დგას, სანაპიროდან რამდენიმე მეტრში კი მჭიდრო დასახლებაა. ნაგავთან ერთად, სანაპირო ზოლზე ორმოებსაც შეამჩნევთ.­ როგორც ირკვევა, მდინარის ამ მონაკვეთიდან ერთ-ერთი კომპანია ე.წ. ბალასტს წლების განმავლობაში ეზიდებოდა,
ახლა კი მის ამოვსებას მიწით ცდილობს... ორმოების თვალიერებისას გზიდან სანაპიროსკენ მომავალი სატვირთო მანქანების კოლონა შევამჩნიე. მანქანები ერთმანეთს ხუთწუთიანი ინტერვალით ცვლიდნენ - როგორც კი ერთი ტვირთს დაცლიდა, მიდიოდა და საქმეს მეორე აგრძელებდა.

ბუნებრივია, იქ მომუშავე ჯგუფთან იმის გარკვევა ვცადე, მიზანშეწონილია თუ არა მდინარიდან მოპოვებული მყარი მასალის ჩანაცვლება მიწით, რომლის გადარეცხვა წყალს იოლად შეუძლია, მაგრამ მათ საუბარი არ ისურვეს. მხოლოდ ის მითხრეს, რომ მერიის დავალებას ასრულებდნენ. საინტერესო აღმოჩნდა მათი მარშრუტიც - სატვირთო ავტომობილების კოლონა იმ ვიწრო და მოუწესრიგებელ გზას კვეთდა, სადაც ასეთი მანქანების მოძრაობის ამკრძალავი ნიშნები დგას... იმის დასადგენად, რამდენად ხშირად ირღვევა საგზაო ნიშნების მოთხოვნები და რას ფიქრობენ დასახლებულ პუნქტში მიმდინარე ასეთ სამუშაოებზე, ადგილობრივ მცხოვრებს, სოსო დავითაშვილს გავესაუბრე:

- აქ 2005 წელს დავსახლდი,­ როცა ირგვლივ მხოლოდ ცარიელი ნაკვეთები იყო და წვიმ­იან ამინდში გავლა შეუძლებელი­ გახლდათ. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით მერია რატო­მღაც არ დაინტერესდა და მეზობლებმა­ თანხა შევკრიბეთ, 2010 წელს საგზაო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტი ასფალტის დაგებას ვერ გასწვდა, თუმცა, გზის სავალი ნაწილი მოწესრიგებული გვქონდა.­ ცოტა ხანში დასახლებაში სატვირთო მანქანების კოლონა გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ კომპ­ანიას მტკვრიდან ღორღი, ე.წ. ბალასტი ამოჰქონდა. საკითხავია, ქალაქის ტერიტორიაზე­ ასეთი სამუშაოების ჩაAსატარებლად ნებართვა უნდა გაიცეს თუ არა... როგორც ჩანს, თანხის დაზოგვის­ მიზნით, ქალაქშივე იპოვეს იოლი გამოსავალი, მოსახლეობასა და ეკოლოგიაზე არავინ დაფიქრებულა.

- სამუშაოებს რომელი კომპანია­ აწარმოებდა?
- დასახელება არ მახსოვს, მაგრამ მისმა მესვეურმა 2011 წლის გაზაფხულზე რამდენჯერმე დამი­რეკა, მასალის გატანაში ხელს რატომ­ გვიშლიო?!
ჩვენი გაკეთებული გზა რომ დაგვეცვა, მეზობლებმა­ ქუჩის დასაწყისში შლ­აგ­ბაუმი გავაკეთეთ. ასეთი­ შლაგბაუმები მიმდებარე ქუჩებზეც­ არის, მაგრამ ბალასტის მომპოვებელმა კომპანიამ ქალაქის ზედამხედველობის სამსახური გამოიძახა, შლაგბაუმი მოაჭრევინა და გზა გაითავისუფლა. მათ სხვა შლაგბაუმების აღებაც შეეძლოთ, მაგრამ ასე არ მოქცეულან. შეკითხვაზე, სხვა ქუჩებზე რატომ არ აუქმებენ ასეთ ხერგილებს, ზედამხედველობამ მიპასუხა, რომ რეაგირება მხოლოდ საჩივრის საფუძველზე ხდება. რაც მთავარია, ჩვენი სახსრებით გაკეთებული ინფრასტრუქტურა მთლიანად მოიშალა, წვიმიან ამინდში გავლა ისევ შეუძლებელი გახდა, უსწორმასწორო გზაზე 20-ტონიანი ავტომობილების სადღეღამისო მოძრაობა იწვევს გაუსაძლის ხმაურს, რომ აღარაფერი ვთქვათ ზაფხულში დატრიალებულ მტვერზე. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მიხედვით, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება გზის საფარის და მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება; ასევე გადაზიდვისას სატვირთო ავტომობილზე ტვირთი დაფარული უნდა იყოს სპეციალური ტენტით, თუმცა, არც ამ სტანდარტს იცავს ვინმე. ასეთ დარღვევაზე კანონით 200-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, მერია და პატრული კი ყველა დარღვევაზე თვალს ხუჭავს.

რამდენიმე წლის განმავლობაში მტკვრიდან ბალასტი ამოჰქონდათ, რის გამოც ამ მონაკვეთზე მდინარის სანაპირო ზოლი თითქმის მორღვეულია. მდინარის კალაპოტიდან ღორღის სახით მყარი მასაა ამოღებული, უკან კი მიწას, ანუ წყალში ხსნად მასას აბრუნებენ, რომლის გადარეცხვაც მტკვარს იოლად შეუძლია! როგორც მშენებლები ამბობენ, მდინარის კალაპოტიდან მოპოვებული ღორღი ფასეული მასალაა. ამავდროულად, ქალაქიდან მიწის გატანასაც თანხა სჭირდება. საკითხავია იმ სამსახურის ქმედება, რომელიც ასეთ ნებართვებს იძლევა. სწორედ მათი გაცემული დოკუმენტაციაა შესასწავლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში სატვირთო ავტომობილები სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნაგავსაც ყრიდნენ, რამაც უფრო დაამძიმა ეკოლოგიური მდგომარეობა.

- მერიას რა მოთხოვნებით მიმართეთ?
- 2015 წლის მაისში მერიას ჩვენს ქუჩაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების დაყენება ვთხოვეთ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ჩვენი თხოვნა მალევე დააკმაყოფილა, თუმცა, მიუხედავად ამკრძალავი ნიშნებისა, სატვირთოები მაინც დადიან...
2015 წლის ივლისში მერიის­ არქიტექტურის სამსახურს ისევ შლაგბ­აუმის დაყენების ნებართვის თხოვნით მივმართეთ, მაგრამ უარი მივიღეთ... ეს სამსახურები თავიანთ ფუნქციებს ვერ ან არ ასრულებენ. კაცი იფიქრებს, თითქოს ისინი სხვა ქალაქის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები არიან, ჩვენი ქალაქი კი უპატრონოა...
სოსო დავითაშვილთან საუბ­რის შემდეგ, მერიას დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ დამატებითი ღონისძიებების გატარება მათ კომპეტენციაში არ შედის, ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კი მხოლოდ მას შემდეგ იზრუნებენ, რაც ტერიტორიაზე სამუშაოები დასრულდება. კითხვაზე, თუ სამუშაოები დიდხანს გრძელდება, ვინ არის პასუხისმგებელი მოსახლეობის მოთხოვნების შესრულებაზე, უწყებაში ვერაფერი გვიპასუხეს.
მოსახლეობის მოთხოვნებზე ინფორმირებულია საკრებულოში რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი, რომელიც მერიას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს და მოსახლეობის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს.

შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი: - ეს შემთხვევა თბილისის მერიის სუსტი მენეჯმენტის კლასიკური ნიმუშია. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გზის ელემენტარული მოწესრიგება და ტრანსპორტის მოძრაობის კანონს დამორჩილება ვერ მოახერხა. მეტიც, მერიამ ასფალტი 200-მეტრიან მონაკვეთზეც კი ვერ დააგო, რაც იქ მცხოვრებთათვის უდავოდ შეღავათი იქნებოდა.

"სახელმწიფოში არავინ ფიქრობს, რა ზიანი ადგება ეკოლოგიას"

დავინტერესდით, მდინარის სანაპირო ზოლზე ჩატარებული სამუშაოების გამო ექმნება­ თუ არა ეკოლოგიური საფრთხე "თბილისი მოლის" ტერიტორიაზე მცხოვრებთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი "კვირის პალიტრას" საგანგაშო სტატისტიკაზე ესაუბრა:
- გარემოს დაცვის კანონმდებლობით საქართველო ჩამორჩენილი ქვეყნების რიგშია, რადგან სახელმწიფოში არავინ ფიქრობს, რა ზიანს აყენებს ეკოლოგიას ამა თუ იმ წიაღისეულის მოპოვება. არადა, საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კონვენციის წევრიც არის. წინა ხელისუფლების დროს მიღებულ კანონებს, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციები პინოჩეტის დროინდელ ჩილეს კანონმდებლობას ადარებს, ამჟამინდელი ხელისუფლებაც უსირცხვილოდ იყენებს. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: დღესაც ზოგიერთი პირი დაინტერესებულია, რომ გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობა არ შეიცვალოს. დაუშვებელია, კომპანიებს წიაღისეულის მოპოვების უფლება მხოლოდ ლიცენზიით მიეცეთ. ისიც საკითხავია, რა პირობებით გაიცემა ეს ლიცენზიები.
ვინ აგებს პასუხს, თუ მოსახლეობა 13 ივნისის ანალოგიური ტრაგედიის წინაშე დადგება? მით უმეტეს, რომ მდინარის კალაპოტიდან მყარი მასა უკვე ამოღებულია!

რუსუდან შელია
30 იანვარი 2017 19:23
ამ სტატიის გამოქვეყნების სჰემდეგ ტუ მოხდა გამოხმაურება ან რეაგირება

რედაქტორის რჩევით