"კვირის პალიტრამ" წამახალისებელ აქციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრამ" წამახალისებელ აქციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

ნინო კანდელაკი: "მადლობას ვუხდი ჩემს უბანს, რომ ასეთი გემოვნებიანი მკითხველია. როცა ორშაბათი თენდება და თქვენი მკითხველი მოდის, "კვირის პალიტრასთან" ერთად სხვა გაზეთებსაც ვთავაზობ, მაგრამ მაინც ის მიაქვთ, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. დიდი მადლობა საჩუქრისთვის"

"ჭეშმარიტი გზა თავის გაბედნიერებისა, საკუთარი საქმის სიყვარული და მუშაობით მიღებული სიამოვნებაა", - ფრანგი მწერლის, ფრანსუაზა-ბერტო დე მოტვილის ამ გამონათქვამს, ალბათ, ბევრი დაეთანხმება. თუ საქმის სიყვარულსა და მისგან მიღებულ სიამოვნებას უფროსებისგან წახალისებასაც დავუმატებთ, ჩათვალეთ, რომ ჭეშმარიტი გზა თავის გაბედნიერებისა ნაპოვნი გაქვთ. მათ კი, ვისაც არ სჯერა, რომ საქმის სიყვარულისთვის ყოველთვის დაგაფასებენ, ამ სტატიით მოლოდინს გავუცრუებთ.

იანვრის შუა რიცხვებში "კვირის პალიტრამ" დაიწყო წამახალისებელი აქცია "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებისთვის, რაც მიზნად ისახავდა გაზეთ "კვირის პალიტრის" გამყიდველების წახალისებას. აქციაში "ელვამარკეტისა" და "საქართველოს ფოსტის" რამდენიმე ასეული თანამშრომელი 7 კვირის განმავლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გამოვლინდა 4 გამარჯვებული, მათ ამ პერიოდში რეკორდული რაოდენობის გაზეთი გაყიდეს. "პალიტრამედიამ" პირველ და მეორე ადგილზე გასულებს მულტიფუნქციონალური ქვაბები გადასცა. დაჯილდოვდნენ მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულებიც.

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "ელვამარკეტის" გამყიდველი ინეზა კალაძე 6 წელია "ელვასერვისის" თანამშრომელი და წამახალისებელი აქციის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ინეზა კალაძე, გამარჯვებული: - სასიამოვნოა, როცა პირველი ეცნობი იმ დღეს გამოსულ პრესას, თუმცა სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სათაურების გადაკითხვას ვასწრებ. ძირითადად, საღამოს ვკითხულობ. "კვირის პალიტრა" ჩემი საყვარელი გაზეთია. გამოსვლის დღიდან მისი ერთგული მკითხველი ვარ. ყველაზე კარგად ეს გაზეთი იყიდება. ამ აქციის შესახებ რომ გავიგე, მოვინდომე და იმაზე ბევრად მეტი გაზეთი გავყიდე, ვიდრე აქამდე ვყიდდი. მულტიფუნქციონალური ქვაბი ის საჩუქარია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ძალიან გამოსადეგი ნივთია, ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება შეუძლია. დიდი მადლობა დაფასებისთვის.

ნინო კანდელაკი ორთაჭალაში "საქართველოს ფოსტის" ჯიხურში პრესას ყიდის. წინა გამარჯვებულის მსგავსად, მასაც მულტიფუნქციონალური ქვაბი გადაეცა.

ნინო კანდელაკი, გამარჯვებული: - დღეს ქართულ ბეჭდურ მედიაში "კვირის პალიტრა" ყველაზე დახვეწილი გაზეთია, რაც თქვენი ჟურნალისტებისა და რედაქტორების დამსახურებაა. მკითხველის სახელით დიდ მადლობას გიხდით. ასევე მადლობას ვუხდი ჩემს უბანს, რომ ასეთი გემოვნებიანი მკითხველია. როცა ორშაბათი თენდება და მკითხველი მოდის, "კვირის პალიტრასთან" ერთად სხვა გაზეთებსაც ვთავაზობ, მაგრამ მაინც ის მიაქვთ, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. დიდი მადლობა საჩუქრისთვის, ასეთს ნამდვილად არ ველოდებოდი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა."

დაჯილდოვდნენ მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები - ნანი რეზრიჩენკო და დავით ჩარგაზია. "პალიტრამედიის" მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ წამახალისებელი აქციები თანამშრომლებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.

P.S. "როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია?!"- ამ კითხვასა და შესაბამისად, რჩევას სოციალურ ქსელებში ხშირად გადააწყდებით. ჩვენი პასუხი კი ასეთია: "ის, ვინც ყველაზე მეტად შრომობს, უყვარს თავისი საქმე და ამით სიამოვნებას იღებს, მცირედით წაახალისეთ და მათი შრომისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საბოლოოდ, საკუთარი თავისა და კომპანიის წარმატების საწინდარია".

თორნიკე ყაჯრიშვილი