"მამუკას სიკვდილი სამედიცინო პერსონალს არ შერჩება" - რა გახდა 25 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"მამუკას სიკვდილი სამედიცინო პერსონალს არ შერჩება" - რა გახდა 25 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი?

"ბიჭს თავი 6 დღე გაუსაძლისად ტკიოდა და ვირუსიაო გვეუბნებოდნენ... შემდეგ კი დაგვირეკეს და გვითხრეს, ანევრიზმა აღმოჩნდაო"

ხუთ დღეში, სამი საავადმყოფოს გამოცვლის შემდეგ ახმეტაში მცხოვრები 25 წლის მამუკა სალთხუციშვილი თბილისში, კლინიკა "ლანცეტში" გარდაიცვალა... როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, პაციენტს ჯერ ახმეტის რაიონულ, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო კვლევა არ ჩაუტარდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

მამუკა სალთხუციშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პირველად 12 მარტს გამოიძახა. ახლობლების თქმით, მას თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა.

თუმცა, არც მაშინ დ არც მომდევნო ორი გამოძახების შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში არ გადაიყვანა, რის შემდეგაც მამუკას ახლობლები იძულებული გახდნენ, ბიჭი ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში თავად მიეყვანათ...

მიშიკო ჩიგილაშვილი, გარდაცვლილის დეიდაშვილი:

- 5 დღის განმავლობაში გაუჩერებლად ტკიოდა მამუკას თავი. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო. პირველად ტკივილების დაწყებიდან მესამე დღეს. რადგან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მას ტკივილი არ შეუჩერდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეორედ გამოძახა, თუმცა საავადმყოფოში კვლავ არ გადაიყვანეს... არადა, სასწრაფოს მანქანა რომ წავიდა, იმ მომენტშიც საშინელი ტკივილი ჰქონდა. მომდევნო გამოძახებისას უთქვიათ, - ამ ნომრიდან კიდევ რამდენჯერმე რომ დარეკოთ, იცოდეთ, ჯარიმის გადახდა მოგიწევთო. რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ, კაცი ტკივილისგან კვდებოდა, ახლობელ გოგონას, ნინო შათირიშვილს დედამისის სახელზე გამოუძახია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მამუკასთან მიუყვანია. ისევ შენ ხარ, რა გინდა, რას გადაგვეკიდეო, - უთქვამთ და არც ამჯერად წაიყვანეს საავადმყოფოში. მათი წასვლის შემდეგ, მეგობრებმა წაიყვანეს ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში. თავის ტკივილებს უკვე გულის რევის შეგრძნება დაემატა. ამ სიმპტომების მიუხედავად, ტომოგრაფია მაინც არ გადაუღეს, გადასხმები გაუკეთეს, - ეტყობა, რაღაც ვირუსი შეხვდაო, თუმცა ტკივილი მაინც არ შეჩერდა.

- ექიმისთვის არ უთქვამს, რომ ტკივილები მაინც არ მოეხსნა?

- კი, მამუკას რომ უთქვამს, უფრო ცუდად ვარო, -ექიმს უპასუხია, - იტყუები, რადგან ისეთი გამაყუჩებელი გაგიკეთე, შეუძლებელია კიდევ გტკიოდესო... თბილისში გადაყვანაზე დავიწყეთ ლაპარაკი, რაზეც მათ გვიპასუხეს, - თავის ტკივილის გამო ჩვენ პაციენტს ვერსად წავიყვანთ, საკუთარი სურვილით, კი ბატონო, წაიყვანეთო... ვერ გავრისკეთ წაყვანა. ისევ მეგობრებმა გადაიყვანეს ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან თელავის რეფერალურში. ეს მოხდა 13 მარტს, დილის საათებში. შემდეგ გავიგეთ, რომ როგორც ახმეტის რაიონულ, ასევე, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ერთი და იგივე კომპანია "ევექსი" მართავს... იქაც გადასხმები გაუკეთებიათ. ვიცოდი, რომ წინა დღეს უკვე გაკეთებული ჰქონდათ გადასხმები და შედეგი ვერ მივიღეთ და როდესაც ექიმს შევხვდი, ქალბატონი იყო და ვთხოვე, -მითხარით, რა გვჭირს-მეთქი -ნუ პანიკობთ, საგანგაშო არაფერია, ტემპერატურაც კარგია და წნევაცო. ჩამომითვალეს, რაც გაუკეთეს და ბოლოს ტომოგრაფიაც მიხსენა, გადავუღეთ უკვე და საშიში არაფერია, ალბათ ვირუსულია, თქვენ თუ გინდათ, წაიყვანეთ თბილისში, მაგრამ საშიშს ვერაფერს ვხედავ, იქ რომ გადავიყვანოთ, რამე ხელჩასაჭიდი ხომ უნდა გვქონდესო...

სამედიცინო განათლება არ მაქვს და როდესაც ექიმი ამას მეუბნება, იმის მჯერა, რადგან მიმაჩნია, რომ მან ჩემზე მეტი იცის... ცოტა დამშვიდებული წამოვედი იქიდან, მაგრამ გული მეთანაღრებოდა, - ასე ძალიან რატომ ტკივა თავი, ასე რა ვირუსი შევხდა-მეთქი. ცოტა ხანში, ჩემმა ძმამ დამირეკა თბილისიდან. მან სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და კარგა ხანს ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოშიც მუშაობდა. მას რომ მოვუყევი რა და როგორ სტკიოდა მამუკას, მითხრა, სავარაუდოდ, ვირუსი არაფერ შუაშია, ანევრიზმა აქვს და სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეთო.

- ტომოგრაფია გადაუღეს თუ არა, ვერ გაარკვიეთ?

- კი, გადავუღეთო, - გვითხრეს და ამიტომ ვიყავი უფრო მშვიდად, სისხლჩაქცევები რომ ჰქონოდა, როგორ ვერ ნახავდნენ-მეთქი, მაგრამ ფაქტია, ვერ ნახეს... არადა, ეს გენეტიკური ყოფილა და ჩემი და მამუკას ბიძაშვილს, ანუ დედის ძმისშვილსაც დაემართა, მაგრამ ის თბილისში გადავიყვანეთ პირდაპირ, იქ ექიმებმა დროულად დასვეს დიაგნოზი და გადაარჩინეს... მამუკას ვერ ვუშველეთ. ღამის 2 საათზე დაგვირეკეს, ვითარება დამძიმდაო. იქ რომ მივედით, გვითხრეს, -კრუნჩხვა შევამჩნიეთ და ხელოვნურად გვყავს დაძინებული, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, რომ ტვინი და გული არ დაეღალოსო. სისხლჩაქცევები შევამჩნიეთო...

დილის 10 საათზე გამოიძახეს რეანომობილი და საღამოს 9 საათზე მოვიდა. უკვე ისეთი მდგომარეობა იყო, ჩვენი მანქანით ვერ გავრისკავდით წაყვანას, შეგვეშინდა არაფერი მოსვლოდა... თელავის რეფერალურში ერთადერთი ნომრალური ექიმი იყო, ვინც დაგველაპარაკა მისი სახელი მახსოვს, ქართლოსი ერქვა, - მან გვითხრა, დღეს დილით მოვედი, პაციენტი გავსინჯე და სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვსო... ძალიან ვნანობ, ამათ რომ დავუჯერე, მაშინვე თბილისში უნდა წაგვეყვანა და იქნებ, გადაგვერჩინა. თბილისში ჩასულებმა, ყველაფერი გავაკეთეთ, ნეიროქირურგი, მაღალაშვილი გამოვიძახეთ, მაგრამ არაფერს აზრი არ ჰქონდა. 1 %-იან იმედსაც ვერ გვაძლევდნენ, გვითხრეს, - სისხლით აქვს თავი სავსეო...

- ადრეც სტკიოდა თავი მამუკას?

- დიახ, ადრეც იტკიებდა, მაგრამ დამაყუჩებელს სვამდა. ასეთი გაუსაძლისი აქამდე არ ჰქონია... ახლა მიცვალებული გვყავს ოჯახში, მას პატივისცემა სჭირდება, მაგრამ არც ახმეტას და არც თელავის სამედიცინო პერსონალს ამას არ შევარჩენთ, ჩვენ, ოჯახი რომ გავჩუმდეთ, ხალხი არ გაჩუმდება... თუ აქედან პირდაპირ თბილისში არ წაიყვანე პაციენტი, სიკვდილისთვის განწირულია, არავის აინტერესებს ეს ამბავი და ხალხი ასე უაზროდ იხოცება... 25 წლის ბიჭი თავის ტკივილის გამო დაიღუპა და ვინმე დამაჯერებს, რომ მისი შველა არ შეიძლებოდა? ობოლი ბიჭი იყო, დედა გარდაცვლილი ჰყავს. მამა და ძმა ისეთ დღეში არიან, გული დაგეწვება. გაუბედურდა ოჯახი...

კლინიკა "ლანცეტის" რეანიმაციული განყოფილების თანამშრომლების თქმით, თელავიდან ახალგაზრდა უმძიმესი, კომის მდგომარეობით შეიყვანეს.

სოსო დავითაშვილი, კლინიკა "ლანცეტის" რეანიმაციული განყოფილების უფროსი:

- ჩვენთან როცა შემოიყვანეს, პრაქტიკულად აზრი აღარ ჰქონდა ნეიროქირურგიულ ჩარევას. მთელი თავის ტვინი სავსე იყო სისხლით, ანევრიზმა ჰქონდა და სამბალიანი კომა. ეს არის ყველაზე მძიმე კომა. რამდენიმე დღიანი თავის ტკივილები ჰქონია ვიდრე საავადმყოფოს მიმართავდა... სავარაუდოდ, თანდაყოლილი ანევრიზმის გასკდომასთან უნდა გვქონდეს საქმე, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი. ჩვენთან რა მდგომარეობაშიც შემოიყვანეს მე ეს შემიძლია გითხრათ. რამ გამოიწვია ინსულტი ან რა მკურნალობა ჩაუტარდა თელავსა და ახმეტაში, არ ვიცი.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. საავადმყოფოს მმართველი კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელის გიორგი ნიორაძის თქმით, - "თუ ექიმის მხრიდან რაიმე შეცდომა ან გადაცდომა იყო, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე შესაბამისი ზომები იქნება მიღებული".

მამუკა სახლთხუციშვილის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. სააგენტოს წარმომადგენლის მარი ჟვანიას განცხადებით, ისინი სამედიცინო ისტორიების შემოწმების ნებართვის მისაღებად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალუარდ საიტისთვის)