"მე დავუდგები ირაკლი ოქრუაშვილს ზურაბ წერეთელთან შუამავლად"! - სტალინის ქანდაკებას წერეთლი გააკეთებს?! - კვირის პალიტრა

"მე დავუდგები ირაკლი ოქრუაშვილს ზურაბ წერეთელთან შუამავლად"! - სტალინის ქანდაკებას წერეთლი გააკეთებს?!

"ალბათ სტალინის 7 - მეტრიან ძეგლზეა ლაპარაკი, რადგან ზურას უყვარს გრანდიოზული მონუმენტები..."

"ის თუ ფიროსმანია, ეს ზურა წერეთელია და ვიდრე არ მოკვდება, მანამდე არ უნდა დავაფასოთ"?

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თუ გორის მოსახლეობის სურვილი იქნება, რომ სტალინის ძეგლი დააბრუნონ, საკრებულო ამაზე იმსჯელებს... ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "დიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სტალინის ახალი ძეგლის შექმნაზე ცნობილ ქართველ მხატვარ ზურაბ წერეთელთანაც უკვე ისაუბრა... "ახალი ძეგლის დამზადების თაობაზე ერთხელ, ზურაბ წერეთელს ვესაუბრე პირადი ინტერესიდან გამომდინარე და ვკითხე, რა დაჯდებოდა ის, - მითხრა, მილიონნახევარი დოლარიო. ეს თანხა გულისხმობს ჩამოტანის ხარჯებსაც".

გვესაუბრება ზურაბ წერეთლის უახლოესი მეგობარი ფერდინანდ ლორთქიფანიძე:

- მე ზურას შორეული ნათესავიც ვარ, მასთან მრავალწლიანი მეგობრობაც მაკავშირებს და ძალიან ბევრ პროექტზე მასთან ერთად მიმუშავია. მგონი, ძალიან დიდი გაუგებრობაა ეს ყველაფერი. ძეგლი არსებობს და თუ ძეგლი უნდა დააბრუნონ, მაშინ ზურა წერეთელი რა შუაშია? - ახალი ქანდაკება თუ უნდა შექმნას ზურაბ წერეთელმა, ეს უკვე სულ სხვა საკითხია. მივმართავ ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს, რომ შუამავლად დავუდგები ზურაბ წერეთელთან! მილიონნახევარ დოლარს რომ ახსენებენ, ეს სულაც არ არის ძვირი! ალბათ სტალინის  7 - მეტრიან ძეგლზეა ლაპარაკი, რადგან ზურას უყვარს გრანდიოზული მონუმენტები...

მიხეილ სააკაშვილმა რომ ქუთაისში მემორალი დაანგრია, მემორიალის წინ იდგა ცხენზე მჯდომი მზეჭაბუკის ძეგლი, რომელიც 5 მილიონი ღირს... ბიძინა ივანიშვილმა თუ ფიროსმანის პატარა ნახატში მილიონი დოლარი გადაიხადა, 7-მეტრიანი მონუმენტი ამდენი აღარ ღირს? ის თუ ფიროსმანია, ეს ზურა წერეთელია და ვიდრე არ მოკვდება, მანამდე არ უნდა დავაფასოთ? - ცოცხალს არავის ვაფასებთ და ახლა უკვე მკვდრებსაც ვლანძღავთ, სტალინსაც გადავწვდით. თუმცა სტალინის კულტის ნგრევა ნიკიტა ხრუშჩოვის ბრალია, იმ ცალტვინა კაცის! მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი ხრუშჩოვის დროს, ვინც გორში ჩავიდა და გორელებს შეხვდა. თბილისში რომ დავბრუნდი უკვე სროლა იყო ატეხილი და სამი დაჭრილი გადავიყვანე ჩემს სახლში. გზაში ბენზინი გამითავდა და ხალხმა მანქანა ხელით მიმატანინა სახლამდე ცნობილი ქართველი რეჟისორი, გია დანელია მეუბნებოდა, ხრუშჩოვის ბრძანება იყო სტალინის არქივიდან რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია გაგვენადგურებინაო, მაგრამ გია დანელია დიდი ქართველია და რა თქმა უნდა, არ დაემორჩილა!

ზურაბ წერეთელი ვლადიმირ პუტინის მონუმენტზე მუშაობისას

- ზურაბ წერეთელსაც მოსწონს სტალინი?

- მე ქართველი კაცი არ მეგულება, რომელიც სტალინით არ ამაყობს, თუ რეპრესირებულთა ოჯახიდან არ არის. ზურას ოჯახიდან არავინ ყოფილა რეპრესირებული და რა თქმა უნდა, მასაც მოსწონს სტალინი! ქართველი კი არა, ეროვნებით ქურთი ფირუზ ამიროვი მუშაობდა ჩემთან და ის ამბობს: მამაჩემი და მისი ძმა 1943 წელს ომში მიდიოდნენ, მაგრამ იმ წელს გამოვიდა ბრძანება, მცირე ერის წარმომადგენლები ომში არ წაეყვანათო... ასე გადაარჩინა სტალინმა საქართველოში ქურთები და სხვა მცირე ერის წარმომადგენლები.

- თქვენ ესაუბრეთ ზურა წერეთელს სტალინის ძეგლის შესახებ?

- ზურა თითქმის სულ ამერიკაშია. იქ ძეგლზე მუშაობს. ამ ძეგლის შესახებ ჯერჯერობით არ მილაპარაკია, მაგრამ ვაპირებ! ზურა უდიდესი ქველმოქმედია, მე უფრო დიდი ქველმოქმედი არც მეგულება! ის მხოლოდ საქართველოს კი არ ეხმარება. მე ზურასთან ერთად ვყოფილვარ ბევრ ქვეყანაში და მოწმე ვარ რამდენი ძეგლი დაუდგამს ამ ქვეყნებისთვის უსასყიდლოდ! ჩემზე უკეთ ალბათ არავინ იცის ზურა წერეთლის ნამუშევრების მხატვრული ღირებულება, მაგრამ გორში იყო ძეგლი და სჯობია ის აღადგინონ! თუ ზურა წერეთლის მიერ შექმნილი ძეგლი დაიდგმება, ეს უკვე მთელი მსოფლიოს თვალში სხვანაირად წარმოგვაჩენს!..

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)