"მეხუთეზე კი არა, მეთოთხმეტეზე რომ მეცხოვრა, იქაც ავიყვანდი" - როგორ მოხვდა "ჟიგული" მე-5 სართულზე?! - კვირის პალიტრა

"მეხუთეზე კი არა, მეთოთხმეტეზე რომ მეცხოვრა, იქაც ავიყვანდი" - როგორ მოხვდა "ჟიგული" მე-5 სართულზე?!

მანქანა 25 წელია აივანზე ჟანგდება

ამას წინათ დიღმის მასივში ტაქსით მივდიოდი. უცებ კორპუსის მიშენებულ აივანზე მანქანა შევნიშნე. ვიფიქრე, ხომ არ მელანდება-მეთქი? ფანჯრიდან თავი გავყავი და კისერი ისე წავიგრძელე, მძღოლი მიხვდა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და დამამშვიდა, - არ გეჩვენებათ, მანდ ეგ მანქანა პატრონმა 25 წლის წინ აიტანაო!

მძღოლს მადლობა გადავუხადე, ტაქსიდან გადმოვედი და მანქანის პატრონთან ავიჭერი. კარი გვიან გამიღეს. როცა ვუთხარი, რაც მინდოდა, ცხვირწინ მომიხურეს, - გაგვიწყალეთ გული ჟურნალისტებმა, რით ვეღარ გაიგეთ, რომ ამ მანქანაზე არავის ველაპარაკებითო! მანქანაზე ლაპარაკი თქვენი ნებაა, მაგრამ არა მგონია, ჟურნალისტებს თქვენთვის რაიმე დაეშავებინოთ, მით უფრო "კვირის პალიტრას"-მეთქი. "კვირის პალიტრის" ხსენებაზე კარი კვლავ გაიღო, - თქვენ უარს ვერ გეტყვითო...

- მითხრეს, დიდი ხანია, ეგ მანქანა მანდ დგასო... უბრალო ნივთი ხომ არ იყო, 2-ტონიან მანქანას ხელი დაავლეთ და მეხუთე სართულზე აიტაცეთ?!

- 90-იანი წლები ხომ გახსოვთ, ხალხმა ყველაფრის მოპარვა დაიწყო. რატომ უნდა გამეტანებინა ჩემი ქონება სხვისთვის? მეხუთეზე კი არა, მეთოთხმეტე სართულზე რომ მეცხოვრა, იქაც ავიყვანდი. მაგრამ უშველა, რო? აქაც გამიძარცვეს - სახურავზე დადგნენ და ბაწრით ჩამოეშვნენ ჩემს სართულზე...

ეგ საბჭოთა "ჟიგული" მაშინ ბევრისთვის სანატრელი მანქანა იყო, პრესტიჟული სამსახური თუ არ გქონდა, ვერ იყიდდი. მეც მქონდა და ვიყიდე, ახალთახალი იყო, სულ 39 კილომეტრი ჰქონდა გავლილი; მოეწონათ ყაჩაღებს და დახსნეს რაღაც-რაღაცები. ახლობელი ამწეზე მუშაობდა, ვთხოვე, მიშველე-მეთქი. ამწით დამისვა აივანზე!

- ახლა რატომ აღარ ჩაგყავთ ეზოში, ამწის ფული აღარ გაქვთ?

- აღარც ფული მაქვს და აღარც თავი. მანქანა კი შემრჩა, მაგრამ ცხოვრებამ ბევრი ცუდი რამე მომიწყო... გზაზე ყაჩაღები დამხვდნენ. თავში ჩამარტყეს და ასფალტზე დაგდებული მხოლოდ დილით მოვედი გონს. მას შემდეგ წავიდა ჩემი საქმე უკან. მანქანა კი დამიჟანგდა, - ქარ-წვიმამ ფერი შეუცვალა. რომ გადავაფარე, უარესი მოხდა - ნესტმა გამოჭამა. ახლა ნაწილებს სადღაც-სადღაც ვშოულობ და საკუთარი ხელით ვარემონტებ - გაყიდვა მინდა.

- საბჭოთა მანქანას დღეს ვინ იყიდის?!

- ვისაც სჭირდება! - მომიჭრა გაღიზიანებულმა.

ნაჩქარევად გამოვემშვიდობე და კიბეზე დავეშვი. ეზოში გამოსულმა კი კიდევ ერთხელ შევავლე თვალი დეკორაციად ქცეულ მანქანას...

ეთერ ერაძე (სპეცოალურად საიტისთვის)