"რეკორდში" დამყარებული რეკორდის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში კინო აღარ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"რეკორდში" დამყარებული რეკორდის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში კინო აღარ ყოფილა"

"კვირის პალიტრა", ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2016 წელს

გოვენ ჭეიშვილი: "ერთ დღეს სახლში ფოსტალიონი მომადგა და პრემია მომიტანა - ერთი მანქანის ფული"

კობა ღვინიაშვილი: "ვერაფრით ვიღებდი დაღონებულ იერს. ამის გამო მართლა დავღონდი. სწორედ ამ მომენტით ისარგებლა რეჟისორმა"

1973 წელს ეკრანებზე გამოვიდა გურამ პატარაიას ფილმი "რეკორდი". ცნობილ რეჟისორს მისი გადაღების იდეა ჩეხი მწერლის, კარელ ჩაპეკის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დაჰბადებია, თუმცა სცენარში ჩაპეკისგან მხოლოდ ქვა მოხვდა, სიუჟეტი კი სამეგრელოში ჯოტია ცაავასა და მშვენიერი შოუს სიყვარულის ფონზე განვითარდა... "კვირის პალიტრა" ხუტა უფროსის როლის შემსრულებელ გოვენ ჭეიშვილსა და ჯოტია ცაავას განმსახიერებელ კობა ღვინიაშვილს გაესაუბრა.

გოვენ ჭეიშვილი:

- მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდით, როდესაც გურამ პატარაიამ სცენარი გადმომცა, ღინტუს როლს გაეცანიო. როლი ძალიან მომეწონა. კახი კავსაძეს ხუტა უფროსი უნდა განესახიერებინა. შემიკერეს ღინტუს ფორმა და თვე-ნახევრის შემდეგ მარტვილში (მაშინდელი გეგეჭკორი) გავემგზავრეთ გადასაღებად. გადაღების წინ კახის რაღაც პრობლემა შეექმნა და უარი თქვა მონაწილეობაზე... ვდგავარ მარტვილის ცენტრში მილიციელის ფორმაში გამოწყობილი და ამ დროს რეჟისორის თანაშემწე ლია გოგელია მორბის: გურამ, როგორც იქნა, ვიპოვეთო. რომ მომიახლოვდა, ცერა თითი ასწია, აი, ასეთი ღინტუ გვეყოლებაო. გაოცებულმა პირდაპირ ვუთხარი, ა ბატონო, ჩემი ფორმა ჩაიბარეთ, მე წავედი-მეთქი. სად მიდიხარო, გაიკვირვეს. ღინტუ გიპოვიათ და მე რაღა მინდა-მეთქი? თურმე ვინ გიშვებს, ახლავე ააძვრეთ მის ფორმას სამხრეები და ხუტა უფროსის დააკერეთო. მოკლედ, მომიმატეს წოდება და გავხდი ხუტა უფროსი, ჯუმბერ ჟვანია კი, ღინტუ.

ედუარდ შევარდნაძე რომ არა, ეს ფილმი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

- რას გულისხმობთ?

- ფილმის გადაღება 1972 წელს დასრულდა, თუმცა საქართველოს რესპუბლისკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კეთილაძემ დაიწუნა - რა გინდათ ამით თქვათ, რომ ასეთი უვიცი მილიცია გვყავსო და ფილმი თაროზე შემოიდო. ეს ამბავი შევარდნაძის ყურამდე მივიდა... ის ფილმის შინაარსით დაინტერესდა, ნახა და მალევეA "რეკორდი" შუა აზიაში სატელევიზიო ფილმების მეექვსე საკავშირო ფესტივალზე გაუშვეს, საიდანაც პრიზით დაბრუნდა. ერთ დღესაც სახლში ფოსტალიონი მომადგა და პრემია მომიტანა. იმდენად დაუჯერებელი იყო ეს ამბავი, რომ მთელი თვე არ ვართმევდი ფოსტალიონს ფულს, რაღაც შეცდომა რომ იყოს, მე ამ თანხის უკან მომტანი აღარ ვარ-მეთქი.

- დიდი თანხა იყო?

- ერთი მანქანის ფული... მას შემდეგ 40 წელზე მეტი გავიდა. მალე 76 წლის გავხდები. 1992 წელს ტრავმა მივიღე და ლოგინად ჩავვარდი, 101 კგ ჩავწექი და 37 კგ ავდექი, მაინც მოვერიე ავადმყოფობას, ჯინიანი ჭეიშვილი ვარ.

კობა ღვინიაშვილი:

- ფილმის გადაღების დროს 26 წლის ვიყავი. მაშინ გადამღები ჯგუფის წევრად ვმუშაობდი. ერთ დღესაც გურამ პატარაიამ შემომთავაზა ჯოტია ცაავას როლი. ვიუარე, სკოლის წარმოდგენებშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა, ამ საქმისგან შორს ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც დამიყოლია. კამერასთან მუშაობა მაინცდამაინც არ გამჭირვებია... ყველაზე მეტად იმ სცენის გადაღება გამიჭირდა, რომელშიც კომისიის წინაშე ვამყარებ რეკორდს. ხუტა უფროსი მეძახის: "ესროლე, ესროლე, მე შენ გელაპარაკები!" მე ვისვრი, ჩემი გასროლილი ქვა წყალში ადენს ტყაპანს და ვრჩები დაღონებული. მე ხომ პროფესიონალი მსახიობი არა ვარ. ვერაფრით ვიღებდი დაღონებულ იერს. ამის გამო მართლა დავღონდი. სწორედ ამ მომენტით ისარგებლა რეჟისორმა.

გადასაღებ მოედანზე რომ მიმიყვანეს, გოვენიც და ჯუმბერიც უკვე მილიციის ფორმაში იყვნენ. მე მართლა მილიციელები მეგონენ. ისინი როლის მოსარგებად ხშირად დადიოდნენ მოტოციკლით. ერთ დღესაც საწვავი გამოლევიათ. რას იზამდნენ, დამდგარან შუა გზაზე. ბედად ხეტყით დატვირთულ სატვირთო მანქანას ჩამოუვლია. გაუჩერებიათ. მძღოლი ნერვიულობისაგან გათეთრებული ჩამოსულა. ჯუმბერი კი უცნია, მაგრამ რა იცოდა, რაში იყო საქმე. ჩუმად უკითხავს: რამდენი ხანია, რაც ეს ფორმა ჩაიცვიო? იმასაც არ დაუმალავს, 2 თვეაო. მძღოლს ჯიბიდან კონვერტში ჩალაგებული ფული ამოუღია და ჯიბეში უდებს თურმე ჯუმბერს - ქრთამს აძლევდა, ეგონა, საციხო საქმეზე წაასწრეს. ჯუმბერს უთქვამს, ეგ კონვერტი რად მინდა, თუ შეგიძლია ცოტა საწვავი ჩამისხიო. როცა სიტუაციაში გაერკვია ის მძღოლი, მოგვაკითხა და მთელი გადამღები ჯგუფი დაგვპატიჟა საქეიფოდ. ფილმის სცენარის მიხედვით მე შოუსთვის უნდა მეკოცნა. შოუს საქმრო ჰყავდა. დედამისი გაგიჟდა, რას ჰქვია ჯოტიამ უნდა აკოცოსო, და იმდენი ქნა, სანამ სცენარი არ შეაცვლევინა გურამ პატარაიას.

რეკორდში დამყარებული რეკორდის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში კინო აღარ ყოფილა. დავოჯახდი, მყავს მეუღლე და ერთი შვილი. უკვე მეორე ათეული წელია ტელევიზიის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ბრიგადის წევრი ვარ. სამსახურში 3 კობა ვართ, ჰოდა, მე ჯოტიას მეძახიან, დანარჩენებში რომ არ ავერიო.

ეკა სალაღაია