"15 წლის წინ შაორის გარშემო კლდეებში ვიპოვე იმ მოლუსკის ნიჟარა, რომელიც შავ ზღვაში 150 000 წლის წინ ცოცხლობდა" - კვირის პალიტრა

"15 წლის წინ შაორის გარშემო კლდეებში ვიპოვე იმ მოლუსკის ნიჟარა, რომელიც შავ ზღვაში 150 000 წლის წინ ცოცხლობდა"

მკვლელი ნიჟარები და მოლუსკების "სასახლის" იდუმალება!

ნიჟარა ბუნების ხელთუქმნელი ხელოვნების ნიმუშია, განსაკუთრებით ზღვის - რაც უფრო ღრმად ბინადრობენ მოლუსკები ოკეანეთა ფსკერზე, მით გამაოგნებელია მათი ზურგზემოკიდებული "სასახლის" სილამაზე და იდუმალება! ეს იდუმალება ადამიანს იმდენად იზიდავდა, რომ ნიჟარა ღვთიურობასთანაც კი დააკავშირა - ბერძნული სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ნიჟარაზე მდგარი ამოიმართა ტალღებიდან; ნიჟარა უჭირავს ხელში ინდურ ღვთაება შივასაც - მან ხომ ოკეანის ურჩხული დაამარცხა. მსოფლიოში დღეს ნიჟარების ასეულობით კოლექციონერია. ბიოლოგი ვალერი პეტროვი ნიჟარებს 10 წლის ასაკიდან აგროვებს.

- ხშირად მეკითხებიან, რა არის ასეთი ეს ნიჟარები, რომ მის შეგროვებას 36 წელია, თავი ვერ დაანებო. ჩემს კოლექციას რომ ნახავენ, ჩუმდებიან - სილამაზეს ყოველთვის აქვს დამატყვევებელი ძალა. ნიჟარას სამყაროს პატარა მოდელად მივიჩნევ, ის არის ზუსტი ნიმუში სამყაროს იმ კანონისა, რომ ჩვენ გარშემო ყოველივე სპირალური ენერგიით მოძრაობს და ამგვარად იღებს ენერგიას. თუნდაც ხეებს ტოტები სპირალურად აქვთ მერქანზე განლაგებული, ადამიანებიც სპირალური ენერგიით ვცოცხლობთ, - ვიბადებით, ვვითარდებით, მივდივართ მაქსიმალურ ზღვრამდე, მერე კი უკან-უკან ვეშვებით... მაგრამ ადამიანებს საყრდენი ჩონჩხი სხეულის შიგნით გვაქვს, მოლუსკებს კი ჩონჩხი, ნიჟარა ზურგით დააქვთ.

ჩემს კოლექციაში 1000-მდე ნიჟარაა, მათ შორის არის ყველაზე შხამიანი მოლუსკების ნიჟარებიც. ძალიან მიხარია, რომ, ამ სილამაზით ხალხი, მათ შორის, ბავშვები ტკბებიან. სწორედ ამიტომ მივიტანე ეს კოლექცია აბრეშუმის მუზეუმში, სადაც ბევრი პატარა ხედავს, რა შეუძლია შექმნას ბუნებამ და იქნებ ამ ბუნების მოვლაც შეძლონ.

- ყველაზე შხამიანი მოლუსკები ახსენეთ...

- ეს არის Conus Geographus - გეოგრაფიული კონუსი. მისი შხამი დედამიწის ათ უძლიერეს შხამს შორისაა. ეს 15-20 სმ-იანი არსება ავსტრალიისა და აზიის წყლების სანაპიროებზე, ასევე ცენტრალური წყნარი ოკეანის რეგიონებში ბინადრობს.

თუ ადამიანი მისმა სილამაზემ იმდენად მოხიბლა, რომ ხელში აიღო, მოლუსკმა კი დინგი შეასო, მისი საქმე წასულია! მსხვერპლს გონების დაკარგვამდე ტკივილი იპყრობს, თითები უშეშდება და ქოშინს იწყებს, კოორდინაცია ეკარგება და კომაში ვარდება. ამ შხამის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. ექიმებს ისღა შეუძლიათ, ნაკბენი გასერონ და ჭრილობიდან რაც შეიძლება მეტი სისხლი გამოუშვან, რათა შხამმა ორგანიზმში გადასვლა ვერ მოასწროს, რაც ცხადია, უმრავლეს შემთხვევაში მიუღწეველია!

მკვლელია მაცდურად ლამაზი ზღვის კიდევ ერთი ციცქნა ბინადარი - ცისფერწინწკლებიანი რვაფეხა. მისი შხამიც იმ ათ უძლიერეს ბუნებრივ შხამს შორისაა, ადამიანს კბენისთანავე რომ ადამბლავებს, მაგრამ აუტანელი ტკივილით შეპყრობილი და პარალიზებული ადამიანი გარდაცვალებამდე არ კარგავს გონებას. რვაფეხას შხამი დაახლოებით 10 უძლიერესი ტოქსინისაგან შედგება, ერთ მოლუსკს 30 კაცის მოკვლა შეუძლია.

- უვნებელ ნიჟარებზეც მოგვიყევით, რომელიც ლამაზიც არის და სიკეთის მომტანიც.

- ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოიხსენიებენ ზღვის აბრეშუმის მწარმოებელ ბისუსის ნიჟარას, რომლის ძაფითაც იეჰოვას კარავი იყო მოქარგული. ბისუსის ნიჟარა ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ამ აბრეშუმის ძაფით იბამდა თავს. თუმცა დღეს ხმელთაშუა ზღვის თითქმის ყველა ქვეყანამ აკრძალა მისი მოპოვება - როგორც ყველაფერ ძვირფასს, კაცობრიობა ზღვის აბრეშუმსაც იმდენად ეტანებოდა, რომ მოლუსკი გადაშენების პირამდე მივიდა და წითელ წიგნშია შეტანილი.

არსებობს ჩანაწერები, რომ ზღვის აბრეშუმის ძაფით მოქსოვილი კაბა დედოფალ კლეოპატრას ჰქონდა და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში იცვამდა. ზღვის აბრეშუმს მოლუსკის ფეხის ჯირკვალი გამოიმუშავებს. თითოეული ბისუსი მხოლოდ 6 სმ-მდე სიგრძის 1-2 გრამ ძაფს გამოყოფს, რომლითაც ზღვის ფსკერზე კენჭებს მიებმება და წყალში ტივტივებს. ასე რომ, თუნდაც 100 გრამი ძაფის შესაქმნელად ათასობით მოლუსკია საჭირო.

შაორის გარშემო კლდეებში აღმოჩენილი მოლუსკის ნიჟარა

- თქვენი კოლექციიდან მარგალიტის ნიჟარები დაგავიწყდათ, მათში მარგალიტი აღარ არის, მაგრამ განუმეორებელი ფერები აქვთ შენარჩუნებული.

- ბუნებრივმა მარგალიტმა 5 მმ-ს რომ მიაღწიოს, 20 წელიწადია საჭირო. ის ორსაგდულიან (ორფირფიტიან) ნიჟარებში მაშინ იწყებს წარმოქმნას, როცა ამ საგდულების ოდნავ ღია "კარში" შეაღწევს ზღვის ქვიშის უმცირესი ნამცეცი. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ეს ნამცეცი მაშინვე მიემაგრებოდა სადაფს, მაგრამ ახლა, როცა მარგალიტის ხელოვნური ფერმები გაჩნდა, მის წარმოშობასაც დააკვირდნენ და აღმოჩნდა, რომ ნიჟარაში შეცურებული კენჭის ნამცეცი მოლუსკის გარშემო დაგორავს და სადაფსაც ასე იკრავს. მარგალიტის ფეროვნება კი იმაზეა დამოკიდებული, ზღვის რა სიღრმეზეა ნიჟარა და რა რაოდენობის სხივები შედის მასში - ასე რომ, მარგალიტის შემოქმედი მზეც არის. სწორედ ის ხატავს მარგალიტებს მკრთალი ვარდისფერი, ცისფერი, მწვანე თუ თეთრი ფერებით.

- თქვენი კოლექციის მარჯნებსაც განუმეორებელი ფერები აქვთ...

- მარჯნის რიფების საოცარი კონტურები ოკეანეთა ფსკერის კილომეტრებზეა გადაჭიმული და ღვთიურ რელიეფებს ქმნიან. რაც უფრო დიდ სიღრმეზე წარმოიქმნება მარჯანი, ანუ რაც უფრო იშვიათად აღწევს მზის სხივი მარჯნამდე, მით უფრო მუქია. ჩემს კოლექციაში შავი მარჯანიც არის.

- ბრძანეთ, ნიჟარა ჩონჩხია, რომელიც ცოცხალ მოლუსკს ზურგზე აქვს წამოკიდებულიო. როცა მოლუსკი კვდება, მისი ჩონჩხიც კვდება და იფიტება. ალბათ, ამიტომაც ამბობენ, რა ლამაზიც უნდა იყოს ნიჟარა, ის მაინც მკვდარია და მისი შინ გაჩერება ადამიანს ცუდ განწყობას უქმნისო.

- ცოცხალი ენერგიის გამზომი ხელსაწყოებით მაქვს ნიჟარების ენერგია გაზომილი. ის მართლაც ჩამქრალია, თუმცა, აცოცხლებს სილამაზე და იდუმალება...

დაახლოებით 15 წლის წინ შაორის გარშემო კლდეებში ვიპოვე იმ მოლუსკის ნიჟარა, რომელიც შავ ზღვაში 150 000 წლის წინ ცოცხლობდა და ახლაც ცოცხლობს. ეს ნიშნავს, რომ როცა კავკასია ზღვაში იყო ჩაძირული და წყალმა დაიწია, ფსკერზე ამოწვერილი კლდეები დედამიწაზე დარჩა და ამ კლდეებში სამუდამოდ ჩაქვავდა მოლუსკი მასზე წამოკიდებული ნიჟარით... თუმცა მისმა თანამოძმეებმა არსებობა დღემდე გააგრძელეს და ასე დაამტკიცეს, რომ სიცოცხლე მარადიულია...

"ალაჰის მარგალიტის" მსხვერპლი

ყველაზე დიდ მარგალიტად მსოფლიოში ითვლება ე.წ. ალაჰის მარგალიტი, რომელიც 1934 წელს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინების კუნძულ ფალავანთან აღმოაჩინეს. მარგალიტის ნიჟარა 300 კილოგრამს იწონიდა, ხოლო თავად მოლუსკის წონა 30 კილოგრამს აღემატებოდა.

ამ მარგალიტის პოვნის ისტორია ცნობილია თავისი ტრაგიზმით. 1934 წლის 7 მაისს ადგილობრივი ტომის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ უკვალოდ გაქრა მათი 18 წლის ბელადი ეტემი მას შემდეგ, რაც მან მარგალიტების საძებნელად წყალში ჩაყვინთა. როცა ეტემი ნიჟარას მიუახლოვდა და მარგალიტის ძებნა დაიწყო, მოლუსკმა თავისი ხვრელი დახურა და ეტემის ხელი ჩაითრია. ბიჭმა ვერაფრით შეძლო ხელის გათავისუფლება და წყლის ზედაპირზე ამოსვლა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაგნეს ეტემის სხეულს და მასთან ერთად უზარმაზარ ნიჟარასაც, რომლის შიგნითაც უიშვიათესი სიდიდის მარგალიტი იდო: მისი წონა 6, 35 კგ იყო, ხოლო ზომები 24X14 სმ. მარგალიტს არასწორი ფორმა ჰქონდა და ძალიან ჰგავდა ჩალმიანი ადამიანის თავს, ადგილობრივმა მოლამ მას "ალაჰის მარგალიტი""უწოდა. ის შეტანილია გინესის წიგნში, როგორც ყველაზე დიდი მარგალიტი მსოფლიოში.

ამ მარგალიტის პირველი მფლობელი იყო ამერიკელი არქეოლოგი ვილბურნ კობი, რომელსაც 1936 წელს ადგილობრივმა ბელადმა მადლიერების ნიშნად აჩუქა - კობმა ბელადის ვაჟი მალარიისაგან იხსნა. კობის სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეებისაგან მარგალიტი შეისყიდეს ვიქტორ ბარბიშმა და პიტერ ჰოფმანმა, მათ ძვირფას ქვაში 200.000 დოლარი გადაიხადეს, რაც იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა იყო.

ამჟამად მარგალიტი 40 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მისი მფლობელი ვიქტორ ბარბიში მას ამერიკის ერთ-ერთი ბანკის მიწისქვეშა საცავში ინახავს, თუმცა ძვირფასი ქვის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ცოტა ხნის წინ, ბარბიშმა ჟურნალისტებს უამბო, რომ წლების წინ მასთან მივიდა ბინ ლადენისაგან გამოგზავნილი ხალხი და ამ მარგალიტში 60 მილიონი დოლარი შესთავაზეს, რათა შემდეგ ძვირფასი თვალი სადამ ჰუსეინისათვის ეჩუქებინათ. ბარბიშმა განაცხადა, რომ აზრადაც არ მოსვლია მარგალიტის გაყიდვა. მას სურვილი აქვს, მარგალიტი აჩუქოს რომელიმე დიდ მუზეუმს, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს მისი ხილვის საშუალება.