"მე ლურსმანა მქვია, შვილიშვილებს კი ჩაქუჩა და ხერხა..." - უცნაური სახელები საქართველოში - კვირის პალიტრა

"მე ლურსმანა მქვია, შვილიშვილებს კი ჩაქუჩა და ხერხა..." - უცნაური სახელები საქართველოში

"რომ წამოვიზარდე, კი ვიკითხე, რას მერჩოდით-მეთქი, მაგრამ ჩვენ გარშემო იმდენი უცნაური სახელი ერქვათ ბავშვებს, რომ ამის კომპლექსი მალე გამიქრა."

ამას წინათ კახეთში ჩასულმა ტრადიციული კითხვა დავსვი: აბა, ვინ შეემეტა და დააკლდა წუთისოფელს-მეთქი?! სოფლის კოლორიტმა ზახარიჩმა სიგარეტს მოუკიდა, მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა და მომახალა, ბალღო, კარგით დავიწყო თუ ცუდითო? ჯერ ცუდით-მეთქი. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ კი: რუწია აღარ გვყავსო... ორი კვირის წინ დაუკრძალავთ 79 წლის რუწია ბებო, რომელმაც მთელი ცხოვრება კოლმეურნეობის ფერმაში მუშაობაში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმა არაერთხელ ჩააგდო უხერხულ სიტუაციაში, ყოველთვის ამაყობდა, რომ სოფელსა და, საზოგადოდ, საქართველოში (ვინ იცის, იქნებ მსოფლიოშიც) რუწია მხოლოდ მას ერქვა.

რუწიას მშობლებმა ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნეს. დაჭრილი არსენ ზურაბაშვილი რუსეთში სამკურნალოდ გადაუყვანიათ. ორი კვირის შემდეგ მოსკოვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დაჭრილი მიუყვანიათ. მათ შორის იყო გოგონა, სახელად ცირა. კახელი მამაკაცისა და მეგრელი გოგონას ნაცნობობა მალე სიყვარულში გადაზრდილა და საავადმყოფოდან გაწერილები რეაბილიტაციას მოსკოვში, ერთოთახიან ბინაში გადიოდნენ. ცირასა და არსენს მთელი ცხრა თვე ბიჭის მოლოდინში გაუტარებიათ, სახელიც წინასწარ შეურჩევიათ, მაგრამ გოგონას დაბადების შემდეგ, ცოლ-ქმარი სახელის შერჩევაზე ვერ შეთანხმებულა. საბოლოოდ მეგრულ შეუპოვრობას გაუმარჯვია და სახელიც უცნაური დაურქმევიათ. რუწია ბებო თავის სახელს ასე განმარტავდა: რუ - რუსეთს ნიშნავს და წია - წიეს (მეგრულად ბიჭს ნიშნავს) - ასე დაიბადა ახალი სახელი, რომელსაც ანალოგი არა აქვს.

რუწია ბებოს მსგავსად, საქართველოში არაერთი საინტერესო სახელისა და გვარის ადამიანი ცხოვრობდა, ახლაც ცხოვრობს და, ალბათ, მომავალშიც მრავლად თუ არა, იშვიათ "ეგზემპლარებად" მაინც იქნებიან.

როგორც 67 წლის ასლი კანკავა ამბობს, მისთვის სახელი ნათლიას დაურქმევია: - სამეგრელოში დავიბადე. სამი ბიჭის შემდეგ ნანატრი გოგონა ვიყავი. მშობლებს სხვა სახელის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ ნათლიაჩემს უცხოურ ჟურნალში ნანახი მსახიობი ქალისთვის მივუმსგავსებივარ. თურმე დაჰქონდა ამოჭრილი ფოტო და გაიძახოდა, ამის ასლია კანკავების გოგოო. ეს ამბავი სოფელში ყველამ გაიგო, ასე შემერქვა სახელი ასლი.

- არასდროს გაგიპროტესტებიათ?

- რომ წამოვიზარდე, კი ვიკითხე, რას მერჩოდით-მეთქი, მაგრამ ჩვენ გარშემო იმდენი უცნაური სახელი ერქვათ ბავშვებს, რომ ამის კომპლექსი მალე გამიქრა. უმაღლესში სწავლის დროს ყველა ასმათს მეძახდა. რაიონში დაბრუნების შემდეგ ისევ ასლს მეძახდნენ.

50 წლის დირექტორი საჯაია მარტვილში დაიბადა. როგორც მისმა ახლობელმა მითხრა, მშობლებს უნდოდათ, დიდი კაცი გამოსულიყო და დირექტორიც ამიტომ დაარქვეს, თუმცა ბიჭმა იმედი გაუცრუა, განათლება ვერ მიიღო, მაგრამ სახელი დირექტორი ხომ მაინც შერჩა.

72 წლის მოკონა ესებუას ნათესავები მის სახელს ასე განმარტავენ: მოკონა მეგრული სიტყვიდან მომდინარეობს და ქართულად სასურველს ნიშნავსო. მის მშობლებს რამდენიმე წელი შვილი არ ჰყავდათ და ამიტომაც დაურქმევიათ მოკონა.

კასანდრა უძილაური სოფელ ჩოხში ცხოვრობს. სახელი ცნობილ ტელესერიალ "კასანდრას" მთავარი გმირის პატივსაცემად დაარქვეს. ეამაყება, რომ ასეთი ლამაზი ქალის სახელი ჰქვია.

ლურსმანა გელანტია: - არ ვიცი, რატომ დამარქვეს ეს სახელი, მაგრამ 70 წელია ყველა ჩემს სახელზე ხალისობს.

- ვინ დაგარქვათ?

- ვინ დამარქმევდა?! მშობლებმა, ალბათ, ლურსმანივით წვეტიანი ფეხები და ტაფამირტყმულივით ბრტყელი თავი რომ მქონდა. რა ვიცი, აბა.

- ხშირად ჩავარდნილხართ სახელის გამო უხერხულ სიტუაციაში?

- მთელი ცხოვრება ეგრე არა ვარ? სადმე, უცხოებთან ერთად რომ მოვხვდებოდი და სახელს მეკითხებოდნენ, ლურსმანა-მეთქი, ვეუბნებოდი. ნამდვილი სახელი გვითხარიო, გადამეკიდებოდნენ ხოლმე. რამდენჯერმე ჩხუბიც მომსვლია.

- თქვენს შვილიშვილებს რა ჰქვიათ?

- ჩაქუჩა და ხერხა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. გიორგი, ნიკოლოზი და ლიზი. პირველი შვილიშვილი, ბიჭი რომ დაიბადა, მეზობლები მეკითხებოდნენ რა უნდა დაარქვათო? ვპასუხობდი, ჩაქუჩა-მეთქი.

ზარიზანი, არგენტინა, ქირურგი, ელშუქი...

1982 წელს გამოცემულ სატელეფონო ცნობარს თვალს თუ გადაავლებთ, იშვიათი სახელებისა და გვარების აბონენტებს აღმოაჩენთ. გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს:

მებონია ველოდი, შენგელია მენახო, ღვინჯილია ბროლისა, ჭანაია გონერი, ჟღარკავა ჟღარკუ, გოგოხია ანდამატი, მიქავა ლევტერი, გოგოხია აპამელა, ჩხაპელია ჯინჯიკო, გვარგვალია რუნდუკი, ხაჟამია ჟოზეფინა, მოლაშხია მენახა, კილასონია სააგენტო, კუტალია ემაილი, ცხადაია ვანცტა, გეთია ქორდიკო, ლომია ვეფხია, ეფსია ბოჩოლა, ტყებუჩავა ელშუქი, ღურწკაია ჭუჭუ, გოგია გოგია, კვირკვაია ძაძუ, კვირკველია ძიღვი, ჭუჭუა განგა, ქებურია ჯეელი, ფუჩუნაია ფუჩქი, გუჯუა ანჟელა, ქორჩილავა ქოგელი, ჭაჭავა ჭაჭუ, ღვინჯილია ხურთქი, შეროზია ბულბული, კონჯარია ფიზიკა, ესართია დაზმირი, ჟორჟოლიანი ბრძოლვერდი, როყვავა ჯართუ, ლემონჯავა არველოდი, გურინდია გულჭორი, ჯალაღონია ჩურია, ხაბუზანია გაჯია, მამულია კონვეირი, კუპეტია ლევტერი, როგავა გრიალა, პერტაია პაჭო, ცხვიტავა მუხუტური, ჯანჯღავა ლავანდა, ეფსია დირექტორი, ბასილაია ველოდი, კვარაცხელია ჯონსონი, ჯაკონია ნუგეში, ჯიჯელავა ზარიზანი, არგენტინა ჯამბურია, ზაზაძე სააგენტო, ეფსია ნაზიბროლა, ლომია ვეფხია, ბოქოლიშვილი ირმიზოლდი, მაძღარაშვილი ზესნა, ჭუჭულაშვილი განგა, მსხვილიძე ჯეელი, ბურძგლა ვილენ, შონია კომუნა, ქირურგი მახვილაძე...

პრინცესადან შეიხამდე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა წელს აღრიცხულ იშვიათ სახელებში ბევრი უცნაური სახელი ფიქსირდება. მათ შორისაა: ასკილი, დუელი, კევა, მღელვარე, პრინცესა, ტანაჯული, ტანგილიტა, ფაფა, ჩიტი, ჯაჯო, ჯახირი, ელეფტერია... 2014 წელს აღრიცხული იშვიათი სახელები კი ასეთია: ასლი, გიგანტი, ისრაილი, სილმზარი, ფაშამ შეიხი, მამული, მინა, რიზა და ა.შ.

თორნიკე ყაჯრიშვილი