"მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და..."
28-03-2016
"მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და..."
"შორენა ძალიან მეცოდება, ასეთი კარგი დედა იშვიათად შემხვედრია. ღმერთმა არ ქნას, რამე ცუდი მოხდეს"

ხერხემლის სამი მალის, ბეჭისა და ბარძაყის მოტეხილობები - ასეთია შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის პირველადი დიაგნოზი, რომელიც 25 მარტს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. როგორც თვითმხილველები "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ჰყვებიან, საღამოს მეგობრები ევასთან სტუმრობდნენ, როდესაც ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარ გოგონას მოულოდნელად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან, ინსტინქტურად მის დასაჭერად გადაიწია და მოაჯირს მარცხენა ხელი გაუშვა...
სასწრაფო
დახმარების ბრიგადამ დაშავებული გოგონა ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი იაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნანი ყავლაშვილი, იაშვილის სახელობის ცენტრალური კლინიკის ექიმი:
"ამ ეტაპზე დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით, როგორ
განვითარდება მოვლენები. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აქვს და ამჟამად მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ჯერჯერობით, მისი თურქეთში გადაყვანის საკითხი არ განხილულა, არც მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. განმეორებითი კვლევის შედეგებს ველოდებით და შემდეგ გადავწყვეტთ, რა მიმართულებით გაგრძელდება მკურნალობა. ამჟამად პაციენტს ტრავმატოლოგი და ნეიროქირურგი მეთვალყურეობენ"."

"კვირის პალიტრა" ესაუბრა მომღერალ ნინა წკრიალაშვილს, რომელმაც შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის მეგობრებთან ერთად მთელი ღამე კლინიკაში გაატარა:

- ევას ფანჯრის რაფაზე ჯდომა უყვარს. იმ საღამოსაც, ჩვეულებისამებრ, იჯდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და გადავარდა... საბედნიეროდ, გადავრჩით... ექიმები გვეუბნებიან, მდგომარეობა მძიმეაო, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ. ევას ხელ-ფეხი დამტვრეული აქვს, მალები - დაზიანებული, მაგრამ ხერხემლის დაზიანების ხარისხი ჯერ კიდევ დასადგენია.

- ითქვა, შესაძლოა, გოგონა ოპერაციისთვის თურქეთში წაიყვანონო.
- კვლევა ხელმეორედ უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ. თუ ბავშვის თურქეთში გადაყვანა გახდება საჭირო, შორენას მეგობრები გვერდში დავუდგებით. მთავარია, სწორი დიაგნოზი გვითხრან და მიმართულება მოგვცენ, უკან არაფერზე დავიხევთ. ჯერ ისიც კი არ ვიცით, არის თუ არა ევა იმ მდგომარეობაში, რომ საზღვარგარეთ გადავიყვანოთ. შორენა ძალიან მეცოდება, ასეთი კარგი დედა იშვიათად შემხვედრია. ღმერთმა არ ქნას, რამე ცუდი მოხდეს.

შემთხვევის დეტალების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით