მარტოობის სიყვარული, ანუ რისი დეფიციტია საზოგადოებაში - კვირის პალიტრა

მარტოობის სიყვარული, ანუ რისი დეფიციტია საზოგადოებაში

დღევანდელ საქართველოში უცხოეთში განათლების მიღება შეიძლება ითქვას ახალგაზრდების მისწრაფებად და გარკვეულ ტრენდად იქცა. რეალობა ის არის, რომ დღევანდელი თაობა ეძებს შესაძლებლობას დატოვოს საქართველოს საზღვრები და განათლება უცხოურ მიწაზე, უცხო ქალაქში, უცხო უნივერსიტეტებში, უცხო სწავლების სისტემებში მიიღოს.

რა არის განათლება? წიგნიერება, ნიჭიერება, გამოცდილება, პიროვნების შინაგანი მდგომარეობა თუ უბრალოდ მატერიალური საგანი რომელსაც დიპლომი ეწოდება? საეჭვოა, რომ მხოლოდ განათლების წყურვილის მიზნით ისწაფვოდეს ახალგაზრდობა საზღვარგარეთ, რადგან სათანადო სურვილის და მონდომების შემთხვევაში საკმაოდ ფუნდამენტალური განათლების მიღება საქართველოს ფარგლებშიც არის შესაძლებელი.

გამოკვლევა იმისა თუ რა შეიძლება იზიდავდეს ახალგაზრდობას უცხოეთისაკენ და რას ესწრაფვის ასე, დამოკიდებულია იმაზე თუ რისი დეფიციტია ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მშობლიურ ქალაქში. რა აკლიათ ახალგაზრდებს და რა არის სამშობლოში მათთვის მიუღწევადი რეალობა. ერთი შეხედვით ამ რიტორიკული ხასიათის კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა პასუხი მარტივია – დეფიციტი მარტოობაა.

საქართველოში, მარტოობის სიყვარული ინდეფერენტულობასთან, ინტროვერტობასთან და ასოციალურობასთან არის გაიგივებული, რეალურად კი მარტოობის სიყვარული სულის (პიროვნების) ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.

ბევრჯერ მიფიქრია, თუ რატომ არ შემხვედრია თბილისში, ლამაზ კაფეში მაგიდასთან მარტო მჯდომი გოგონა წიგნით ან დღიურით ხელში? ნუთუ ეს მარტოობის შიშია? რატომ უნდა იყოს საშიში მარტობაა, როდესაც მარტოობა არაფერია გარდა საკუთარ თავთან დარჩენისა? ნუთუ საკუთარი თავის გვეშინია? შეუძლებელია შეცნობილი გყავდეს პიროვნება და მასთან მარტო დარჩენის შიში გეუფლებოდეს. შესაბამისად ლეგიტიმური დასკვნაა, რომ თუ ადამიანს მარტო დარჩენის შიშის გრძნობა ეუფლება, ის საკუთარ თავს არ იცნობს და რეალურად აშინებს არა მარტოობა, არამედ საკუთარი სულის პოტენციურობა. სული იზრდება და მწიფდება მარტოობაში. მაშ როგორ შეიძლება ადამიანს ეშინოდეს სულის საზრდოსი?! მარტოობის მხოლოდ სიყვარული შეიძლება, რადგან მარტოობაში გაქვს დრო ულევი ოცნებებისა. სწორედ აქედან გამომდინარე, რეალურად რა დროს ატარებ ოცნებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მარტოობის ესენციაში. ამ ოცნებებით თამაში კი ყველაზე აზარტული და ამავე დროს მომგებიანი თამაშია. როგორც მარტოობაა სულის ზრდის წინაპირობა, ასევე ოცნება შეიძლევა აღვიქვათ როგორც მიზნის მიღწევის წინაპირობად. მარტოობაში ბევრი ოცნება დაფრინავს, რომლებსაც ჩამოყალიბება, მარტოობაში ზრდა, ხასიათში ფორმირება და შემდეგ მიზნებად ქცევა სჭირდება. ასე და ამგვარად სწავლობ ადამიანი საკუთარ მეს, ასაზრდოებ ინდივიდუალურ სულს, საკუთარ პიროვნებას და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით აშენებ ოდესღაც ოცნების ფორმაში მყოფ რეალობას. მარტოობაში სწავლობ თუ რა სახის ოცნებები და პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბო და ჩვევად აქცევ საკუთარ თავთან დარჩენას.

სწორედ ეს არის რეალური დეფიციტი, რასაც ახალგზარდები ქვეცნობიერად განიცდიან. ობიექტურად რომ შევხედოთ სურათს, საზღვრების და არსებული რეალობის დატოვების ასეთი ჟინი გარდაუვალია, რადგან მარტოობის კულტურა ასეთი მწირეა ჩვენს სამშობლოში. თუმცა რამდენად მისასალმებელია აღნიშნული ტენდენცია ეს ცალკე თემაა, რომელსაც დღეს არ შევეხებით, თუმცა ვისაუბრებთ იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ კულტურის დანერგვა საქართველოში.

იფიქრო საკუთარი ფიქრი და არა სხვისი, ამას არა თუ დიდი გაბედულება არამედ დიდი ცოდნაც სჭირდება. შეიძლება განგების მიერი გრავიტაციაა, რომ ამ თაობის დიდი ნაწილი ეუფლება მარტოობის სიყვარულს და სწორედ ჩვენი თაობა დაამკვიდრებს მარტოობის კულტურას საქართველოში. ახალი, დამოუკიდებელი ფიქრის წარმოშობა უტყუარი წინაპირობაა მარტოობის გაბედვის. მასის ინერციის წინააღმდეგ (საპირისპიროდ) იბადება ახალი ფიქრი, საკუთარი აზრი და შესაბამისად პიროვნული დამოუკიდებლობა. ჩვენი თაობა ის თაობაა, რომელმაც გაბედა ქმედითი სიტყვის თქმა, ცამეტი ივნისის ტრაგედიაზე ახალგაზრდობის რეაგირება ამის რეალური მაგალითია. ლექსების, სიმღერებისა და სხვა ბოჰემური გამოვლინებების მაგივრად, ახალგზარდებმა საკუთარი სიტყვა თქვეს და საქმე გააკეთეს.

და მაინც რატომ არის ასეთი აუცილებელი საკუთარი სულის (თავის) შეცნობა, რის საშუალებასაც მხოლოდ მარტოობა გვაძლევს? ადამიანი თუ საკუთარ სულს ვერ შეიცნობს, როგორ შეძლებს შეიყვაროს სხვა სული? როგორ შეძლებს შეიცნოს სამყარო, თუ მან საკუთარი რაობა ვერ შეიცნო? როგორ შეძლებს შექმნას ისეთი სახელმწიფო რომელშიც მისი სული იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და მშვიდი? როგორ შეძლებს მიუახლოვდეს ჭეშმარიტების აზრს, როდესაც საკუთარ სულს ვერ მიუახლოვდა? როგორ შეძლებს დაამყაროს სიტყვიერი კომუნიკაცია, როდესაც თვით სიტყვა სულის ამოძახილია?

რიტორიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიტყვების თამაშს და როგორც თანამედროვე ფილოსოფოსი კენეთ ბიორკი ამბობს, - ,,როცა ადამიანი საუბრობს, მისი წარმოთქმული თითოეული სიტყვით, ის გამოხატავს თუ როგორ შეიცნობს ის სამყაროს". სწორედ ამიტომ ფრაზები, როგორიცაა: "არაფერი ჩვენ არ გვეშველება" არ შეიძლება იყოს აქტუალური ჯანსაღ, განვითარებულ, თავისუფალ, ერუდირებულ საზოგადოებაში. მისი აქტუალურობა, სწორედ ინდივიდუალური (და ჯგუფური) დეგრადაციის გამოძახილია. ასეთი აპორეტიკული დიალოგები (აპორეა ნიშნავს უძალობას, უღონობას) ჭარბად იქნება ხალხში, მანამ სანამ მარტოობის ინდივიდუალური კულტურით არ ისაზრდოებს საზოგადოება.

ეს საკითხი საუკუნოვანი პრობლემაა. პლატონმა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნის საბერძნეთში ისაუბრა ამ თემაზე. პლატონის მიხედვით, სოკრატეს სიკვდილით დასჯა, საზოგადოებაში არსებული უსამართლობის შედეგი იყო. თუმცა მდგომარეობის გამოსწორება დემოკრატიულ ათენში კვლავ შესაძლებელი იქნებოდა ორი დებულების გათვალისწინებით. პლატონის მიხედვით, ბედნიერება დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფილოსოფოსი მოვა ხელისუფლების სათავეში, ან პოლიტიკოსი გახდება ფილოსოფოსი. ესენციურია, არა მხოლოდ პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის ფასეულობათა ჭიდილი, არამედ მათ მიერ პარადოქსულად აღქმული სამყაროს არსი.

სწორედ ამიტომ, სანამ დაველოდებით მოვლენათა განვითარებას თუ "რა გვეშველება" და ,,ვინ გვიშველის" იქამდე უმჯობესია ისეთ ,,მარტივ" კითხვებს ჩავუღრმავდეთ როგორებიცაა, ვინ ვართ ჩვენ? რა გვიყვარს? რა გვაშინებს? რა გვინდა? რას ვაკეთებთ საკუთარი მინდასთვის? სადაა პირადად ჩვენი როლი და ადგილი საზოგადოებაში? რა ინდივიდუალური ნიშნით გამოვირჩევით საზოგადოებაში? და ნუ შევგეშინდება საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის.

ნუცა ქისტაური, 21 წლის

პარიზის ამერიკული უნივერსტეტის გლობალური კომუნიკაციების და სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი