"თავად ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, რამაც პოლიციელობა გადამაწყვეტინა" - პოლიციელი ქალები - კვირის პალიტრა

"თავად ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, რამაც პოლიციელობა გადამაწყვეტინა" - პოლიციელი ქალები

"კვირის პალიტრის" არქივი, ჩაწერილია 2016 წელს

"თითოეული ქალი უნდა აცნობიერებდეს, რომ არავისზე ნაკლები არ არის და ბრძოლა გამოუცხადოს ძალადობას".

ერთი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია, მეორე - დეტექტივ-გამომძიებელი. როგორც ამბობენ, ქალი გამომძიებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა პოლიციელის მუნდირი ღირსეულად ატარონ და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნავენ.

მაია ფელიშვილი, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი: - პოლიციაში მისვლამდე მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. 2007 წელს შსს-ს პოლიციის აკადემიამ მიღება გამოაცხადა, ქალ პოლიციელებს ითხოვდნენ და კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ყველას უკვირდა, ასეთი რამ აზრად როგორ მოგივიდაო. აკადემიაში მოხვედრიდან 2 თვეში გავაცნობიერე, თუ რა იყო ჩემი პრობლემის მთავარი არსი. თავად ვიყავი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი და მთელი ეს წლები ვერ ვბედავდი დავპირისპირებოდი ამას. დავშორდი მოძალადე ქმარს და ცხოვრება თავიდან დავიწყე. შინაგანი პროტესტი ყველაზე დიდი საბაბი იყო იმისა, რომ ეს საქმე ავირჩიე, თუმცა ყოველთვის მქონდა დაჩაგრული ადამიანების დახმარების სურვილი...

ქვემო ქართლის რეგიონი სპეციფიკური დანაშაულებით გამოირჩევა, რადგან დასახლებულია ეროვნული უმცირესობებით, ხშირია ოჯახური ძალადობა. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახური ძალადობა სოციალური ფაქტორით აიხსნება, თუმცა ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არ არის გადამწყვეტი. იყო შემთხვევა, როცა შეძლებული ოჯახის ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. ის საჯარო სამსახურში მუშაობდა და როდესაც გამოძახებაზე მივდიოდით, ვერც წარმოვიდგენდი, ამ ქალის ოჯახში თუ აღმოვჩნდებოდი. ქალი, რომელიც მხვდებოდა სამსახურში, აბსოლუტურად არ ჰგავდა იმას, ვინც სადარბაზოში დამხვდა - შეშინებული, განადგურებული. ბავშვთან ერთად წამოვიყვანეთ სახლიდან. უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რას იტყვის ხალხიო, მაგრამ როდესაც ძალადობა ბავშვზეც გადავიდა, პოლიციაში დარეკა და შემაკავებელი ორდერის გაცემაზე დაგვთანხმდა. სასამართლო პროცესზე ქმარი უკვე ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, თავს აცოდებდა და ქალმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა შემაკავებელი ორდერის მიღებაზე. ნათესავების ჩარევით, ცოლ-ქმარი შერიგდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ძალადობა განმეორდა. როდესაც ასეთ გამოძახებაზე მიდიხარ, რისკი ყოველთვის დიდია. კაცი ცოლს იმეტებს მოსაკლავად და სხვას რას უზამს? მოძალადე შეიძლება განსაკუთრებით აგრესიული იყოს პოლიციელი ქალის მიმართ, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინო... მეორე მხრივ, არავინ თქვას, მამაკაცებისთვის უფრო ადვილია პოლიციელობაო, ქალს უფრო უადვილდება კომუნიკაცია და ამიტომ კონფლიქტურ სიტუაციებში ქალის ჩართულობა გაცილებით უკეთესია.

ორი ვაჟი მყავს. როცა ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობა მიწევს, მათ მარტო უწევთ ყოფნა. ასეთი კარგები რომ არ იყვნენ, ძალიან გამიჭირდებოდა. მინდა მივმართო ქალებს, რომლებიც ზრდიან ან უნდათ, გაზარდონ შვილები, თითოეული ქალი უნდა აცნობიერებდეს, რომ არავისზე ნაკლები არ არის და ბრძოლა გამოუცხადოს ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს მათ ეხება თუ მათ გვერდზე მყოფს. არასდროს იფიქრონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, არ შეეგუონ ძალადობას.

მაია ბერუაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი: - იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და სისხლის სამართლის პროფილი ავირჩიე. 2005 წელს დავიწყე მუშაობა გამომძიებლად...

გამომძიებლობა ქალისთვის ძალიან რისკიანი პროფესიაა. ფსიქოლოგიურადაც გაწონასწორებული უნდა იყო. ჯერ მარტო ბოროტმოქმედის დაკითხვაა რთული, თავისებური მიდგომა უნდა. ვფიქრობ, ქალებს უფრო მეტად გვაქვს ლავირების უნარი, ჩვენთან ზოგჯერ უფრო გულახდილნი არიან დამნაშავეები.

ყველაზე რთული მკვლელობების გამოძიებაა. ძნელია შემთხვევის ადგილზე მისვლა და გვამის დათვალიერება. არ უნდა გამოგეპაროს არც ერთი დეტალი. ამაზეა მთელი გამოძიება აგებული. ჩემი მეუღლე ამჟამად ადვოკატია, მაგრამ როცა ვიქორწინეთ, მაშინ გიორგიც გამომძიებელი იყო. მან იცის, როგორი შრომატევადია ჩემი საქმე. ერთი პროფესია გვქონდა და ერთმანეთისთვის ბევრი რჩევა მიგვიცია. იმის გამო, რომ პოლიციელი ქალი ხარ, თავზე ხელს არავინ გადაგისვამს, არავინ მოგთხოვს უფრო ნაკლებს, ვიდრე შენს კოლეგა მამაკაცს. ქალისა და მამაკაცის თემა პოლიციაში არ არის გამიჯნული. ისინი თანაბარნი არიან და რასაც მამაკაცი შეძლებს, იმავეს შეძლებს ქალი. მიყვარს ჩემი პროფესია, სხვა მხრივ, ალბათ, გამიჭირდებოდა.

ნანა ფიცხელაური