საცავში გამოკეტილი"ოქროს" ახალი სიცოცხლე - რეპორტაჟი საცავიდან, სადაც ფული და ოქრო წიგნმა ჩაანაცვლა - კვირის პალიტრა

საცავში გამოკეტილი"ოქროს" ახალი სიცოცხლე - რეპორტაჟი საცავიდან, სადაც ფული და ოქრო წიგნმა ჩაანაცვლა

თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება

გაკეთდება თანამედროვე საცავი კლიმატკონტროლით. გავმართავთ მუდმივმოქმედ გამოფენებს. მოეწყობა"ვეფხისტყაოსნის" კოლექციის, ყველაზე მინიატიურული ან პირველი ბეჭდური წიგნების გამოფენები...

მალე თბილისში სამუზეუმო ქუჩა გაჩნდება. ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება და ასეთი სტატუსი მიენიჭება ლადო გუდიაშვილის ქუჩას, სადაც დიდი მხატვრის სახელობის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამი კორპუსია. საქართველოში და, საზოგადოდ, კავკასიაში, პირველად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი მოეწყობა, სადაც რარიტეტული გამოცემები გამოიფინება. ნებისმიერ მსურველს, მათ შორის ტურისტებსაც, შეეძლებათ დაათვალიერონ საგანძური, რომელიც თითქმის საუკუნეა, საცავში ინახება.

ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი, სადაც ახლა სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაო მიმდინარეობს და რარიტეტები ინახება, ოდესღაც სათავადაზნაურო ბანკის შენობა იყო. ამ საცავში ფულსა და ოქროს ინახავდნენ. ერთი შეხედვით აქ ყველაფერი ძველებურად არის, ეგ არის, თაროებზე ფინანსური კაპიტალი ინტელექტუალურს ჩაუნაცვლებია და ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ წიგნები. თითოეულს მნიშვნელოვანი შინაარსის, ფორმისა და ზომა-წონის გარდა, საკუთარი ბიოგრაფიაც აქვს.

საცავი დაცვის ჯეროვან ფუნქციას მხოლოდ ერთი მხრივ ასრულებს - მძიმე და საიმედო საკეტი აქაურობას უცხო ხელისგან იცავს, მაგრამ კლიმატკონტროლის უქონლობის გამო "ბებერ" წიგნებს საფრთხე ემუქრება.

მეგზურობას იშვიათ გამოცემათა საცავის ხელმძღვანელი დალი მაჩაიძე მიწევს და მიხსნის, რომ აქ 19 000 უშვიათესი ეგზემპლარი ინახება. ზოგიერთი გამოცემა ერთადერთია, ზოგიც რამდენიმე. იშვიათი გამოცემის ტიტულის მისანიჭებლად რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. მაგალითად, ძველი გამოცემა, პოლიგრაფიული ხარისხი, გრავიურები, წიგნის ძალიან დიდი ზომა, ან პირიქით - ძალიან პატარა, არასტანდარტული და ა.შ. შესაძლოა, რარიტეტის ფუნქცია მფლობელის ავტოგრაფის გამოც მიენიჭოს ან გამოცემა ეპოქალური მნიშვნელობის იყოს. აქ ბეჭდურთან ერთად უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელნაწერებიც არის დაცული.

დალი მაჩაიძე: "შეგვიძლია თავი მოვიწონოთ 1515 წელს ევროპაში დაბეჭდილი ბიბლიით. ამავე საუკუნის სხვაც ბევრი წიგნი გვაქვს.

რარიტეტული საცავის სიმდიდრეა XVII საუკუნეში რომში კათოლიკობის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული ქართული წიგნებიც, 1629 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული გრამატიკის პირველი ეგზემპლარი. აქვეა მეფე ვახტანგ VI-ის პირველ ქართულ სტამბაში დაბეჭდილი ყველაზე სრულყოფილი კოლექცია".

ქალბატონი დალის განმარტებით, ამ სტამბის გამოცემების სრული სიიდან მხოლოდ ოთხი წიგნი ჰკლებიათ... ილია ჭავჭავაძის პირადი წიგნები, დიმიტრი ბაქრაძის შესანიშნავი კოლექცია,"ვეფხისტყაოსნის" კოლექცია... ვკითხულობ და თვალებს ვერ ვუჯერებ, აქ ის გამოცემებია, არასდროს რომ არ მინახავს.

მსოფლიოში სხვადასხვა ენაზე"ვეფხისტყაოსნის" 400-ზე მეტი გამოცემა არსებობს. ეროვნულ ბიბლიოთეკას კი 300-მდე ეგზემპლარი აქვს. მათ შორის, 1943 წელს ევროპაში ქართველი ჯარისკაცებისთვის დაბეჭდილი უნიკალური გამოცემა, რომელიც ცნობილმა ემიგრანტმა, მიხეილ კვალიაშვილმა ბიბლიოთეკისთვის გამოგზავნა. თუმცა, ამ წიგნს სარედაქციო კოლეგიის შესავალი არა აქვს და ქალბატონი დალის ვარაუდით, წიგნის საზღვარზე შემოსვლის შემდეგ შესავალმა ვიღაცას ანტისაბჭოთა განწყობა გაუჩინა და გაანადგურეს...

აქვეა 1940 წელს შალვა ნუცუბიძის რედაქტირებით გამოცემული"ვეფხისტყაოსნის" იმ დროს გასანადგურებლად განწირული ტირაჟიდან ერთი ეგზემპლარი. ეს ის ტირაჟია, სტალინმა რომ დაიწუნა და რამდენიმე შესწორება შეიტანა ტექსტში.

სიძველემოკიდებულ ყდებს ფრთხილად ვეხები."შეიძლება რომელიმე გადავშალო?" - ძლივს ვბედავ კითხვას. მეგზურს ეღიმებაL:L"ბევრს აქვს აქ შემოსვლისა და წიგნების დათვალიერების სურვილი, მაგრამ საცავში ეს შეუძლებელია. აქ რიგითი დამთვალიერებლის შემოსვლა იკრძალება, დაუშვებელია, ხელი შეახოს წიგნებს. მუზეუმის გახსნა ამ პრობლემას მოხსნის. ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნახოს იშვიათი გამოცემები და სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მათ შინაარსსაც გაეცნოს".

ვახტანგ მეფის სტამბაში დაბეჭდილი პირველი ბიბლიის ერთ-ერთი ეგზემპლარი თურმე რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ინახება. მეფეს სტამბა რომ დაუარსებია, ანთიმოზ ივერიელისთვის უთხოვია, მბეჭდავად შენი მოწაფე გამომიგზავნეო, შემდეგ კი მადლიერების ნიშნად საჩუქრად გაუტანებია ქართული სტამბის პირველად გამოცემული ბიბლია... აქვეა ძველისძველი, ეჩმიაძინის სტამბაში სომხურ ენაზე დაბეჭდილი ბიბლიაც.

რარიტეტებს საცავში მოხვედრის საინტერესო ისტორიებიც აქვთ. მათ შორის პარიზში გამოცემულ ბალმონტისეულ"ვეფხისტყაოსანს", რომელიც ჯუმბერ პატიაშვილს აჩუქა რევაზ თაბუკაშვილმა. ბატონ ჯუმბერს ბიბლიოთეკაში მიუტანია, მიჭირს განშორება, მაგრამ მისი ადგილი თქვენს საცავში უფროა, ვიდრე ჩემთანო."ამ საცავს ოქროს საცავს ვეძახით. მრავალი წლის წინ ფინანსური სამსახურებიდან მოსულან და მაშინდელი გამგისთვის უკითხავთ, აბა, სად რას ინახავთო. ოქროს საცავი გვაქვსო, სრული სერიოზულობით უპასუხია მასპინძელს. სტუმართაგან ერთ-ერთი დაინტერესებულა და როდესაც რარიტეტების საბრძანებელში შეიყვანეს, ვერ მიხვდა, რას ჰქონდა ოქროს ფასი. აბა, ოქროო, თურმე გაკვირვებული გაიძახოდა", - ამბობს დალი მაჩაიძე.

საცავიდან გამოსულთ, ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც შემოგვიერთდა. მისი თქმით, კარს, რომელიც დღეს საცავის მთავარი მცველის ფუნქციას ასრულებს, მალე სამუზეუმო ეგზემპლარის სტატუსი მიენიჭება, რადგან წიგნის მუზეუმი გულისხმობს ღია სივრცეს, სადაც იშვიათ გამოცემებს სხვა ფორმატში დაიცავენ.

გიორგი კეკელიძე: "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის პარტნიორობით და დ. ბეჟუაშვილის განათლების ფონდის  მხარდაჭერით იქმნება კავკასიაში ყველაზე დიდი და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და სტუმარს დაანახებს, რამდენად კულტურული ქვეყანა გვაქვს, რა დროიდან და რა დონეზე იყო ჩვენთან წიგნიერება. უდიდესში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური სიდიდე, არამედ მუზეუმში დაცული მასალების მნიშვნელობაც.

გაკეთდება თანამედროვე საცავი კლიმატკონტროლით. გავმართავთ მუდმივმოქმედ გამოფენებს. მოეწყობა"ვეფხისტყაოსნის" კოლექციის, ყველაზე მინიატიურული ან პირველი ბეჭდური წიგნების გამოფენები. შეიქმნება სპეციალური ციფრული პროგრამა, რომლის საშუალებით დამთვალიერებელი ნახავს, რა წერია ამ წიგნებში. ყოველთვიურად მოვაწყობთ სპეციალურ აქციას და მოვიძიებთ საქართველოში გაბნეულ იშვიათ გამოცემებს. მუზეუმის შექმნისთვის მემორანდუმი ამ დღეებში გაფორმდება და სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიხსნება".

P.S. ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი 2007 წლიდან დახურულია. შენობა არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ გარემონტებულა და უნიკალურად მოხატული კედლები თეთრად გადაუღებავთ. რესტავრაციისას ამ სითეთრის ქვეშ დაფარულ კედლის მხატვრობას აღადგენენ. ეროვნული ბიბლიოთეკა ახალი სიცოცხლისთვის ემზადება, რარიტეტები კი საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ ისევ შეხვდება მკითხველს.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა წიგნები

ყველაზე დიდი წიგნი პარიზში 1823 წელს გამოიცა. ის ერთად აკინძული ექვსი ტომისგან შედგება და არქიტექტურის ისტორიას ასახავს. თურმე ავტორი სერჟ დაჟენკური 35 წლის განმავლობაში ქმნიდა მას.

ყველაზე პატარა წიგნში, რომელიც 1812 წელს გამოუციათ, რუსეთ-საფრანგეთის ომის მონაწილე რუსი გენერლებია გამოსახული. იმდენად მაღალი ხარისხის არის, რომ მკაფიოდ ჩანს პორტრეტები, მათ შორის ჩვენებური პეტრე ბაგრატიონისაც.

გინესის რეკორდსმენი წიგნები

მსოფლიოში ყველაზე დიდი და პატარა წიგნების სახელები ცვალებადი ყოფილა. იმის გამო, რომ გამომცემლობები ორიგინალობას ამ მიმართულებითაც ცდილობენ, წიგნებიც ზომა-წონის მიხედვით სტატუსს დროდადრო იცვლიან. ამ დროისთვის და უკვე კარგა ხანია გინესის რეკორდსმენად მიიჩნევა ატლასი, რუკების ნაკრები, რომელიც ინგლისის მეფის კარლ მეორისთვის დაუმზადებიათ. წიგნი ლონდონის მუზეუმშია დაცული. ყველაზე პატარა წიგნი არის 2007 წელს დაბეჭდილი რობერტ ჩაპლინის მიერ დამზადებული წიგნი Teeny Ted From Turnip Town, მას მიკროსკოპის გარეშე ვერ წაიკითხავთ.