"დოდო აბაშიძემ მკითხა - გინდა, შაჰის ცოლს ვაკოცოო?"
04-04-2016
"დოდო აბაშიძემ მკითხა - გინდა, შაჰის ცოლს ვაკოცოო?"
ახლა აღარც ეს სახლია და აღარც ვერიჩკა. მისი მწვანე ეზოდან მხოლოდ ჭიშკარი დარჩა; როცა ჭიშკართან ჩავივლი, სევდა მიპყრობს, თუმცა წამსვე ფილმი მახსენდება და მეღიმება - ეს ღიმილი ქალბატონმა ნანამ დაგვიტოვა...

"ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმი საქართველოზე, რომელიც განგებამ ჩაკეტილ პროვინციად აქცია, მაგრამ ხალხს ღირსების გრძნობა არ დაუკარგა. ქართველები პროვინციაში ცხოვრობენ, მაგრამ "ევროპელებად" მოაქვთ თავი, კაბარეს ხსნიან და ქალებს ფრანგულად ამღერებენ... კოღოებით სავსე ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ სურთ შექმნან ფეხბურთის გუნდი, რომელიც ევროპულ
კლუბებს "დედას უტირებს!"


კინორეჟისორ ნანა მჭედლიძეს კინოსტუდიაში ხშირად შევხვედრივარ და მოვხიბლულვარ მისი უბრალოებით - არაფერი ზედმეტი, ყვავილებით დაჩითულ, თითქოს ათწლეულების წინ შეკერილ ძველმოდურ კაბებსაც კი უჩვეულო­ პეწით ატარებდა, - ძველი
იმერელი ქალებივით…მოიტანდა სიძველისა და უბრალოების სურნელს, ჩამოჯდებოდა და მოჰყვებოდა, ჩვენ კი გატაცებით ვუსმენდით... ხანდახან იქით, იმ შრეებში "გადაუხვევდა", დაავიწყდებოდა, საიდან დაიწყო, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, როცა იქ იმდენ რამეს დაგანახებდა, თან ისე ნიჭიერად გამოსახავდა, რომ თვალს ვერ აცილებდი! აი, ეს იყო, რის გამოც დიდი რეჟისორები გზასა და სიტყვას მოკრძალებით უთმობდნენ. ასეც რომ არ ყოფილიყო, არც ამაზე გადაირეოდა,­ - საკუთარი გამარჯვების მოწმე იმდენჯერ და თანაც იმდენ ქვეყანაში გამხდარა, რომ აღიარებაც გაუბრალოებული ჰქონდა. სამ მსოფლიო კინოფესტივალზე - თეირანში, ფლორენციასა და ობერჰაუზენში ოთხჯერ მიიღო მთავარი პრიზი.

როცა 1979 წელს თეირანში "პირველი მერცხალი" უჩვენეს, დარბაზი ჯერ გაყუჩდა,­ მერე კი ისე იგრიალა, თითქოს ჭერი ჩამოიქცა, სხვებთან ერთად ფეხზე ირანის შაჰი და დედოფალიც იდგნენ, რომელთაც ნანა მჭედლიძისთვის ჯილდოს გადაცემა თავად მოინდომეს.
"როცა ჯილდოს ასაღებად უნდა გავსულიყავით, დოდო აბაშიძე ჩემკენ გადმოიხარა, - სცენაზე რომ ავალ, გინდა, შაჰის ცოლს ვაკოცოო? ამის გაგონებაზე გული გამიჩერდა და - არ გაბედო-მეთქი! სცენაზე­ რომ ავიდა, ლამის სკამს დავაკვდი.­ კიდევ კარგი, არ აკოცა, სამაგიეროდ, ხელი მოჰკიდა­ და აღარ უშვებდა. დედოფალმა უხერხულობისაგან არ იცოდა, რა ექნა!".

"პირველი მერცხალის" შესახებ აკაკი ბაქრაძემ დაწერა: "ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმი საქართველოზე, რომელიც განგებამ ჩაკეტილ პროვინციად აქცია, მაგრამ ხალხს ღირსების გრძნობა არ დაუკარგა. ქართველები აქ სულაც არ არიან გაიდეალებულები: სნობობენ - პროვინციაში ცხოვრობენ, მაგრამ "ევროპელებად" მოაქვთ თავი, კაბარეს ხსნიან და ქალებს ფრანგულად ამღერებენ... კოღოებით სავსე ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ სურთ შექმნან ფეხბურთის გუნდი, რომელიც ევროპულ კლუბებს "დედას უტირებს!"…ეს ხალხი დარწმუნებულია, რომ ევროპული სივრცის შემადგენელი ნაწილია.­ მეტიც, ცდილობს, "იმათაც" დაუმტკიცოს ეს,…მაგრამ როცა""პირველი მერცხალი" სასტიკად მარცხდება ინგლისელებთან და ინგ­ლისელები ეროვნულ ჰიმნს მღერიან, დამ­არცხებულ ქართველებს კი არც სახელმწიფო­ აქვთ და არც ჰიმნი - ამ დროს "პირველი მერცხალიც" მღერის - არა ჰიმნს... მღერის ხალხურ სიმღერას, რომელიც მოწინააღმდეგეს დამარცხებულ, მაგრამ დიდი კულტურის ხალხს გააცნობს".…

არადა, როცა ნანა მჭედლიძე ამ ფილმს იღებდა, ეკითხებოდნენ, - ნუთუ საქართველ­ოში კაცი დაილია, რომ ფეხბურთზე ფილმს ქალი იღებსო! პარიზის კინოფესტივალზე, ფილმის დაჯილდოებისასაც იგივე იკითხეს და გაკვირვებულიც დარჩნენ, როცა დაუდ­ასტურეს, - ნამდვილად ქალია მისი დამდგმელიო! იმ დროის ფრანგული პრესა წერდა: "ეს უნიკალური შემთხვევაა კინოს ისტ­ორიაში, როცა კინორეჟისორი ქალი თავისი­ გმირი მამაკაცებისგან და იქნებ, საერთოდ, მამაკაცებისგან მოითხოვს რაინდულ კეთილშობილებას, მეტ ამბიციას და გამარჯვების რწმენას!".

"პირველი მერცხალი" დღესაც ხვდება­ ქართული ფილმების რეტროსპექტივაში ყველა იმ ევროპულ ფესტივალზე, სადაც ქართულ ფილმებს აჩვენებენ.

ახლა აღარც სახლია და აღარც ვერიჩკა.­ მისი მწვანე ეზოდან მხოლოდ ჭიშკარი დარჩა.

სულ სხვა ღიმილი და სიყვარუ­ლია "იმერული ესკიზები", რომლის შესახებ თავად რეჟისორი ხშირად ამბობდა: "აქ ყველაფერი­ ნამდვილია. ამ ფილმში არის ჩემი ნამდვილი ბავშვობა, ჩემი იმერეთი…- სცენებშიც იმერლები თამაშობენ, რომლებიც ზუსტად ისეთივენი არიან, როგორებიც არიან საერთოდ­ ცხოვრებაში. ის "მიცვალებულიც", მკვდრეთით რომ აღდა, ნამდვილად იყო ჩემს ბავშვობაში - ერთ დაკრძალვაზე მოსული მოხუცი ტირილით რომ დაიღალა,­ მეზობელ ოთახში გავიდა, ზეწარი გადაიფარა და მოისვენა. რომელიღაც მოტირალს კი მიცვალებული ის ეგონა, ზეწარი გადახადა და დატირება მოუნდომა".…

როცა დიდ ჯიხაიშში, ფილმის ერთ-ერთ გმირ პატარა გოგონას დავუკავშირდი, რომელიც ახლა დიდი ქალბატონი და სკოლის დირე­ქტორი ციცო ვაშაკიძეა და ქალბატონი ნანას გარდაცვალების შესახებ ვაცნობე, იმერელი ქალივით შეიცხადა, - ეს რა მითხა­რიო!…მერე კი ის დღეები, ფილმს რომ იღებდნენ, და ქალბატ­ონი ნანა ისე გაიხსენა,­ თითქოს ყველაფერი გუშინ იყო.

- მინდოდა, ფილმის მთავარ გმირს,­ ხონელ ნანა ქვათაძეს დავკავშირებოდი, რომლის "ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი" ხალხს დღესაც პირზე აკერია, მაგრამ ისიც, ბევრი ქართველი­ ქალივით, უცხოეთში წასულა სამუშაოდ...
- სამწუხაროდ, ასეთია ცხოვრება. დრო რომ არ არეულიყო, მისგან კარგი მსახიობი დადგებოდა,…ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, ყველა ხელში ჰყავდა შეკლული; სამაგიეროდ, კამერას მიუშვერდნენ და ყველა პირდაღებული შეჰყურებდა, - ისე იქცეოდა, თითქოს კამერის წინ დაბადებულ-გაზრდილიყო. ქალბატონი ნანა ამბობდა, - ქვეყანა შემოვატყავე ამის ძებნაში, ის კი თავად­ მოვიდა. ვიღაცას უთქვამს, - კინოს იღებ­ენო და მოგვადგა. ეცვა დამოკლებულსახელოებიანი პალტო, დახეული "ბათინკები", საიდანაც თითები უჩანდა, ჩანთა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული - გაკვეთილებიდან მოდიოდა. აპარატთან რომ დავაყენეთ, ყველაფერი ისე გააკეთა, ყველა გაოგნებული შევცქეროდით ერთმანეთსო.

- თქვენ ის ბავშვი ხართ, ვინც ფილმში დეპეშის შიშით აკივლებულ ბებიას წერილს­ უკითხავს.
- ზღაპარივით მახსოვს ის ზაფხული... ნანა მჭედლიძე ისე იქცეოდა, თითქოს აქ დაბადებულ-დაბერებული იყო. მახსოვს მისი საქციელი, ის სახლი პირველად რომ ნახა. ამ ულამაზეს სახლში, მხოლოდ ერთი ადგილობრივი მოსახლე, ვერიჩკა ცხოვრობდა, ქალბატონმა ნანამ სახლის დათვალიერებისას გულზე ხელი რომ მიიდო, აღარც ჩამოუღია, - აქ ყველაფერს სიძველის სუნი აქვსო. მთელი ზაფხული ეხვეწებოდა ვერიჩკას, - ან ღომი მოხარშე, ან ლობიო გააკეთე, ჭამა კი არ მინდა, მაგრამ ამას რომ აკეთებ და გიყურებ, მიხარიაო.

ახლა აღარც სახლია და აღარც ვერიჩკა.­ მისი მწვანე ეზოდან მხოლოდ ჭიშკარი დარჩა. როცა ჭიშკართან ჩავივლი, სევდა მიპყრობს,­ თუმცა წამსვე ფილმი მახსენდება და მეღიმება - ეს ღიმილი ქალბატონმა ნანამ დაგვიტოვა...

ეთერ ერაძე
მაია
26 ივნისი 2016 12:07
ძალიან ტკბილი წარსულია ეს.ასეთი ტბილი ფილმები გჭირდება კიდევ
რეზო
25 ივნისი 2016 18:18
დიდი ინტერესით წავიკითხე დიდ რეჟისორზე
შალვა
24 ივნისი 2016 11:26
რამდენი ხანია,ასეთი თბილი და საალერსო სიტყვები აღარ მომისმენია! ამდენი ერთმანეთის ლანძღვა გინების შემხედვარეს გული ამიჩუყა ამ ტკბილმა მოგონებებმა. რა კარგია,რომ არსებობენ ასეთი ადამიანები!

რედაქტორის რჩევით