"გლობალიზაცია გახლავთ ის, რომ შენი კულტურით შეხვიდე საერთო კულტუ­რაში"
04-04-2016
"გლობალიზაცია გახლავთ ის, რომ შენი კულტურით შეხვიდე საერთო კულტუ­რაში"
"მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი"

"მეც ფელინივით კინო და ცირკი მიყვარდა"

უნარების სავალდებულო გამოცდა მიმაჩნია უბედურებად. ვინც კარგად ჩააბარებს­ უნარ-ჩვევებს, ის არ უნდა გააკარო ხელოვნებას. ხელოვნებაში პასუხები უნდა ეძიო და ან მიაგნებ, ან - ვერა. თუ წინასწარ გაქვს ყველაფრის პასუხი, ამ დარგში რა გინდა?!


ბაადურ წულაძეს ყველა იცნობს. გამოიჩევა გულწრფელობით, პირდაპირობით, სტკივა და უხარია ყველაფერი, რაც მის პროფესიას, მომავალ თაობას, სამშობლოს უკავშირდება. ჰოდა, ჩვენი ინტერვიუც ცოტ-ცოტა ყველაფერზეა.

-
როდესაც სარეჟისოროზე ვაბარებდი, მეგონა, ეს ყველაზე ადვილი პროფესია­ იყო. მაშინ თბილისში არც ვიყავი ნამყო­ფი, ბათუმიდან პირდაპირ მოსკოვში ამო­ვ­ყავი თავი. ბათუმში კულტურული დასვე­ნებისთვის მხოლოდ კინო და ცირკი­ იყო. მეც ფელინივით ორივე მიყვარს და სულ დავდიოდი. სკოლა მედალზე დავამთავრე. მაშინ პრესტიჟულ პროფესიად ინჟინრობა­ ითვლებოდა და მეც მოსკოვში,
იმხანად ყველაზე პრესტიჟულ ბაუმანის სახელობის­ ტექნიკურ სასწავლებელს მივაშურე. საბუ­თები რომ წარვადგინე, მითხრეს, - კეთი­ლი,­ ბატონო, მაგრამ ცნობა მოიტანეთ, რომ უბინაო არა ხართ, ჩვენს სასწავლებელს საერთო საცხოვრებე­ლი არა აქვსო. ჩემი დიასახლისი საპასპო­რტო­ სამსახურის"თანამშრომელი იყო და დარწმუნებული ვიყავი, საჭირო ცნობას დამიწერდა, მაგრამ თითქოს თავში რაღაც­ გადამიტრიალდა და ვუთხარი, - მომეცით ჩემი საბუთები და ყველა დოკუმენტს ერთად წარმოგიდგენთ-მეთქი. წამოვედი და ვფიქრობ: ჯერ დრო მაქვს,­ მოდი, კინოინსტიტუტში წავალ-მეთქი. იქ გამოცდები ადრე იწყებოდა. გავეცანი ფაკულტეტებს... ვფიქრობ, მსახიობად მე არ გამოვდგები, თვითშემოქმედება არ მიტაცებდა, არც სცენარისტად, მით უფრო - მხატვრად... რეჟისურა მეადვილა, ვცდი და თუ არ გამიმართლა, აგერ არაა ბაუმანი-მეთქი? მახსოვს, ოცდამეშვიდე ნომერი­ ვიყავი. რა ვიცოდი, რომ რამდენიმე კვირაში მთელი საბჭოთა კავშირი ჩამოვიდოდა­ ამ ფაკულტეტზე­ ჩასაბარებლად. ხუთასზე მეტი მსურველი იყო და მხოლოდ 20 კაცს იღებდნენ. ოცეულში­ ვერ მოვხვდი.

დავბრუნდი ბათუმში. კლასელები რომ მოვიკითხე, ყველას სადღაც ჩაებარებინა, ცოტა ალმაცერად შემომხედეს - გარეთ დარჩიო?
ჩამოვედი თბილისში - პირველად. სიკო დოლიძე იღებდა ფილმს. დავდიოდი­ და ვუყურებდი, როგორ მუშაობდა. გამო­ცდების დრო რომ დადგა, მოსკოვში წავედი. ტურები გავიარე და დამჭირდა სარეკომენდაციო წერილი. სიკო დოლიძემ­ გამოგზავნა: ბაადურ წულაძე ჩემთან მუშა­­ობდა და ეგ რომ არ ყოფილიყო, ამ ფილმს ვერც გადავიღებდი, ეგ იყო, რაც იყოო... მიმიღეს.

გულში ვთქვი, პირველი უნდა ვიყო-მეთქი. მკაცრი სისტემა იყო: თუ სწავლას ვერ შეძლებდი, კარისკენ მიგითითებდნენ, კარგად ბრძანდებოდეთო. ახლა ვერ გააგდებ სტუდენტს - ფულიო, კრედიტიო, თავგზა აგებნევა. კიდევ უნარების სავალდებულო გამოცდა მიმაჩნია უბედურებად. ვინც კარგად ჩააბარებს­ უნარ-ჩვევებს, ის არ უნდა გააკარო ხელოვნებას. ხელოვნებაში პასუხები უნდა ეძიო და ან მიაგნებ, ან - ვერა. თუ წინასწარ გაქვს ყველაფრის პასუხი, ამ დარგში რა გინდა?!

- სწორად მოიქეცით, ერთი წელი რომ დაკარგეთ და ისე აირჩიეთ პროფესია?
- ბედნიერი ვარ, რადგან მთელი­ სიც­ოცხლე ვემსახურებოდი იმ საქმეს, რომ­ელიც მომწონდა. უსიამოვნებაც შემხ­ვ­ედ­რია, მიბრძოლია კიდეც, ხან გამმ­ართლებია, ხან - არა, მაგრამ არაფ­ე­­რს­ ვნანობ.

- თქვენ 50-ზე მეტი კინოროლი შექმენით. გადაიღეთ 8 კინოსურათი. რომელია თქვენი ფილმი, როლი?

- როგორც რეჟისორისა, ჩემი ფილმია­ "ფეოლა". ყველა როლი, რომელსაც განასახიერებ, შენი უნდა იყოს. კომედია განსაკუთრებულად მიყვარს. ჩემთვის არ არსებობს დიდი ან პატარა როლი. თუ რეჟისორმა მასზე ფიქრში მე გამიხსენა - ამ როლს ბაადურ წულაძეზე უკეთ ვერავინ ითამაშებსო - მე უნდა დავამტკიცო, რომ ეს მართლაც ასეა!

- რამდენი წელია, თბილისში ცხოვრობთ?
- 1955 წელს გავიცანი და შევიყვარე ეს ქალაქი და მას შემდეგ აქ ვარ. დღეს თუ რამე არ მომწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამორჩენილი ვარ. ბევრ ქვეყანაში­ არ ვყოფილვარ, "ნევიეზდნოი" ვიყავი (კომუნისტების დროს ასეთი ტერმინი იყო) და უცხოეთში წასვლის უფლება არ მქონდა, რადგან კომუნისტური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ოჯახი არ მქონდა, ბიძაჩემი ემიგრირებული იყო საფრანგეთში... პირველად 1989 წელს მოვხვდი პარ­იზში, შემდეგ პრაღაში. პრაღას მეორედ 3-4 წლის წინ ვეწვიე. ცენტრი ძველებურად, ხელუხლებელი დამხვდა.
რამის აშენება­ გინდა? ააშენე ქალაქგარეთ. ყველა ცენტრში აშენებს.­ გავიძახით, ცივილიზებული ერი ვართო და ყველაფერს არაცივილიზებულად ვაკეთებთ. ყველა ქალაქს ჰყავს მთავარი არქიტექტორი, რომელიც ამბობს: ეს შეიძლება, ეს - არა. აქ ყველაფერი შეიძლება. ახლა აღარ დარჩა სკვერი და აღარ იციან, სად წამოჭიმონ კორპუსები. ამას წინათ სტუდენტმა დამირეკა ვენიდან - რა ლამაზი ქალაქია,­ ცენტრი, სკვერები... ვიფიქრე, სად არიან ახლა ქართველები, რამდენ კორპუსს ააშ­ენებდნენ ამ ადგილასო.
გლობალიზაცია გახლავთ ის, რომ შენი კულტურით შეხვიდე საერთო კულტუ­რაში. ჩვენი კულტურის პროპაგანდას უნდა ვეწეოდეთ: მე მაქვს პატარა სამშობლო, მაგრამ Gმაქვს არაჩვეულებრივი სიმღერა, ცეკვა, მხატვრობა, კინო... სხვანაირად არ გამოვა.

"ბურიდანელის ვირივით ვიყავი"


"ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი გრძნობა არ ყოფილა... რასაკვირველია, ახლა ვნანობ... ერთხელ ერთ ჟურნალისტს ხუმრობით ვუთხარი, ბურიდანელის ვირივით ვიყავი-მეთქი. ვერ მიხვდა და დაწერა "პურიტანელი". ბურიდანელ გლეხს ერთი ვირი ჰყავდა. პატრონმა მარჯვნივ და მარცხნივ თივა დაუწყო და თავის გზაზე წავიდა. ვირმა აქეთ-იქით იყურა, იყურა და ამ ფიქრში შიმშილით მოკვდა. ალბათ, ასე ბურიდანელის ვირივით ვიყავი... თუმცა, სხვა უამრავი ფაქტორიც იყო - არ ვიყავი თბილისში ჩაწერილი, არ მქონდა შტატი და დაოჯახებაზე როგორ მეფი­ქრა?! ალბათ, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაც მქონდა. თან სულ გადაღებებზე ვიყავი: რუსეთი, ყაზახეთი, ლატვია... ყველგან ჩავდიოდი. ამ საკითხს სულ სამომავლოდ ვდებდი და რა გამოვიდა?! სტუდენტებსაც სულ ვეუბნები, რომ საქმე ხვალისთვის არასოდეს გადადონ. გააკეთე ახლა და თუ ერთხელ გადადე, მერე ამგვარ ყოფას შეეჩვევი".

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით