"საქართველო არ არის მზად სექსპროექტებისთვის" - რას ჰყვება რუსი სექსსიმბოლოს ქართველი მეუღლე - კვირის პალიტრა

"საქართველო არ არის მზად სექსპროექტებისთვის" - რას ჰყვება რუსი სექსსიმბოლოს ქართველი მეუღლე

"ანფისა პირველად რომ ვნახე, რა თქმა უნდა, მომეწონა, მაგრამ ამაყი ქართველი ამას შეიმჩნევდა? ზაფხულში სეიშელის კუნძულებზე ვიქორწინეთ. ამ დაუვიწყარ დღეს ჩვენი 4 წლის შვილიც ჩვენთან ერთად იყო"

"ჩვენი ბიჭი მეტწილად დედაჩემსა და დეიდაჩემთან არის, ამიტომ ჯერ ქართული ისწავლა და შემდეგ რუსული, მაგრამ ქართული აქცენტით ამეტყველდა..."

მსახიობი გურამ ბაბლიშვილი რუსი სექსსიმბოლოს, ანფისა ჩეხოვას მეუღლეა. წყვილი ზაფხულში ოფიციალურად დაქორწინდა, თუმცა, 6 წელია ერთად ცხოვრობენ და 4 წლის სოლომონსაც ზრდიან. გურამს მოსკოვში დავუკავშირდით.

- პატარა ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი მოსკოვში დაბინავდა. თბილისში მხოლოდ ინსტიტუტი დავამთავრე და სამეგობრო წრე შევიძინე. არდადეგებზე კახეთში ჩავდიოდი, ჩვენს უბანში სულ ხმაური და ჟრიამული ისმოდა. საღამოობით "ბირჟაზე" ვიკრიბებოდით და "გაფუჭებულ ტელეფონსა" და "ამის პატრონმა რა ქნას" ვთამაშობდით... მთელ შილდაში ყველაზე დიდი თუთის ხე ჩვენს ეზოში იდგა და ყველა იქ ვიყრიდით თავს. უფროსები ცეცხლს აანთებდნენ, მწვადს წვავდნენ, ჰაერში არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებდა, კახურ ღვინოს ჩამოასხამდნენ და იშლებოდა სუფრა...

- რატომ მოინდომეთ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება მაშინ, როცა ბევრი ქართველი მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლაზე ოცნებობდა?

- ალბათ იმიტომ, რომ მინდოდა, სამშობლოში დავბრუნებულიყავი. იმის მიუხედავად, რომ ქართულად ძლივს ვლაპარაკობდი და კითხვაც არ ვიცოდი, თბილისში ჩავაბარე. ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა: ლევან ხურცია, გაგი სვანიძე, ტატო ჩახუნაშვილი, აჩი სოლოღაშვილი, სოფია სებისკვერაძე - ჩემი ჯგუფელები იყვნენ. სოციალურ ქსელში ჩვენი ჯგუფი გვაქვს შექმნილი და ყოველდღიურად ვიგებთ ერთმანეთის ამბებს... სწავლის დასრულების შემდეგ მოსკოვში დავბრუნდი. ხელგაშლილი არავინ შემგებებია, ჩემით მივაღწიე ყველაფერს...

- ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, დავიღალე ბანდიტების განსახიერებითო.

- 30-ზე მეტი როლი შევასრულე, პარალელურად თეატრშიც ვთამაშობ და ამოვწურე ბანდიტები თუ სახასიათო როლები, ახლა ეს აღარ მაინტერესებს. სხვა ეტაპი დადგა და იმედია, მოვა ის, რასაც ველი.

სამწუხაროდ, ქართველებთან არა მაქვს შემოქმედებითი კონტაქტი. ერთხელ მიმიწვიეს, მაგრამ ისიც რუსული პროექტი იყო, ფილმს ერქვა "ველური".

- თქვენი მეუღლე რუსეთში ცნობილი სექსსიმბოლო ანფისა ჩეხოვაა.

- ანფისას სექსსიმბოლოდ მიიჩნევდნენ, რადგან რუსეთის არხზე მიჰყავდა გადაცემა: "სექსი ანფისა ჩეხოვასთან ერთად". ამ პროექტზე ანფისა თავად მუშაობდა რედაქტორად და ღამეები არ ეძინა... უკვე კარგა ხნის წამოსული იყო არხიდან, რომ რეიტინგის ასაწევად, მაინც ატრიალებდნენ ძველი გადაცემების ჩანაწერს. ქართულ არხზეც გადიოდა მსგავსი გადაცემა, თუმცა რა რეზონანსიც მოჰყვა ამ პროექტს, კარგად ვიცი... ვერც რუსეთმა მიიღო მაშინ ასეთი გადაცემა და მით უმეტეს საქართველო სექსპროექტებისთვის მზად არ არის.

ანფისა დღეს პროფესიონალი ჟურნალისტი და მსახიობია. 6 წელიწადია ერთად ვართ. პირველად რომ ვნახე, რა თქმა უნდა, მომეწონა, მაგრამ ამაყი ქართველი ამას შეიმჩნევდა? ნელ-ნელა დავახლოვდით.

2010 წელს ანფისა შილდაში მყავდა, ბებია და პაპა გავაცანი. ვანახე, თონეში როგორ აკრავდენ ქალები პურს, ჭაჭაც დავალევინე, ჩურჩხელებიც დავაგემოვნებინე. დღემდე იხსენებს იმ დღეებს. ერთ რესტორანში მეზობელ სუფრაზე ხალხური სიმღერა წამოიწყეს. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ანფისა კი გაგიჟდა. ავუხსენი, რომ ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია. ქართულმა სამზარეულომ ისე მოხიბლა, საცივისა და ლობიოს მომზადება ისწავლა, ხაჭაპურამდე ჯერ ეტაპები აქვს გადასალახი. ტრენინგებს დედაჩემთან გადის.

ზაფხულში სეიშელის კუნძულებზე ვიქორწინეთ. ამ ლამაზ დღეს ჩვენი სოლომონიც ესწრებოდა. მეტწილად დედაჩემსა და დეიდაჩემთან არის, ამიტომ ჯერ ქართული ისწავლა და შემდეგ რუსული, მაგრამ ქართული აქცენტით ამეტყველდა. მაისში 4 წლის გახდება. ზაფხულობით კახეთში ჩაგვყავს, მინდა მანდ თითო თვე მაინც გაატაროს წელიწადში.

ეკა სალაღაია