დაიწყეს და მიატოვეს?! - კვირის პალიტრა

დაიწყეს და მიატოვეს?!

აბრა იუწყება, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ გზის ამ მონაკვეთზე არავინ მუშაობს(?!)

უკვე რამდენიმე თვეა, თბილისის გასასვლელთან, მცხეთისკენ მიმავალ მთავარ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, რაც საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. ცალმხრივი სამანქანო გზის ორი ზოლიდან ერთი ბეტონის ფილებით არის ჩახერგილი, რაც პიკის საათებში, განსაკუთრებით კი უქმეებზე, როცა თბილისიდან რეგიონებისკენ მიმავალი ავტომობილების ნაკადი იზრდება, საცობების მიზეზი ხდება. გამაფრთხილებელი აბრა იუწყება, რომ მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს შეფერხება, სავარაუდოდ, დიდხანს არ მოიხსნება.

სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესობას არა აქვს ინფორმაცია, რა მიზეზით და რამდენი ხნის განმავლობაში იქნება შეზღუდული მოძრაობა. ის, რაც გზაზე ერთი შეხედვით ჩანს, მოშლილი ჯებირი და ნაყარი მიწაა, რომელიც მტკვრისკენ ჩადის. უფრო მეტ გაღიზიანებას კი ის იწვევს, რომ ამ მონაკვეთზე არავინ მუშაობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ გზის დაზიანებული მონაკვეთი უყურადღებოდ მიატოვეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ მონაკვეთზე სამჯერ მივედით და არც ერთხელ არავინ დაგვხვედრია. ვითარების გარკვევა შორიახლო, ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულებთან ვცადეთ. როგორც გაირკვა, მთავარი საავტომობილო გზის მონაკვეთი იმიტომ არის პარალიზებული, რომ ზაჰესის ხიდის ბურჯებისკენ მისასვლელი გზა გაჰყავთ ტექნიკის მისადგომად და შესაკეთებლად. თავის მხრივ, თუ ზაჰესის ხიდების რეაბილიტაციის უთავბოლო ისტორიას გადავავლებთ თვალს, ადვილი შესაძლებელია, საცობები თბილისის გასასვლელში კიდევ დიდხანს დარჩეს პრობლემად. ამ ხიდის სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიც უნდა იყოს, თუმცა სამუშაოებს ბოლო არ უჩანს. მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ ხიდის გარემონტება სექტემბრის ბოლოს დასრულდება და მთავარ გზაზე შეფერხებაც მოიხსნება. სამუშაოებს კომპანია "ენსისი" აწარმოებს.

ვასო ურუშაძე, "ეკოტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "ეს მონაკვეთი გადატვირთულია, განსაკუთრებით პარასკევსა და შაბათს, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაკადი ქალაქიდან გადის. ამას ემატება ზაჰესის მოსახლეობა, რომელთაც გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შემოვლითი გზით უწევთ მგზავრობა. სავალი ნაწილის ერთი სამოძრაო ზოლის ჩაკეტვა გზის გამტარუნარიანობას ორჯერ ამცირებს. ამასთან, გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი სათანადო დისტანციაზე არ დგას და მძღოლებს მოულოდნელად დამუხრუჭება უწევთ.

ეს ყველაფერი იწვევს საცობებსა და მოძრაობის პარალიზებას... ორ წელიწადზე მეტია, ზაჰესის მოსახლეობა დედაქალაქის ცენტრს შემოვლითი გზით უკავშირდება. ხიდი რეაბილიტაციისთვის 2014 წლის დეკემბერში დაიკეტა და დღემდე სამუშაოების ნახევარიც კი არ შესრულებულა. ზაჰესის მოსახლეობამ რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართა, თუმცა მერიას მშენებლობის ტემპი არ დაუჩქარებია. მოსახლეობა იძულებულია, მცხეთის გავლით იმგზავროს, ამას ისიც ემატება, რომ ზაჰესში ვეღარ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხიდის შეკეთება არ დასრულებულა, თუმცა მოვლენები საინტერესოდ განვითარდა - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს "სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიამ თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა სამუშაოს შესრულების ნაცვლად, ბიუჯეტის კუთვნილი 1.526.437 ლარი მიითვისა.

უცნაურია, თბილისის მერია ავანსად ურიცხავს კომპანიას მილიონ-ნახევარ ლარს და 2 წლის შემდეგ კომპანიის დირექტორს თანხის მითვისებისთვის აკავებენ".

ზაჰესის ხიდს უკვე მესამე კომპანია აშენებს

ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ავარიული სარკინიგზო გზაგამტარისა და ხიდი-აკვედუკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში თავდაპირველად "სამშენებლო-კომერციულმა კორპორაცია ხიდმა" გაიმარჯვა. თბილისის მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2014 წლის დეკემბერში გაფორმდა, რომლის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 4 თებერვალს (400 დღეში) უნდა დასრულებულიყო, ღირებულება კი შეადგენდა 4.462.000 ლარს. 2015 წლის 10 სექტემბერს, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. შემდეგ ხელშეკრულება გაიყო ორად. სარკინიგზო გზაგამტარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ხელშეკრულება შპს "ენსისისთან" 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოების მიწოდების ვადა 2015 წლის 25 დეკემბრით განისაზღვრა, ღირებულება კი 636.000 ლარით. სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. რაც შეეხება ხიდ-აკვედუკს, ხელშეკრულება 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა შპს "ხიდმშენი 99"-თან. სამუშაოების დასრულების ვადად 2016 წლის 18 სექტემბერი განისაზღვრა, ღირებულება - 3.650.000 ლარი. თუმცა, წლეულს თებერვალში, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები ისევ შპს "ენსისის" გადაეცა...

ემა ტუხიაშვილი