"ჩემი პირველი ენციკლოპედიის" გაფორმებაზე National Geographic-მა იზრუნა
04-04-2016
"ჩემი პირველი ენციკლოპედიის" გაფორმებაზე National Geographic-მა იზრუნა
სერია 16 წიგნისგან შედგება და თითოეული ტომი National Geographic-ის ფოტოგრაფების უახლესი ნამუშევრებით არის გაფორმებული. ამასთან, წიგნი ინფოგრაფიკებითაც არის დატვირთული, რაც სხვა პროექტებში არ გამოგვიყენებია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ ტექსტის აღქმა მათთვის კიდევ უფრო იოლი გახდეს

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ფრანგი მწერალი დანიელ პენაკი მივიდა დასკვნამდე, რომ მშობლების უმეტესობა შვილებთან ურთიერთობისას მთავარ შეცდომას სათავეშივე უშვებს - თავად დაფ­იქრდით, როგორც უნდა ეცადოთ, სხვისი შეგონებითა და დაჟინებული
მოთხოვნით, თუნდაც ღირებული ნივთის სიყვარული ან თქვენთვის უინტერესო­ სფეროზე ოცნება შეგიძლიათ? - არა! ზუსტად იგივე ხდება წიგნის შემთხვევაშიც -"კითხვა, ისევე როგორც სიყვარული ან ოცნება, მკაცრ მითითებებსა და ბრძანებით კილოს ვერ ეგუება. შესაბამისად, შვილთან დაჟინებით საუბარი, რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო, სასარგებლო და აუცილებელია, მიზანს ვერასოდეს აღწევს.

ბავშვთა ფსიქოლოგები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ამ დილემიდან ერთადერთი გამოსავალი ბავშვებისთვის წიგნების სწორად შერჩევაა. იმ ფონზე, როდე­საც­ თანამედროვე ბავშვს უამრავი გასართობი აქვს, თუნდაც კომპიუტერისა და ტელევიზორის სახით, მშობლებმა უნდა იპოვონ ისეთი გამოცემები, რომლის შინაარსიც მათ შვილებს გადაშლისთანავე დააინტერესებს. როგორც წესი, ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა წიგნის ილუსტრაციებს ენიჭება - თუ ბავშვმა ნახატებისა და ფოტოების მიმართ ნაკლები ყურადღება გამოიჩინა, არც წიგნის შინაარსით დაინტერესდება. სწორედ ამიტომ, საბავშვო ლიტერატურაზე მუშაობისას "პალიტრა L" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ილუსტრაციებს ანიჭებს. ვიზუალი, როგორც თვალსაჩინოება, ბავშვის აზროვნების არეალს აფართოებს და ცნობისმოყვარეობასაც მაქსიმალურად ზრდის. იმისათვის, რომ ბავშვებს კითხვა ადრეულ ასაკში შეაყვაროთ, გამომცემლობა ამჯერად ენციკლოპედიის სერიას გთავაზობთ, რომლის გაფორმებაზე, არც მეტი, არც ნაკლები, National Geographic-მა იზრუნა.

საბავშვო ენციკლოპედიის შინაარსსა­ და სხვა საინტერესო დეტალებზე "პალიტრა L"-ის მთავარ რედაქტორს, ნინო დეკანოსიძეს­ ვესაუბრეთ:

- 13 აპრილს გამოვა პირველი ტომი (ძუძუმწოვრები) და ყოველ ოთხშაბათს დანარჩენი 15 ტომი. პირველ ტომს ახლავს სტიკერების დიდი ალბომი და ყუთი, რომელშიც შეინახება ყველა ტომი. "პალიტრა L"-ის ახალი პროექტი - ჩემი პირველი ენციკლოპედია - სხვა მსგავსი­ პროექტებისგან მრავალმხრივი კომპონენტით განსხვავდება. ეს არის წიგნების­ სერია,­ რომელიც, როგორც უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს, ისე ნებისმიერ თინეიჯერს დააინტერესებს. ენციკლოპედია უახლესი ინფორმაც­იებით მაქსიმალურად არის დატვირთული. სერია 16 წიგნისგან შედგება. თავდ­აპირველად მსურველი პირველ­ ტომს, სტიკერების ალბომსა და ენციკლოპედიისთვის განკუთვნილ ულამაზეს ყუთს შეიძენს, რაც მათ საბავშვო ბიბლიოთეკას განსაკუთრებულ ადგილს მიაკუთვნებს.­ ყუთი ისეა დამზადებული, რომ მასში სერიის თექვსმეტივე წიგნი განთავსდეს.

- რა ინფორმაციას მიიღებს მკითხველი ენციკლოპედიის გაცნობისას?
- თითოეული წიგნი სხვადასხვა სფეროს ეძღვნება, მაგალითად, პირველი აღმოჩენები, დინოზავრები, მკვლევრები და ა.შ. რაც მთავარია, ენციკლოპედია National Geographic-ის ფოტოგრაფების უახლესი ნამუშევრებით არის გაფორმებული. ამასთან, წიგნი ინფოგრაფიკებითაც არის დატვირთული, რაც სხვა პროექტებში არ გამოგვიყენებია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ ტექსტის აღქმა მათთვის კიდევ უფრო იოლი გახდეს. ყველა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად, პირველ ტომში მოთხრობილია გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა თუ ფრინველთა სახეობებზე, რაც პატარა მკითხველს ეკოლოგიურ პრობლემებზეც დააფიქრებს. პირადად ჩემთვის აუცილებელია, მომავალ თაობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე.

სტიკერების დიდი წიგნი ბავშვებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის - თითო წიგნს სტიკერების ჩანართი მოჰყვება, რომელიც მკითხველმა მითითებული ნუმერაციით უნდა ჩააკრას ალბომშიც და თითოეულ ტომშიც. ცნობილია, რომ ბავშვებს სტიკერების შეგროვება უყვართ, ამიტომ ალბომის შექმნის პროცესი მათ სხვა ტომების გაცნობის მეტ ჟინს გაუჩენს. რაც მთავარია, სერია ხელმისაწვდომია. ყუთის, სტიკერების ალბომისა და პირველი ტომის ღირებულება 14 ლარია, ყველა მომდევნო ტომის ფასი კი მხოლოდ სამი ლარი.

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით