"ვადასტურებ, რომ ჩემი იმჟამინდელი უფროსი სისტემატიურად მავიწროებდა" - ვის უხდის ბოდიშს შალვა რამიშვილი?! - კვირის პალიტრა

"ვადასტურებ, რომ ჩემი იმჟამინდელი უფროსი სისტემატიურად მავიწროებდა" - ვის უხდის ბოდიშს შალვა რამიშვილი?!

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედმა" ხელშეკრულება შეუწყვიტა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი მსახიობი თათია სამხარაძე იგივე "ტასო ბარნოვაა", რომელსაც შალვა რამიშვილთან პირად საკითხზე მოუვიდა კონფლიქტი.

მოგვიანებით თათია სამხარაძის განცხადებით, შალვა რამიშვილმა მასთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება სცადა და ამის ამსახველი ფარული ჩანაწერი ჰქონდა. რამიშვილმა პროკურატურას მიმართა გამოიძიონ თათია სამხარაძის განცხადება ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით არის თუ არა სიმართლე.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს თათია სამხარაძემ ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

მსახიობის განცხადებით, მან აუდიო ჩანაწერიც გააკეთა,  სადაც რამიშვილი მას ემუქრებოდა, რომ თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა. თათია სამხარაძე აპირებს შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს.

მე ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც მე იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა. ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში“, - განაცხადა თათია სამხარაძემ.

მისივე ინფორმაციით, არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელიც ამჟამად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზას გადის.

შალვა რამიშვილი კი, სოციალურ ქსელში აქტიურად აკეთებს განცხადებებს, სადაც ხსნის "იმედიდან" წამოსვლის მიზეზებს და ეხმაურება მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს.

გთავაზობთ რამიშვილის განცხადება, რომელიც "ფეისბუკში" გაავრცელა.

"მეგობრებო!

როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მე ვანხორციელებ მასზე სექსუალურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მე ("მოძალადემ") გუშინწინ უკვე მივმართე პროკურატურას ამ "ფაქტის" გადასამოწმებლად ხოლო გუშინ საჯაროდ მოვუწოდე სამხრაძეს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ - "მსხვერპლი" არ აკეთებს ამას და საჯარო პრესკონფერენციას ატარებს ფემინისტებთან ერთად.

მეგობრებო!

მე ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს არ მოვწონვარ და ვძულვარ კიდეც. მე არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც, იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები... მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს იღებს. ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ყოველივე ან პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს.

ახლა ორიოდ სიტყვა "იმედზე": ეს მე ვარ ის კაცი, რომელიც საჯაროდ მოითხოვდა და მოითხოვს ტელეიმედისაგან ჩემი და ჩემთან ერთად 40 კაცის გაგდების მიზეზის დასახელებას. იმედია მოვლენათა განვითარება მიახვედრებს ტელევიზიის დირექტორს, რომ ჩირგვებში ჯდომა უკვე შეუძლებელი ხდება და ის მოუყვება პროკურატურას და საზოგადოებას "შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან" (ციტატა ტელევიზიის განცხადებიდან) საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს.

ტელევიზიის საქციელი სამარცხვინოა!!! თავისი დუმილით "იმედის" დირექტორი ფაქტიურად ხელს უწყობს ჩემი მაკომპრომენტირებელი ცნობების გახმაურების პროცესს!!!

წინ გველის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები! შევახსენებ ყველას, რომ ძალადობის მტკიცების ტვირთი არის ამ "ძალადობის" ჰიპოთეტიურ "მსხვერპლზე".

მოვუწოდებ მოქალაქეებს! დაიცავით კანონი და მიუხედავად ჩემდამი პირადი დამოკიდებულებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ობიექტურობა.

აქვე საჯაროდ ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს. გაოცებული ვარ ჩემი ცოლის გამძლეობით, რომელიც მიუხედავად ამდენი ლაფისა მაინც გვერდში მიდგას და მამხნევებს!

მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!", - დაწერა რამიშვილმა. (წყარო)