"მთავარია, ძვირფასი ნივთები ქვეყნიდან არ "გავუშვათ" - ხელოვნების მუზეუმის უპრეცედენტო გამოფენა
11-04-2016
"მთავარია, ძვირფასი ნივთები ქვეყნიდან არ "გავუშვათ" - ხელოვნების მუზეუმის უპრეცედენტო გამოფენა
გამოფენაზე წარმოდგენილი კვერცხები ნამდვილად ფაბერჟესია, თუმცა არ ვიცით, ზუსტად ვინ დაამზადა, მან თუ მისმა ოსტატებმა. ის ორ ერთნაირ ნივთს არ ამზადებდა. ამიტომაც არის თითოეული ნივთი უნიკალური. ორი წლის წინ საქართველოში სტუმრად მყოფმა ფაბერჟეს უკანასკნელმა შთამომავალმა ტატიანა ფაბერჟემ თქვა, თქვენს ქვეყანაში, კერძო კოლექციებში ფაბერჟეს ბევრი ნივთი ინახებაო. ეს კოლექციაც ამის დასტურია...

ვცდილობდი, ასტრახანიდან ყველაფერი­ ძვირფასი წამომეღო. არც ძვირად ყიდდნენ და გამოტანაც
არ მიჭირდა. მთავარი იყო, ხიზილალა არ წამოგეღო, დანარჩენს საბაჟოზე მნიშვნელობა არ ჰქონდა. როდესაც­ ძვირფას ჩარჩოებში ჩასმულ ფერწერულ ტილოებსა და ხატებს ხედავდნენ, დამცინოდნენ, თქვენთან შეშა არ არის, აქედან რომ მიგაქვსო?


თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის (ხელოვნების) მუზეუმი საქართველოში პირველად ერთ-ერთი მდიდარი კერძო კოლექციის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა 7 აპრილს გაიხსნა და ერთ თვეს გასტანს.

საგამოფენო დარბაზში უამრავ
ისეთ ნიმუშს ნახავთ, რომელთა პატრონობას ლუვრი, ლონდონისა და სხვა ცნობილი მუზეუმები ისურვებდნენ. საგანგებოდ ამ კოლექციის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან კერძო კოლექციონერები და ხელოვნებათმცოდნეები.

გიორგი კალანდია, მუზეუმის დირექტორი: - კოლექციის მფლობელმა დავით ლაზიშვილმა ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო ჩვენი წინადადება, თავისი კოლექცია სამზეოზე გამოეტანა. ბატონი დავითი ძველი საგნებისა და ხელოვნების ნიმუშების მოყვარულია და ჩვენს სასახლეში გახსნილ გამოფენებს ხშირად ესწრებოდა. ერთხელაც შემომთავაზა, მისი კოლექცია დამეთვალიერებინა. ნანახმა აღმაფრთოვანა. უამრავ ძვირფას, მეტიც, უნიკალურ ნივთსა და ფერწერულ ნამუშევრებს შორის ვნახე პეიზაჟი, რომელმაც მაშინვე მიიქცია ყურადღება. ის ეკუთვნის XIX საუკუნეში მცხოვრებ ქართველ მხატვარს, მარიამ ამილახვარს, რომელიც ცნობილი ძმების, ივანე და მიხეილ ამილახვრების და იყო. ის მოხსენიებულია რუს მხატვართა კატალოგებშიც. სამხატვრო აკადემია ჰქონია დამთავრებული. სამწუხაროდ, ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, მარიამის შესახებ სხვა ინფორმაციას ვერ მივაკვლიე. არადა, მისი ერთ-ერთი ნამუშევარი დადიანების სასახლეშიც ინახება. ორივე ტილოზე მარიამის თემა ცხენია. ის ტოლს არ უდებდა მაშინდელ ცნობილ რუს და ევროპელ მხატვრებს და მიუხედავად ამისა, მისი ბიოგრაფიიდან ბევრი რამ უცნობია. ვიმედოვნებ, ამ გამოფენის წყალობით გამოჩნდება ვინმე, ვინც მარიამის შესახებ გვიამბობს, ან რაღაც კვალზე დაგვაყენებს. გამოფენის მოწყობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ყელსაბამი

კოლექციონერობის გარდა, დავით ლაზიშვილი ქველმოქმედიც არის. მან დააფინანსა ასტრახანში ქართველ მეფეთა საფლავების აღდგენა. გამოფენილი კოლექციის დიდი ნაწილიც ასტრახანში შეიძინა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ნივთი გადაარჩინა საქართველოდან გატანას.
გამოფენაზე 250 ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის არის ბაგრატიონების, დადიანების, ორბელიანების, ამილახვართა გერბებითა და დამღებით შემკული, სპეციალურად მათთვის დამზადებული ნივთები. აქ არის რუსეთის იმპერატორების და ინგლისელი უინძორების კოლექციები, ცნობილ რუს და ევროპელ ფერმწერთა დიდებული ნამუშევრები, ფაბერჟეს უნიკალური ნივთები. ხელოვნებათმცოდნეებისთვის საინტერესო იქნება ამ შედევრების ხილვა.

ლელა ჭიჭინაძე, ხელოვნებათმცოდნე:
- გამოფენაზე წარმოდგენილი კვერცხები ნამდვილად ფაბერჟესია, თუმცა ზუსტად არ ვიცით, ვინ დაამზადა, მან თუ მისმა ოსტატებმა. ის ორ ერთნაირ ნივთს არ ამზადებდა. ამიტომაც არის თითოეული ნივთი უნიკალური. ორი წლის წინ საქართველოში სტუმრად მყოფმა პეტრე კარლ ფაბერჟეს უკანასკნელმა შთამომავალმა ტატიანა ფაბერჟემ თქვა, თქვენს ქვეყანაში, კერძო კოლექციებში ფაბერჟეს ბევრი ნივთი ინახებაო. ეს კოლექციაც ამის დასტურია. კოლექციაში დაცულია იმპერატორ ნიკოლოზის ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი პორტსიგარი, რომელიც ხელოვნების შედევრია. ლაზიშვილის კოლექციაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა წიგნიც ინახება, რომელიც 1896 წელს დაბეჭდილა­ და მასში განთავსებულია იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ოჯახის წევრების ფოტოალბომი. დავით ლაზიშვილი, რომელიც 35 წელია კოლექციონერია, ზოგიერთ ნივთს ფასდაუდებლად მიიჩნევს.

დავით ლაზიშვილი: - როდესაც მარიამ ამილახვრის ნამუშევარი ვნახე, ბედნიერი ვიყავი, რომ შესაძლებლობა მომეცა, საქართველოში დარჩენილიყო ეს ეროვნული სიმდიდრე, XIX საუკუნეში ერთადერთი ქართველი მხატვარი ქალის ნამუშევარი. მარიამი ნახატებზე ხელს აწერდა როგორც მარია ამილახვროვა, რადგან რუსეთში ცხოვრობდა. მისი გვარი რუს მხატვართა რეიტინგების წიგნშიც არის შეტანილი, თანაც ძალიან თვალსაჩინო ადგილას. არადა, მისი ძალიან ცოტა ნამუშევარია ცნობილი. ეს ნახატი ჩემთვის შეუფასებელია. როდესაც ამ ტილოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება უკვირთ, ვხუმრობ, ნახეთ, მასზე ასახულია ჩემი, კახელი კაცის, ""ეროვნული" სიმბოლო, ვირი-მეთქი (იცინის). ეს ნახატი ჩემი კოლექციის სავიზიტო ბარათია.

გამოფენაზე 250 ნიმუშია წარმოდგენილი. აქ არის რუსეთის იმპერატორების და ინგლისელი უინძორების კოლექციები, ცნობილ რუს და ევროპელ ფერმწერთა დიდებული ნამუშევრები

კოლექციონერობით 1985 წელს დავინტერესდი და ორ წელიწადში დავიწყე ნივთების შეგროვება. ბევრი ნივთი ასტრახანში შევიძინე. ქართველ მეფეთა საფლავებთან ახლოს არის საგამოფენო სალონი, სადაც ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა. ვცდილობდი, ყველაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანი წამომეღო. არც ძვირად ყიდდნენ და გამოტანაც არ მიჭირდა. მთავარი იყო, ასტრახანიდან ხიზილალა არ წამოგეღო, დანარჩენს საბაჟოზე მნიშვნელობა არ ჰქონდა. როცა ძვირფას ჩარჩოებში ჩასმულ ფერწერულ ტილოებსა და ხატებს ხედავდნენ, დამცინოდნენ, თქვენთან შეშა არ არის, აქედან რომ მიგაქვსო?

ძველი ნივთები ისტორიასა და კულტურას ინახავენ და რაც უფრო მეტი ასეთი ნივთი ინახება მუზეუმებში, მით უფრო მიმზიდველია ის ქვეყანა ტურისტებისთვის. მოხარული ვიქნები, თუ სხვა კოლექციონერებიც გამოფენენ თავიანთ საგანძურს. ბევრს, ვისაც ოჯახში უნიკალური ნივთი აქვს, ისე უჭირს, რომ იძულებულია, გაყიდოს. თუ საქართველოში არ გამოჩნდება მყიდველი, მას უცხოელები შეიძენენ.

ჩემი კოლექციის შემადგენელი დაღესტნური და ჩეჩნური ოქროს ნაკეთობანი ან სპეციალურად ქართველი დიდებულებისთვის იყო დამზადებული, ან კიდევ საქართველოში ჩეჩნეთის ომის შემდეგ მოხვდა,­ როდესაც­ მათი პატრონები აქ აფ­ა­რებდნენ თავს და გადასარჩენად ძვირფას ნივთებს ყიდდნენ. მთავარია, ძვირფასი ნივთები ქვეყნიდან არ "გავუშვათ".

ფაბერჟეს კვერცხი

გერმანული წარმოშობის ესტონელმა­ პეტრე კარლ ფაბერჟემ პეტერბურგში საიუველირო კომპანია დააარსა. მოსკოვში ერთ-ერთ გამოფენაზე მისი ნამ­უშევრებით მოხიბლულმა იმპერატორმა­ ალექსანდრე III-მ იუველირს სამეფო­ ოჯახისთვის ისეთი სააღდგომო ოქროს კვერცხი შეუკვეთა, რომ იმპერატორს მის გულში საჩუქრის მოთავსება შეს­ძლებოდა. მას შემდეგ ყოველ აღდგომას სამეფო კარს ახალ კვერცხს უმზადებდა ფაბერჟე. იმპერატორი კი მას მხოლოდ მეუღლეს ჩუქნიდა. ალექსანდრეს III გარდაცვალების შემ­დეგ, ნიკოლოზ II ფაბერჟეს სააღდგომოდ ერთის ნაცვლად, ორ კვერცხს უკვე­თდა, ერთს დედა-დედოფლისთვის­, მეორეს - მეუღლისთვის. მალე რუსეთის სამეფო ოჯახს სხვებმაც მიჰბაძეს. ძვირად ღირებულ სააღდგომო კვერცხებს საჩუქრად იღებდნენ ევროპის სხვა მონარქებიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, დანიის, ბელგიის და აშ. ერთი კვერცხის დამზადებას დაახლოებით წელიწადი სჭირდებოდა, ამიტომ ოსტატს სხვა იუველირები ეხმარებოდნენ.

მარიამ ამილახვარი

ქართველი თავადის ასულის შესახებ მუზეუმებსა და არქივებში, ფაქტობრივად, არაფერია შემორჩენილი. მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის არქივშია დაცული მარიამის ერთადერთი ფოტო, რომელსაც ხელით აწერია, რომ ის არის ივანე და მიხეილ ამილახვრების და. ფოტო გადაღებულია აბასთუმანში,1886 წლის 6 ოქტომბერს, ფოტოგრაფ ვლადიმერ ბარკანოვის მიერ. ფოტოს უკანა მხარეს აწერია: "ვუძღვნი ჩემს აჩრდილსა,­ ჩემს დაუვიწყარ დას..." იქვე დაწერილია სახელიც, რომელიც არ იკითხება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით