"31 წელია, ამწეს მემანქანე ვარ"
11-04-2016
"31 წელია, ამწეს მემანქანე ვარ"
"ვცდილობ, ქალის სახე არ დავკარგო, ამიტომ ქარხანაში სულ მაკიაჟით დავდივარ"

ყოფილა შემთხვევა, როცა კაბინაში დაგვილევია, რა თქმა უნდა, ზომიერად.ერთხელ დაგვასმინეს უფროსთან... მეორე დღეს დირექტორი კარში მელოდებოდა. მივედი გამოპრანჭული, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და დამსაჯა, ტანსაცმელი არ გამომაცვლევინა, პირდაპირ ამგზავნა ამწეზე. ზამთარი იყო და გავიყინე, ბოლოს ტირილით ჩამოვედი კაბინიდან და შევეხვეწე, ტანსაცმლის გამოცვლის ნება დაერთო...

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იმ დღესაც გვიან გამოვედი სამსახურიდან, ტაქსი­ გავაჩერე და მძღოლი ქალი შემრჩა. 40 წელს
გადაცილებულ ქერათმიან ქალს გავუღიმე და ის იყო, მისამართის თქმა დავაპირე, რომ მკაცრად მითხრა: "გისმენთ!" მისამართი ვუთხარი და გზას გავუყევით. ხუთი წუთი არც მე ვიღებდი ხმას და არც ის. მერე პროფესიულმა ჟინმა არ მომასვენა და კითხვები დავაყარე... მისი ყველა­ პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო. ბოლოს ვთხოვე,
თქვენზე სტატიას მოვამზადებ-მეთქი. უარის ნიშნად თავი გააქნია და ჩასვლისას, როცა ხურდას მიბრუნებდა, ღიმილით მითხრა: დღეს თბილისში უკვე ბევრი ქალი მუშაობს ტაქსიზე, წადი მეტალურგიულ ქარხანაში, ქალები ამწეებზე მუშაობენ, უფრო საინტერესონი იქნებიანო... მისი რჩევა ჭკუაში დამიჯდა და ერთ მშვენიერ დღეს ერთ დროს ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველ საწარმოს (ფოლადს, უნაკერო მილებს, თუჯს, ალუმინსა და რკინის კონსტრუქციებს აწარმოებდნენ) მივადექი.

აქ იწრთობა ფოლადი...

ქარხანა უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს. ჩემი მეგზური მეუბნება, რომ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია წესების დაცვა და მომარგო ჩაფხუტი, რომელიც წუთითაც არ უნდა მოვიხსნა, არც დანადგარებს უნდა მივეკარო. ჩაფხუტითა და სპეციალური სამოსით აღჭურვილი მეტალურგები აქ დღეებს სქელ კვამლსა და ფოლადის წრთობაში ატარებენ. - თუ ეს საქმე არ გიყვარს, აქ ერთი საათიც ვერ გაჩერდები. ყოველ წამსა და სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს, - მეუბნება ერთ-ერთი მათგანი. გამაყრუებელ ხმაურს აქ შეჩვეულნი არიან. ისინი გავარვარებული ფოლადით განათებულ სივრცეში ქართულ ფოლადს ადნობენ, ამუშავებენ და საბოლოო სახეს აძლევს.

"ეს კაცის საქმეა, თუმცა..."

ირინა­ ჯოჯუა 30 წელზე მეტია, 12-მეტრიანი ამწის მემანქანეა.
- აქ 1986 წლიდან ვმუშაობ. პროფესი­ით პედაგოგი ვარ. როცა ოჯახი შევქმენი, რუსთავში დავსახლდით. მაშინ საბავშვო ბაღის პედაგოგებს ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ჩემმა მეუღლემ გაიგო, რომ მემანქანის ვაკანსია ჰქონდათ. თვითონაც ამავე ქარხანაში მუშაობდა შემდუღებლად. ჯერ მოსწავლედ ამიყვანეს, სამი თვის შემდეგ კი მემანქანე გავხდი. თავიდან ძალიან მიჭირდა, მერე მივეჩვიე. დღესაც უკვირთ, როგორ ვძლებ აქ, მაგრამ ჩემთვის ეს არის საქმე, რომლის გარეშეც არ შემიძლია.
12 საათის განმავლობაში წუთითაც არ შეიძლება მოდუნება. საბედნიეროდ, ტრაგიკული შემთხვევა­ არ მქონია, მსუბუქი შეცდომები კი ყველას მოსდის. ეს ნამდვილად არ არის ქალური პროფესია, კაცების საქმეა, თუმცა, ვცდილობ, ქალის სახე არ დავკარგო და ამიტომაც ქარხანაში სულ მაკიაჟით დავდივარ.

- მამაკაცები როგორ გეპყრობიან?
- დედისა და ქალთა დღეებში გვასაჩუქრებენ, თუმცა ხანდახან შეიძლება დაავიწყდეთ კიდეც. შეკრებებისა და გართობის ინიციატორები ყოველთვის ქალები ვართ.

- რომ არა მემანქანეობა...
- პედაგოგი ან კულინარი ვიქნებოდი. სამზარეულოში ტრიალი ჩემი ჰობია. სამსახურის გამო ბევრ რამეზე მითქვამს უარი, ხშირად ვაკლდები ოჯახის წევრებსა და სამეგობრო წრეს, სამსახური სამსახურია! ერთადერთი, რაზეც ვერ ვიმუშავებ, სამშენებლო ამწეა, ქარის დროს ძლიერი რყევები აქვს და ცოტა მაშინებს... თუ სიმაღლის შიში გაქვს, ამწეზე მუშაობას ვერ შეძლებ.

- რა წონის ტვირთის გადატანა გიწევთ დღეში?
- 150 ტონის. ამის გარდა, მეხერხება ელექტროობა, სანტექნიკოსობა და სხვ.

- რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა თუ გახსენდებათ?
- განსაკუთრებული შემთხვევისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა კაბინაში დაგვილევია, რა თქმა უნდა, ზომიერად, ყავა კი სულ მაქვს. ერთხელ დაგვასმინეს უფროსთან, კაბინაში დალიესო.მეორე დღეს დირექტორი კარში მელოდებოდა. მივედი გამოპრანჭული, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და დამსაჯა, ტანსაცმელი არ გამომაცვლევინა, პირდაპირ ამგზავნა ამწეზე. ზამთარი იყო და გავიყინე, ბოლოს ტირილით ჩამოვედი და შევეხვეწე, ტანსაცმლის გამოცვლის ნება დაერთო.

ხუთი შვილის დედა...

ოჯახში შვიდნი ვართ, მე, მეუღლე, ოთხი ბიოლოგიური შვილი და ძმისშვილი, რომელიც ჩემი ძმისა და რძლის გარდაცვალების შემდეგ ვიშვილე. ჩემი ვაჟი ემიგრანტია, გოგონა კი აკრობა­ტიკაში საქართველოს ჩემპიონი. მესამე გოგონა მორაგბეა, მეოთხე ჯერ სკოლის მოსწავლეა. თუ რომელიმე აქ მუშაობას მოინდომებს, ხელს შევუწყობ. მინდა, პენსიაში ამ სამსახურიდან გავიდე და ეს პომპეზურად აღვნიშნო - ტორტითა და სხვა ატრიბუტებით.

აქ უნიკალური, უნაკერო მილები მზადდებოდა

1947 წლის 27 აპრილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაბადების დღედ ითვლება. საბჭოთა კავშირში მხოლოდ ამ ქარხანაში მზადდებოდა უნიკალური სრული ციკლის უნაკერო მილები. წარმოების პიკში (1965-1970 წწ.) ქარხანა წელიწადში 500 ათას ტონა მილს უშვებდა, საწარმოში კი 9 000 კაცი მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საწარმო გაჩერდა, დანადგარების უმეტესობა ჯართად გაიყიდა. უზარმაზარი წარმოებიდან მხოლოდ მცირე ნაწილიღა დარჩა. 2003 წლიდან ქარხნის პრივატიზება გადაწყდა. საწარმოს ამუშავება რამდენჯერმე სცადეს, ინვესტორებიც იცვლებოდნენ, თუმცა მისი სრულად ამუშავება ვერავინ შეძლო. ახლა მეტალურგიული კომპლექსის მფლობელი კომპანია "რუსთავის ფოლადია". ახალ ხელმძღვანელობას საამქროების შეკეთება-განახლება მილიონობით დოლარი დაუჯდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით