"ჩინწართმეული" მხატვარი - კვირის პალიტრა

"ჩინწართმეული" მხატვარი

"მამას ყველაზე მეტად იმასთან შეგუება უჭირს, რომ ვეღარასოდეს დახატავს. ეს იმ ადამიანისთვის, რომელიც იმიტომ დაიბადა, რომ ეხატა, მძიმე გადასატანია. მაგრამ სანამ შეეძლო, დიდებულად ხატავდა და ასეთად დარჩება"

გიორგი ვაშაკიძე: "მზის ამოსვლა-ჩასვლისას, მზეს იმდენი ფერის ღრუბელი აქვს დაფენილი, თვალს ვეღარ მოსწყვეტ. ამ დროს შინაარსი კი არა, ფერია მთავარი. ასეა ნახატზეც, ის უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს თვალის მოშორება გაუჭირდეს!"

ცხოვრებაში იმდენი სტრესი და სიმძიმე ხვდება კაცს, რომ შესამსუბუქებლად ზოგი აკვარიუმის თევზებს იშველიებს, ზოგი - თუთიყუშებსა და ზაზუნებს, მე ნახატის გარდა არაფერი მინდა, რომელსაც დილით რომ შევხედავ, გუნებაზე მოვდივარ და ეს განწყობა მთელი დღე გამყვება.

ისე, ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის მხატვარი გივი ვაშაკიძე მახსენდება - 30 წლის წინ პარიზის მერმა "თეთრ ცხენებში" 10.000 დოლარი გადაუხადა, საბჭოთა კავშირმა კი ესეც და სხვა გაყიდული ნახატების ფულიც წაართვა და 3.000 დოლარი დაუტოვა, - ესეც გეყოფაო! ბატონმა გივიმ ეს რომ მიამბო, შევიცხადე - რატომ ხმა არ ამოიღეთ-მეთქი? გაეღიმა, - ოჯახი მყავდა სარჩენი და ამ ფულსაც ვერ დავკარგავდიო! მერე ეს 3.000 დოლარიც სანატრელი გაუხდა. ამიტომ თბილისიც მიატოვა და პაპისეულ სოფელში, დიდ ჯიხაიშში გადასახლდა. ბაღ-ბოსტანსაც უვლიდა, ხატავდა, ხის ჩარჩოებს ამზადებდა. ამ საქმიანობისას დაზგის დანამ 3 თითი წააცალა, მაინც ხატავდა და აღებული ფულით ოჯახს არჩენდა...

ამას წინათ აფიშა დავინახე, რომელიც მამა-შვილი გივი და გიორგი ვაშაკიძეების ნახატების გამოფენას იუწყებოდა, საგამოფენო დარბაზის კარი მაშინვე შევაღე, იქ კი თბილი ნახატებისა და შავსათვალიანი მხატვრის პირისპირ აღმოვჩნდი... თუმცა, როგორც კი ბატონ გივის შევხედე, მაშინვე მივხვდი, ვეღარ ხედავდა... მერე გიორგის ჩუმად ვკითხე, - ვეღარ ხედავს-მეთქი? ჰო, ჯერ ანემია დაემართა, მერე ლეიკემია, აი, ეგ არის მისი უკანასკნელი ნახატიო და მამის ავტოპორტრეტზე მიმითითა. ისე კი, ამ დარბაზში შემორჩენილი ნახატების გარდა, მისი ყველა ნახატი გავყიდეთ, ცოტა ჩემიც მივამატეთ და მის მკურნალობას მოვახმარეთო.

მეც მამასავით სოფელში გადავედი საცხოვრებლად. იქ ვხატავ და თან მძიმე ფიქრები მომდის - ეს როგორ გაიყიდება, როცა ხალხს პურისა და წამლის ფული არ აქვს. თუ იყიდება, გროშებად და ხატვის გასაგრძელებლად აღარაფერი გრჩება. ტილო, ჩარჩო, ფუნჯები - 150 ლარამდე ჯდება.

- თქვენ უმეტესად აბსტრაქტული ტილოები გაქვთ, მაგრამ მეტად ღრმა და მიმზიდველი. აბსტრაქტული აზროვნება ბევრისთვის გაუგებარია.

- ჩემსას იგებენ. აქ ყველაფერი ისეა, როგორც მზის ამოსვლა-ჩასვლისას, როცა მზეს იმდენი ფერის ღრუბელი აქვს დაფენილი, თვალს ვეღარ მოსწყვეტ. ამ დროს შინაარსი კი არა, ფერია მთავარი. ასეა ნახატზეც, ის უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს თვალის მოშორება გაუჭირდეს!

- ვინ ყიდულობს დღეს ნახატებს?

- ბიზნესმენები. ერთმა მამაჩემის მთელი კოლექცია შეისყიდა. ნაწილობრივ, ჩემი ნახატებიც. ძალიან იაფად, თუმცა, რას ვიზამთ...

- ბატონი გივი როგორ არის?

- უფრო და უფრო ცუდად, მაგრამ ყველაზე მეტად იმასთან შეგუება უჭირს, რომ ვეღარასოდეს დახატავს. ეს იმ ადამიანისთვის, რომელიც იმიტომ დაიბადა, რომ ეხატა, მძიმე გადასატანია. სანამ შეეძლო, დიდებულად ხატავდა და ასეთად დარჩება. შეიძლება, შვილისთვის შეუფერებელი ტრაბახი გამომდის, მაგრამ ეს სიმართლეა.

მადლობას ვუხდი იმ ხალხს, ვინც მამაჩემი ასეთ მძიმე დღეებში გაახარა და გამოფენა მოუწყოო, მითხრა გიორგი ვაშაკიძემ და თვალისჩინწართმეული მამისკენ გააბიჯა. თვალი მივადევნე და გულში წარმატება ვუსურვე, - ცხოვრებაში ბევრი სიმძიმეა, მაგრამ არსებობს სიმსუბუქე და სინათლეც, რომელიც ადამიანს ყველაფერ ცუდს ავიწყებს. ვაშაკიძეების მხატვრობა ასეთია და ამიტომაც სწორედ ასე უნდა გაგრძელებულიყო - მამიდან შვილზე...

ეთერ ერაძე