წარმატებული ადამიანების პროფესიული რჩევები
11-04-2016
წარმატებული ადამიანების პროფესიული რჩევები
"პაციენტის დარდი გულთან ახლოს მიიტანეთ. თუ გსურთ, დაავადებას უმკურნალოთ, პაციენტის ნდობა უნდა დაიმსახუროთ"

"ფერწერით ამხელა სიამოვნებას ვერ მივიღებდი. საოცარი განცდაა, როცა შენი ნამუშევარი ადამიანის სხეულზე ცოცხლდება"


წარმატების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ცნობილი ადამიანების რჩევები მაინც საინტერესოა. დიზაინერმა ავთო ცქვიტინიძემ და მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ მკითხველს პროფესიონალად ჩამოყალიბების საიდუმლო გაუმხილეს.

"დაანახეთ პაციენტს გამოსავალი"

დავით გაგუა, მეან-გინეკოლოგი: "თუ გსურთ, პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბდეთ, თეორიულ ცოდნასთან ერთად, აუცილებლად გჭირდებათ პრაქტიკა. მაქსიმალურად იმუშავეთ საკუთარ თავზე.
მედიცინა არის ის სფერო, რომელშიც მუდმივი­ ძიებაა საჭირო. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი პაციენტი ინდივიდუალურია. მათი დარდი გულთან ახლოს მიიტანეთ და არ მიუდგეთ ცივად. თუ გსურთ, დაავადებას უმკურნალოთ, პაციენტის ნდობა უნდა დაიმსახუროთ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავ­რების შემდეგ დიდი შრომა და ფიზიკური დატვირთვა გელით. ყველა სიტუაციაში, განსაკუთრებით -
კრიტიკულში, იყავით წესიერი და პატიოსანი ადამიანი. მოემზადეთ იმისთვის, რომ რამდენიმე პაციენტთან ერთდროულად გექნებათ საქმე. ადამიანებს ძალიან უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ავად არიან. თქვენ ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდეთ. აუხსნათ დაავადების არსი და დაანახოთ გამოსავალი".

"გარისკეთ, ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ"

ავთო ცქვიტინიძე (დიზაინერი): "განა­თლებით ფერმწერი ვარ. ჩემი ახალგაზრდობა­ 90-იან წლებს დაემთხვა: უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, გაჭირვება. არანაირი პირობა­ არ იყო ფერმწერის განვითარებისთვის. მოგვიანებით მოსკოვში წავედი და მოდელირებას დავეუფლე. საქართველოში დაბრუნებულმა ჩემი ფერწერული იდეები სამოსზე გადავიტანე. ხალხმა ადვილად შემამჩნია და ჩემი ნამუშევრები აიტაცა. როცა შენი პროფესია გიყვარს, მის ნაკ­ლოვანებას ვეღარ ხედავ. დიზაინერი ხელ­ოვნებას ემსახურება და ამით ბედნიერია. ფერწერით ამხელა სიამოვნებას ვერ მივიღებდი. საოცარი განცდაა, როცა შენი ნამუშევარი ადამიანის სხეულზე ცოცხლდება.

დიზაინერებს ვურჩევ, ბევრი იმუშაონ, შექმნან სხვადასხვა ტანსაცმელი, არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების, საზოგადოება ინდივიდუალურობას აუცილებლად შენიშნავს.­ ბედისწერა აუცილებლად მოგცემთ შანსს. დაინახეთ ეს შანსი და სწორად გამოიყენეთ. შეცდომის დაშვების შიშით უკან არ დაიხიოთ. გარისკეთ, ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ". 

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით