"დედას მოვკარი თვალი, მაგ­რამ არ მიმიშვეს... თავი ნიჩბით ჰქონდა გახეთქილი" - შავოსანი ქალების "საჩუქარი" ტეტჩერს - კვირის პალიტრა

"დედას მოვკარი თვალი, მაგ­რამ არ მიმიშვეს... თავი ნიჩბით ჰქონდა გახეთქილი" - შავოსანი ქალების "საჩუქარი" ტეტჩერს

"ქაღალდში შეფუთული ნივთი ფირი აღმოჩნდა, რომელზეც 9 აპრილის ღამის უბედურება იყო ასახული"

"ეკას დღიურში წავიკითხე - ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, მნიშვნელოვანი რამ არ დატოვოსო"

თენდებოდა, როცა ყველაფერი დასრულდა... ვერაფერს ვხვდები, 3 წლის ვარ... სამაგიეროდ, კარგად ესმით მშობლებს, მეზობლებს, მთელ საქართველოს... ჯერ არავინ იცის, რომ მალე ქვეყანაში ახალი მთავრობა მოვა. მერე იქნება დამოუკიდებელი საქართველო, შემდეგ თბილისის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები... ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს...

დღეს მონაყოლით თუ წაკითხულით აღვიქვამ ქართველობის ყველაზე დიდი ერთობის სიმბოლოს - 1989 წლის 9 აპრილს. ყურში ჩამესმის უსინათლო ქალბატონების ნამღერი "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს" - სიმღერა, რომელსაც მთავრობის სასახლესთან მიმდგარი ტანკების რახრახი და ქაშუეთის ტაძარში დარეკილი ზარების ხმა გადაფარავს... იმ ღამეს ათასობით მომიტინგემ ერთად ილოცა ანთებული სანთლებით ხელში... მერე იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა, ბევრი სისხლი და უდროოდ წასული 21 ქართული სიცოცხლე...

კადრები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა...

9 აპრილის ღამის ამსახველი ვიდეომასალა რამდენიმე დღეში ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა ნახა. მომხდარზე მწვავე განცხადებებიც გააკეთა... როგორ მოხვდა ეს უმძიმესი კადრები "რკინის ლედისთან": საქართველოს მაშინდელი კინემატოგრაფიის ფონდის გენერალურ დირექტორს, ფერდინანდ ლორთქიფანიძეს, 1989 წლის აპრილის პირველ დღეებში იმჟამინდელმა კულტურის მინისტრმა ვალერი ასათიანმა უთხრა: საკავშირო კულტურის მინისტრის დავალებით, ლონდონელ სტუმრებს უნდა უმასპინძლოო.

ფერდინანდ ლორთქიფანიძე: - სტუმრების ვინაობა გასაიდუმლოებული იყო. გამაფრთხილეს, ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრების სოთბის აუქციონზე გატანას აპირებენ და შენ უნდა დაათვალიერებინოო. ბრიტანელი სტუმრები 7 აპრილს ჩამოფრინდნენ, სასტუმრო "მეტეხში" დავაბინავეთ. მეორე დღეს უამრავი მხატვრის ნამუშევარი ვაჩვენე. რაც მოეწონათ, იყიდეს. 8 აპრილს სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი დავათვალიერებინე, მერე თბილისში დავბრუნდით. რუსთაველზე გზა უკვე გადაკეტილი იყო. ინგლისელმა ქალბატონმა მანქანა გამაჩერებინა. ამ დროს უსინათლო ქალბატონები მღეროდნენ. მათთან მივიდა და ფოტოები გადაიღო. სტუმრები სასტუმროში მივაცილე. შევთანხმდით, რომ დილით ფუნიკულიორზე, რესტორანში უნდა გვესაუზმა. დილით სასტუმროში დაგვიანებით მივედი. მათ უკვე იცოდნენ, რაც მოხდა, - თურმე თავიანთი თვალით უნახავთ, როგორ შემოდიოდნენ ტანკები.

იმ დღეს მაინც მივედით კინოს სახლში, სადაც მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი. კართან ორი შავოსანი ქალი დაგვხვდა, რომელთა ვინაობა ზუსტად დღესაც არ ვიცი - სტუმრებისთვის ქაღალდში შეფუთული ნივთის გადაცემას ითხოვდნენ. ამის უფლება არ მივეცი - არ ვიცოდი, რა იდო შიგ... ჩემი მძღოლის მეშვეობით მაინც გადასცეს ნივთი. მეორე დღეს სტუმრებთან ერთად მოსკოვში გავფრინდი. გზაში ერთმა მათგანმა მითხრა, სიტყვას გაძლევთ, ამ ნივთს მარგარეტ ტეტჩერს გადავცემო. გულში ვფიქრობდი, ნეტა რა დევს, ან ორ დღეში "რკინის ლედის" როგორ უნდა გადასცეს-მეთქი.

ეს ქალბატონი ბრიტანეთის ლორდთა პალატის ვიცე-სპიკერის მეუღლე აღმოჩნდა. ის ნივთი კი - ფირი, რომელზეც 9 აპრილის ღამის უბედურება იყო ასახული.

იმ ქალბატონმა შეასრულა პირობა. როდესაც გორბაჩოვისთვის დაურეკავს მარგარეტ ტეტჩერს და უკითხავს, - რატომ დაატრიალე ასეთი საშინელება საქართველოშიო, გორბაჩოვს უპასუხია: მოსკოვში არ ვიყავი და არაფერი ვიციო. რა თქმა უნდა, იცრუა...

27 წლის შემდეგ

ახლა 42 წლის ხდება, მაშინ 14 წლის იყო. 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად დაღუპული თამარ მამულაშვილის შვილი, ვერიკო სვანიძე, 27 წლის შემდეგ პირველად "კვირის პალიტრასთან" იხსენებს სისხლიან ღამეს, რომელმაც დედა წაართვა...

"დედა ცუდად იყო. 9 აპრილს, ღამის 12 საათზე მითხრა, მთელი საქართველო ახლა რუსთაველზეა და უნდა წავიდეთო. მშობლებთან ერთად წავედი. როდესაც რუსული ტანკები მოგვიახლოვდნენ, ბიჭებმა ჯაჭვი შეკრეს - ეგონათ, დაგვიცავდნენ. უცებ მომიტინგეები გაიქცნენ. ამ დროს დედამ რაღაცას ფეხი წამოჰკრა და დაეცა, მას კიდევ რამდენიმე ადამიანი მიჰყვა. ბოლო კადრი მახსოვს - ადამიანთა გორები დადგა. მეც წავიქეცი, ვიღაც ზედ დამეცა და უჰაერობისგან სუნთქვა შემეკრა, შემდეგ გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, მხატვრის სახლში ვიყავი, მახლობლად დედას მოვკარი თვალი, მაგრამ მასთან არ მიმიშვეს - გარდაცვლილი იყო. თავი ნიჩბით ჰქონდა გახეთქილი. დაჭრილები და დაშავებულები საავადმყოფოშიI გადაგვიყვანეს. მამა მთელი ღამე გვეძებდა. შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდი და მომაკითხა. ჩემი ძმა იმ დროს გერმანიაში ჯარში მსახურობდა. მესამე დღეს ჩამოფრინდა.

თითქმის ყოველ 9 აპრილს, განთიადის 4 საათზე, ტრაგედიის ადგილზე მივდივარ, ჩემთვის ეს დღე უზარმაზარი ტკივილია. როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა დედა, სწორედ მაშინ დავკარგე. შემდეგ სამოქალაქო ომმაც ჩვენ თვალწინ გაიარა - რუსთაველზე ვცხოვრობდით. მაშინ სხვანაირი შემართება და ბრძოლის უნარი გვქონდა. შემდეგ მამამ ცოლი შეირთო და მან გაგვიიოლა მე და ჩემს ძმას ცხოვრება. არაჩვეულებრივი ქალბატონი აღმოჩნდა, ძალიან მადლიერი ვარ მისი... დედისა და ჩვენი თანამოაზრეების ჩანაფიქრი მაინც ასრულდა - საბჭოთა კავშირი დაინგრა". დაღუპულთა შორის ის ყველაზე პატარა იყო. 15 წლის ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე იმყოფებოდა.

ეკა ბეჟანიშვილი

"ერთხელ მესიზმრა ეკა..."

ლალი ბეჟანიშვილი, ეკა ბეჟანიშვილის დედა: "იმ დღეს ეკამ მასწავლებლიდან მოსვლა რომ დააგვიანა, ძებნა მომიტინგეებთან დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ. მივაგენით. შემდეგ კი, როცა დარბევა დაიწყო, ერთმანეთი დავკარგეთ... მისი არც დაკრძალვის დღე მახსოვს, არც ორმოცი. უგონოდ ვიწექი საავადმყოფოში. მოგვიანებით ეკას დღიურში წავიკითხე, - "ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, მნიშვნელოვანი რამ არ დატოვოსო.

ტრადიციად არის ქცეული, ეკას დაბადების დღეზე მისი კლასელები, პედაგოგები და ახლობლები იკრიბებიან. ამბობენ, რომ ეკამ ორი მნიშვნელოვანი დღე გვაჩუქა - 9 აპრილი და თავისი დაბადების დღე - 25 აგვისტო, ჩვენ შემდეგ ჩვენი შვილები ივლიან ამ დიდი ტრაგედიის ადგილას და ისინი მიაგებენ პატივს ეკას ხსოვნასო... ახლა ჩემი შვილის სეხნია შვილიშვილი მყავს, გოგონას ეკა ჩემმა სიძემ დაარქვა. ერთხელ მესიზმრა ეკა, მომიბოდიშა, - დამაგვიანდა, მაგრამ ეს აღარ განმეორდებაო... ძალიან მენატრება".

დაზარალებულთა კომპენსაცია...

9 აპრილს დაშავებულთათვის 1999 წელს კომუნალური, სამედიცინო და სამგზავრო შეღავათები დაწესდა, რომელთა ნაწილიც 2006 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ძალადაკარგულად გამოცხადდა. კანონით განისაზღვრა, რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებზე და არა დაშავებულ პირებზე. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ 9 აპრილს დაზარალებულები იღებენ კომპენსაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საჭიროებენ სპეციალურ მზრუნველობას, უსახლკარონი ან სოციალურად დაუცველები არიან. 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების დროს დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი