თათია სამხარაძე: "ეგონა, ვერავინ გაბედავდა მის მხილებას!"
11-04-2016
თათია სამხარაძე: "ეგონა, ვერავინ გაბედავდა მის მხილებას!"
შალვა რამიშვილი: "თათიას ჩანაწერის წარმოდგენა მოუწევს"

"არ შეიძლება, ქალის კარიერა ლოგინზე გადიოდეს!"

"ლუჩკოს სამსახურიდან გაშვების მიზეზი დაუმორჩილებლობა იყო"


მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) ტელეწამყვან შალვა რამიშვილს სექსუალური ხასიათის დევნაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ამის ამსახველი ჩანაწერიც აქვს. რამ­იშვილი ბრალდებებს უარყოფს­ და სიმართლის დასადგენად პრო­კურატურასაც მიმართა.

თათია სამხარაძე: - მე შალვა რამიშვილი დავადანაშაულე სექსუალური ხასიათის შევიწროებაში, რამაც მაიძულა, დამეტოვებინა სამსახური. შალვა ჩემი პროდი­უ­სერი იყო, აღნიშნულიც მაქვს მისი წვლილი ჩემს სატელევიზიო კარიერაში, თუმცა
ეს იმის უფლებას არ აძლევდა, სექსუალური კავშირის დამყარება მოეთხოვა, რასაც ბოლო დროს სისტემატური ხასიათი მიეცა­. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად გაუსაძ­ლისი გახდა ჩემთვის მუშაობა, რომ უარი ვთქვი­ სატელევიზიო კარიერაზე, წამოვედი და ამაზე საჯაროდაც ვისაუბრე.
ჩანაწერის გასაჯა­როების უფ­ლე­ბა არა მაქვს. შეიცავს სექსუალური ხასიათის შევიწროების ნიშნებს.
"იმედის" ხელმძღვანელობას ვაცნობე,
რომ იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა სამსახური. მითხრეს, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთო...
პირვ­ელად სამსახური მაშინ დავტოვე, როდესაც­ რამიშვილისგან მსგავსი შემოთავაზება მივიღე, დამემუქრა, თუ არ დავთანხმდებოდი,­ ჩემი სატელევიზიო კარიერა დასრულდებ­ოდა. განვუმარტე, რომ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. მაშინ ჩემი მფარველობის იმედი­ არ გქონდესო. ამის შემდეგ სამსახურიდან წამოვედი. მეორე დღეს დამიბარა, შევცდი, მსგავსი რამ აღარ განმეორდებაო, შვილები დაიფიცა. პირობა მალე დაარღვია და შემდეგი სამი კვირის განმავლობაში ყოველ შესაძლო ვითარებაში მიმეორებდა, რომ მისი მფარველობის იმედი აღარ მქონოდა.

- ეს ვინმეს თანდასწრებით ხდებოდა?

- რამიშვილი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ მოწმეები არ ჰყავ­დეს. ეგონა, ვერავინ გაბედავდა მის მხილებას. თავს გავლენიან ფიგურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ქალის სიტყვას არანაირი ფასი არ ექნება. კანონის გარდა, მასთან საბრძოლველად არანაირი ძალა არ გამაჩნია. კანონიც ძალიან­ სუსტია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე­ ეხება ასეთი სახის შევიწროებას. სასამართლომ, შესაძლოა, რამიშვილს დააკისროს მხოლოდ ჯარიმა და ბოდიშის მოხდა დაეკისრება, რადგან შელახა ჩემი რეპუტაცია.
როგორც კი მექნება სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომ ჩანაწერი ავთენტურია, სამოქალაქო სასამართლოს მივმართავ.

- კომპენსაციას ითხოვთ?

- არაფერს ვითხოვ, ჩემთვის ეს ღირსების საქმეა. არ შეიძლება რომელიმე ქალის კარიერა გადიოდეს მასზე თანამდებობრივად მაღლა მდგომი მამაკაცის ლოგინზე.

შალვა რამიშვილი: - "იმედმა" იმ შპს-ს, რომელშიც ვმუშაობ, 5 კონტრაქტი გაუწყვიტა. ქუჩაში დატოვა თქვენი მონა-მო­რჩილი და ორმოცდაათამდე თანამშრომელი. პროექტები დაიხურა და ტელევიზია მიზეზს არ აცხადებს. ამის შემდეგ გავრცელდა ჩემი მაკომპრომეტირებელი ცნობები,­ თითქოს თათია სამხარაძეს აქვს ფარული აუდიოჩანაწერი, რომ მასზე სექსუალურად ვიძალადე. პროკურატურაში სარჩელი შევიტანე. ამის შემდეგ რამდენიმე საათში მოდის "ტელეიმედის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძე იმ შპს-ში, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ და თავისი ხელით მოაქვს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ წერილი. ხუთივე კონტრაქტი გაწყვიტეს პირობების უხეში დარღვევით და უმიზეზოდ. შემდეგ ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც თათია სამხარაძემ, იმავე ტასო ბარნოვამ, თქვა, რომ აქვს ჩანაწერი, რომლის შესახებაც აცნობა "ტელეიმედის" ხელმძღვანელს. ჩნდე­ბა ლოგიკური ვარაუდი,­ რომ გიორგი­ ბახტაძის ქმედება უკავშირდება მისი და სამხარაძის საუბარს ჰიპოთეზურად არსებულ ჩანაწერზე. ველოდები გამოძიებას... თათია სამხარაძეს ჩვენების მიცემა და ჩანაწერის წარმოდგენა მოუწევს. თათია სამხარაძე ჩემი შექმნილია, ჩემი პროექტია ტასო ბარნოვა. არავინ იყო და გახდა ტელევარსკვლავი, რაც ჩემი დამსახუ­რებაა.

- როგორც ვიცი, სანამ ეს ხმაური დაიწ­ყებოდა, თათიამ განცხადება, რომ ტელეკარიერას წყვეტდა, თქვენ მოგიტანათ.
- მას არანაირი განცხადება არ დაუწერია ჩვენი თანამშრომლობის 4 წლის განმავლობაში. პროკურატურა დაადგენს, არის თუ არა ჩანაწერში სექსუალური ძალადობის ნიშნები. სამოქალაქო სარჩელიც შევა სამხარაძის წინააღმდეგ ჩემი პატივის შელახვის თაობაზე.
ამასთან, თუ არ დაკმაყოფილდება შპს "ზენ­იტ­ის" კანონიერი ფინანსური პრეტენზიები "ტელეიმედის" წინააღმდეგ, "ზენიტი" სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის, საზოგადო­ებას დავანახებ, რეალურად ვინ მართავს "იმედს".

- რას გულისხმობთ?
- მე სამართლებრივ ბრძოლაში ვარ და მტკიცებულების გარეშე ვერ ვისაუბრებ.

- მარგო ლუჩკოს სტატუსზე რას იტყვით?
- მარგო ლუჩკოს სტატუსის ქვემოთ არის ჩემი თანამშრომელი გოგონას პასუხები (თუ არ წაშალა, რა თქმა უნდა), საიდანაც ჩანს, რომ მარგოს სამსახურიდან გაშვების მიზეზი დაუმორჩილებლობა იყო, ჩემი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის მოთხოვნაზე, მოემზადებინა სიუჟეტი ჯართის ჩამბარებლებზე. რატომღაც მარგო ორაზროვან სტატუსს წერს, რის შედეგადაც ისეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, როგორიც ზოგიერთმა გამოიტანა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ალბათ, ჟურნალისტები ვალდებულიც არიან, ჩაეძიონ მარგოს.
ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად "იმედის" ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს და მხოლოდ მცირე განცხადებით შემოიფარგლება: "შპს "ტელეიმედმა" შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია "ტელეიმედისთვის" ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან".

"სამწუხარო ფაქტი მოხდა"

ილო ბეროშვილი, მსახიობი: - შალვა რამიშვილი თავისი­ შპს "ზენიტით" ტელეკომპანია "იმედთან" 2 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. არც "ზენიტი" ითანამშრომლებდა არასერიოზულ ადამიანებთან და არც "იმედი" დაიჭერდა საქმეს არასერიოზულ შპს-სთან. სამწუხარო ფაქტი მოხდა. ამდენი ადამიანი უსამსახუროდ დარჩა. როგორც ვიცი, "იმედი" აპირებს, ისინი არ დატოვონ უმუშევრად, მიუხედავად იმისა, რომ შპს "ზენიტის" თანამშრომლები­ იყვნენ. სანამ არ ვნახავთ, რა ჩანაწერზეა საუბარი, მანამდე ძნელია ვიღაცის მოყოლილის შედეგად ადამიანს ხელი დაადო. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მძაფრი კომენტარებისგან. იმედია, მალე გავიგებთ ყველაფერს.

- თათია სამხარაძესთან თუ გქონდათ საუბარი ამ დღეებში?
- მესიჯით მოვიკითხე. მოლოდინიც არ მქონია, რომ რაიმე განსაკუთრებული საუბარი გვექნებოდა.

- არც შალვა რამიშვილი მოგიკითხავთ?
- როგორ არ მოვიკითხავდი, როდესაც ასეთი ამბები მესმის?! შალვაც და თათიაც ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. ამდენი ხანია, ვთანამშრომლობთ.

ლუჩკოს სტატუსი

"ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ შალვა რამიშვილის ირგვლივ მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩემთვის აქტუალური არაა. ჩემს ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბები ხდება, ვიდრე ვიღაცის ან ვიღაცების პირადი ცხოვრების გარჩევა. გადაცემიდან "შალვა რამიშვილის შოუ" ჩემი წასვლის მიზეზი ჩემს მორალურ პრინციპებთან შოუს ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის შეუსაბამო მოთხოვნები იყო. ამ საკითხს აღარ მინდა დავუბრუნდე. შეკითხვას, რომელიც ჟურნალისტებს შეიძლება გაუჩნდეთ, რატომ არ განვაცხადე თავის დროზე ამის შესახებ, ვპასუხობ: მე არ განვეკუთვნები ისეთი ადამიანების რიცხვს, რომლებსაც სააშკარაოზე გამოაქვთ შიდა სამზარეულო, მით უმეტეს, თუ პროფესიული თანამშრომლობა ხელმძღვანელთან სხვა სახის, ჩემთვის სრულიად მიუღებელ ურთიერთობებს გულისხმობს".

ეკა სალაღაია
Ar dablokot
18 აპრილი 2016 01:21
Amixsenit vinmem sexualuri shevitsroeba an gapartoeba ras nishnavs? Barnova ritia ukmakopilo rom ar moxda es ambavi?
nini
18 აპრილი 2016 00:43
უზრდელი ყოფილხარ შალვ ფაქტია .რაც არ უნდა იმართლო თავი ფაფუუუ შენი კაცობა.
David 67
17 აპრილი 2016 22:59
ამ გოგოს სიტყვებიდან გამომდინარე, რასაც ხშირად იმეორებს,შალვას უთქვამს ჩემი მფარველობის იმედი აღარ გქონდესო. საინტერესოა ვისგან ჰქონდა თავდასხმები ? ისე ლოგიკურია არ გინდა სექსი ჩემთან იყავი შენთვის,ოღონდ მე აღარ დაგეხმარები. ფაქტია რომ ამის გამო არავის გაუნთავისუფლებია.თვითონ წავიდა. ახლა რაღა უნდა? პოპულარობა?

რედაქტორის რჩევით