"ებრაელების ბრეგოვიჩის" ქართული ოცნება - კვირის პალიტრა

"ებრაელების ბრეგოვიჩის" ქართული ოცნება

"ჩვენთან მხოლოდ ქართული სიმღერები ისმის"

ქართველი ებრაელის, მიკ მირელის თავბრუდამხვევი ქართული შოუ "ტაშ-ტაში" ისრაელის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზს დიდი ხანია იპყრობს. მიკ მირელს "ებრაელების ბრეგოვიჩიც" შეარქვეს. "ქართველი ბიჭი ვარ, ჩემი პირველი ენა ქართულია" - ამბობს მიკ მირელი, რომელიც ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- ისრაელში ქართულ ოჯახში დავიბადე, ქართველი ებრაელების ქუჩაზე ვიზრდებოდი. თითქმის ყველა ჩემი მეგობარი ქართველი იყო. სულ ქართულად ვლაპარაკობდით. ბებიები და დედა ხაჭაპურით, ხინკლით, ქართული საჭმელებით მანებივრებდნენ... ჩემს ბავშვობაში არ იყო სოციალური ქსელები და აქაური ქართველების მუსიკას ვუსმენდი. ყველაზე საყვარელი მომღერალი იყო მალხაზ სეფიაშვილი, ვახტანგ კიკაბიძისა და ანსამბლ "ორერას" ჩანაწერებიც მქონდა...

- დღეს ძირითადად ქართულ სიმღერებს ასრულებთ?

- ჩემი სიმღერების ნაწილი ივრითულ და ინგლისურ ენებზეა, მაგრამ ჩემს შოუში "ტაშ-ტაში" მსმენელს ქართული სიმღერების თანამედროვე ვერსიას ვთავაზობ. ვმღერით თქვენთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს და ახლა უკვე ჩემს სიმღერებსაც.

- საქართველოში ყოფილხართ?

- რამდენჯერმე ვიყავი. კახეთიდან ბათუმამდე მოვინახულე ყველაფერი. ვოცნებობ ჩამოვიდე და საქართველოში წარმოვადგინო ჩემი შოუ...

- თქვენ ქართული რესტორანი გახსენით ისრაელში...

- დიახ, "სუფრა" ჰქვია და თელ-ავივის ცენტრში ყველაზე დიდი რესტორანია. მენიუში ის ქართული საჭმელები გვაქვს, რომლებსაც ჩემი ოჯახის წევრები შინ ამზადებდნენ. ქართული რეცეპტით მომზადებული ხორცისა და რძის ნაწარმის კერძები განსაკუთრებით მოსწონთ.K რესტორანში ქართული ფოლკლორული ჯგუფიც გვყავს, ცეკვის ანსამბლს თამაზ ციციაშვილი ხელმძღვანელობს. მეც ვმღერი ყოველ კვირა საღამოს და ჩემს შოუს წარმოვადგენ. ჩვენთან მხოლოდ ქართული სიმღერები ისმის და ხალხიც მოხიბლულია. დღეს ჩვენი რესტორანი ყველაზე პოპულარული ადგილია თელ-ავივში.

მანანა გაბრიჭიძე