"თქვენივე შვილები ამოგთხრიან ვარლამ არავიძესავით" - კვირის პალიტრა

"თქვენივე შვილები ამოგთხრიან ვარლამ არავიძესავით"

ტუტანხამონი ოქროს კუბოთი დაკრძალეს, მაგრამ ისიც არ შერჩა, - საფლავი გაუძარცვეს. ყველაფერი ოხრად დაგრჩებათ

"ჩემს 16 წლის შვილიშვილს ვეუბნები, საზღვარგარეთ წადი და იქ დარჩი-მეთქი"

თუ არ გამოვფხიზლდებით, 2017 წელს საქართველოში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მეასე წლისთავს ვიზეიმებთ

იმიტირებულმა "ქრონიკამ" არა მარტო საქართველოს მოქალაქეები,  მსოფლიოც არ დატოვა გულგრილი. TIME-ში გამოქვეყნებულ "შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეულს" "ტელეიმედში" გასული "მოდელირებული ქრონიკა" ლიდერობს. როგორ მიიღო ქართველმა საზოგადოებამ "საქართველოს ყველაზე უარესი მომავლის" იმიტაცია და რა მიზანს ისახავდნენ გადაცემის ავტორები, ამ თემაზე "კვირის პალიტრამ" სახალხო დარბაზთან იმსჯელა:

KvirisPalitra.Geბაბო ხვედელიძე, ფილოლოგი, 57 წლის: - სამ შვილიშვილთან ერთად ვიყავი შინ და ბავშვების გასართობად სხვადასხვა არხზე ვეძებდი გადაცემას. ამ დროს დავინახე "ქრონიკის" წამყვანი, დაფეთებული თვალებით რომ გვიყვებოდა რუსების შემოჭრის ამბავს.

პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა ბავშვების გადასარჩენად. რომ შევამჩნიე, კადრებში ხალხს საზაფხულო ტანსაცმელი ეცვა, ვიფიქრე, ალბათ, კადრები არა აქვთ და ძველი გაუშვეს, ან გვატყუებენ-მეთქი. თარიღი - 7 ივნისი რომ გავიგონე, ეჭვი შემეპარა, მაგრამ ეჭვს მისპობდა დიქტორის პოზა და განცხადება, ჯარი გადავიდა მოწინააღმდეგის მხარესო. ჩემი ძმისშვილია ჯარში და შევშფოთდი.

სხვა არხებზე რომ გადავრთე, კი დავმშვიდდი, მაგრამ  სწორედ მერე ამიწია წნევამ, ღამით კოშმარები მესიზმრება.  ერთადერთი კითხვა მიტრიალებს თავში, რატომ ვძულვართ საქართველო და ქართველები ასე ამ ხელისუფლებას?

KvirisPalitra.Geზამალი (ნანა) ბიჭაშვილი, ინჟინერ-ეკონომისტი, 56 წლის: - ამ ტელევიზიების  გამო ჩემი 20 წლის ვაჟი იმდენად არის ტრავმირებული, გარეთ აღარ გადის. "ქრონიკა" კი არა, საინფორმაციო გადაცემების უმეტესობა ფსიქოლოგიური ტერორია მოსახლეობაზე. განა ფსიქოლოგიური ტერორი არ იყო, როდესაც მოკლულ გურამ შარაძეს ახლო პლანით გვაჩვენებდნენ?

KvirisPalitra.Geალეკო გამგებელი, მოქანდაკე, 31 წლის: - ამ გადაცემის ეთერში გაშვების მიზეზი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ბრძოლაა. ხელისუფლებას იმდენად  უნდოდა, ნოღაიდელი და ბურჯანაძე კრემლის მოკავშირეებად გამოეყვანა, არც ხალხის შეშინებას მოერიდა და არც ჯარის შეურაცხყოფას.

KvirisPalitra.Geზურაბ ვარდოსანიძე, ფიზიკოსი, 60 წლის: - გადაცემაც ძალიან ცუდი  იყო და წამყვანიც.

KvirisPalitra.Geრევაზ მეტრეველი, ინჟინერი, 62 წლის: - მიუხედავად იმისა, რომ  გადაცემას შუა ნაწილიდან ვუყურე, არ დავზაფრულვარ. ვერ გამიგია იმ ხალხის, რომელიც ამბობს, ძალიან შევშინდიო. გადართე სხვა არხზე და გაიგებ, რაც ხდება რეალურად. არც ჯარის მტრის მხარეს გადასვლა იყო დაუჯერებელი.

თავის დროზე, არ უღალატეს პრეზიდენტს, არ გადავიდა გვარდია მტრის მხარეს და არ ესროლა ზვიად გამსახურდიას? ასევე იყო ერეკლეს დროსაც. ისტორია მეორდება. გადაცემა კარგად რომ მომზადებულიყო, ქართველ ხალხს გამოაფხიზლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. თუ არ გამოვფხიზლდებით, 2017 წელს საქართველოში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მეასე წლისთავს ვიზეიმებთ.

KvirisPalitra.Geშალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი, 42 წლის: - როდესაც  იმიტირებული "ქრონიკა" გავიდა,  შინ არ ვიყავი და ბავშვები ატირებული მირეკავდნენ, მამა, გვიშველეო. ექსპერიმენტების მოწყობა სააკაშვილმა 2003 წლიდან დაიწყო. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ასეთი რამ ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო საჭირო.

პატრიარქმა სწორად ბრძანა, ქართველი ხალხი არ არის კურდღელი, რომელზეც ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროო. ხალხზე ფსიქოლოგიურ ტერორს ალენ დალესის დოქტრინა გულისხმობს. სწორედ იქ წერია, თუ გინდა, ხალხმა ხმა არ ამოიღოს და მონურ მორჩილებაში იყოს, დატერორებული უნდა გყავდესო.

კიდევ ერთი მიზეზი ამ გადაცემის ეთერში გასვლისა, შიდაკლანური დაპირისპირება იყო. რადგანაც სააკაშვილი ფსიქიკურად ძალზე მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ჩანს, ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და კიდევ რამდენიმე კაცმა მისი მოცილება გადაწყვიტეს. იციან, სააკაშვილი განწირულია და არ უნდათ, უფსკრულში გადაჰყვნენ. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩანაწერები, რომლებიც იმიტირებული "ქრონიკის" გასვლის შემდეგ გამოქვეყნდა, მერაბიშვილის ჩაწერილი არ იყო და მის უკონტროლოდ დაიდო საიტზე.

თუ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, უცხოეთში წაიღებს თავის მილიონებს და უზრუნველად იცხოვრებს, მაგრამ მის გარემოცვას არა აქვს ასეთი გარანტია. ბევრი ჩემი კლიენტი ამბობს, ესენი ქვეყნიდანაც რომ წავიდნენ, სადაც იქნებიან, იქ ჩავაკითხავთ და პასუხს მოვთხოვთო. ამ ხალხმა იცის, რომ გასაქცევიც არსად აქვს.

ამიტომაც შექმნიან ოპოზიციურ პარტიას (შესაძლოა, ყველაზე მეტად ოპოზიციურსაც, რადგან უამრავი ინფორმაცია აქვთ ერთმანეთზე და  ერთად ჩადენილ დანაშაულებზე) და შეეცდებიან პოლიტიკაში დარჩენას. იმიტირებულ "ქრონიკას" კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა, -  ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებისათვის ფონის შექმნა.

გამოჩნდებოდნენ პირებიც, რომლებიც "აღიარებით ჩვენებებს" მისცემდნენ, ვითომ ოპოზიციის ლიდერები იარაღის შეძენას ავალებდნენ და ამას დაპატიმრებები მოჰყვებოდა. იმიტირებული "ქრონიკის" ეთერში გაშვების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვაპირებთ. მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასაც.

KvirisPalitra.Geლევან სარაჯიშვილი, არქიტექტორი, 74 წლის: - "ნაციონალურ მოძრაობაში" რევოლუციამდე ერთი წლით ადრე შევედი, მაგრამ წელიწადსა და ორ თვეში განცხადება დავწერე და წამოვედი. ესენი უჭკუოები არ გეგონოთ. ძალიან კარგად ვიცნობ პრეზიდენტის ოჯახს, სანდრას. იმდენად ახლოს ვიყავი მათ ოჯახთან, სანდრას მშობლები ინაუგურაციაზე რომ ჩამოვიდნენ, ჩემთან იყვნენ შინ, სტუმრად.

უნდოდათ, ბეთანიაში მათი სახლი დამეპროექტებინა, მაგრამ დავინახე ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე და წამოვედი. ყველა პატივს მცემდა და ამათ გამო სირცხვილით თავს ვეღარ ვყოფდი გარეთ. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ იქამდე მივედი, ჩემს 16 წლის შვილიშვილს ვეუბნები, საზღვარგარეთ წადი, განათლება მიიღე და იქ დარჩი-მეთქი.

ამ ხელისუფლებისაგან არც იმიტირებული გადაცემები მიკვირს და არც ის სიავკაცე, რასაც სჩადის. ამაზრზენი სანახავი იყო არველაძის გამოსვლა - პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზეო. პასუხისმგებლობის აღება მინიმუმ თანამდებობის დატოვებას მაინც არ ნიშნავს?

- როგორც აქ ითქვა, იმიტირებული "ქრონიკის" მიზანი ოპოზიციის დისკრედიტაცია იყო, რამდენად მიაღწია გადაცემამ მიზანს?

ბაბო ხვედელიძე: - მიზანს იმით მიაღწიეს, რომ მართლა დაგვატერორეს, მაგრამ ოპოზიციაზე აზრი არ შემცვლია. როგორც უწინ, ახლაც მიმაჩნია, რომ ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ პასუხი უნდა აგონ ყველა დანაშაულზე, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინეს.

ოპოზიციის არ ვიცი, მაგრამ ქართველი ხალხი ნამდვილად არ გადავა მტრის მხარეს. ხოლო მათ, ვინც ფულის გამოა პოლიტიკაში, მინდა ვუთხრა: ტუტანხამონი ოქროს კუბოთი დაკრძალეს, მაგრამ ისიც არ შერჩა, - საფლავი გაუძარცვეს. ყველაფერი ოხრად დაგრჩებათ. იმდენი ადამიანი გყავთ გამწარებული, თქვენივე შვილები ამოგთხრიან ვარლამ არავიძესავით.

ალეკო გამგებელი: - საქართველოს ურწმუნო, ცარიელი ხალხი მართავს. ვინც ღვთის სახელით არ მოდის, უფალს არ ახსენებს და გეუბნება, გამომყევი და გადაგარჩენო, დაგღუპავს. პრეზიდენტის ტაძარში მისვლას რა აზრი აქვს, როდესაც აღსარებას არ აბარებს და არ ეზიარება? შევარდნაძეს კიდევ აზიარებდა პატრიარქი, ეს კი, არ ვიცი, როდის გახდება ზიარების ღირსი. არც უნდა.

არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი წარწყმდეს და დაიღუპოს. არ მინდა ჩემი თანამოძმისაგან მესმოდეს, დაიბადო და ისიც საქართველოშიო? ოპოზიციის უმეტესობაც ურწმუნო ხალხია. ვისაც უპირისპირდებიან, ისეთივე ცხოვრების წესი აქვთ და ამიტომაც არ აძლევთ ღმერთი გამარჯვებას. როგორ შეიძლება ხალხს მოუწოდებდე, გამომყევით და გიხსნით, მიშას დავამთავრებო?!

ზამალი (ნანა) ბიჭაშვილი: - 26 მაისს ვიყავი სტადიონზე. იქ ისეთი განწყობა სუფევდა, დიდხანს გამომყვა. იმ დღეს რომ დავხოცილიყავით, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ მერე მოვლენები  ისე განვითარდა, ოპოზიციის რწმენა შემერყა.

ზურაბ ვარდოსანიძე: - ოპოზიციაში რუსეთის დაქირავებული ხალხია და ღალატის ალბათობაც არის. სცენარს, რომ ოპოზიცია არეულობას გამოიწვევს, ხომ შეესხა ხორცი 90-იან წლებში. არც იმიტირებულ "ქრონიკაში" ნახსენები გასროლა იქნება ჩემთვის მოულოდნელი, მაგრამ ოპოზიციას ახლა გაცილებით ძვირად დაუჯდება არეულობის გამოწვევა, ვიდრე გამსახურდიას დროს. უტყუარი ინფორმაცია მაქვს, როდესაც იმიტირებულ "ქრონიკაში" აცხადებდნენ, რუსები საქართველოში შემოიჭრნენო,  ერთ-ერთი ობიექტის დაცვის სამსახურში, სადაც ჩათვალეს, ეს სიმართლეაო, შეძახილები გაისმა, არ შეჩერდეთ, წამოდით თბილისისკენო. დაცვის სამსახური კი, მოგეხსენებათ,  გასამხედროებული უწყებაა.

- რას ფიქრობთ ინტერნეტში განთავსებულ ჩანაწერებზე?

ბაბო ხვედელიძე: - ამ ჩანაწერებში კარგად გამოჩნდა, რამდენად აგდებული დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტს ქართველი ხალხისადმი.

შალვა ხაჭაპურიძე: - ჩემი აზრით, ორივე ჩანაწერში რეალური საუბრებია, რომლებიც ვანო მერაბიშვილმა გაახმაურა. 2004 წელს პეტერბურგიდან ძვირად ღირებული ტექნიკა ჩამოიტანეს, რომელიც ხმების ექსპერტიზას ატარებს.  ეს ტექნიკა მოდულის შენობაშია. ექსპერტიზას  დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან როგორც კი ექსპერტიზას ჩაატარებენ, მივადგები და მოვითხოვ ფირებს და სხვა ქვეყანაში ჩავატარებინებ ალტერნატიულ ექსპერტიზას.

ესენი რომ მართლები იყვნენ, ამ ექსპერტიზის დასკვნას წარმოადგენენ. არ გამოვრიცხავ,  კიდევ გამოვარდეს რაღაც ჩანაწერები. ეს დანაშაულებრივი ხელისუფლებაა ყველაფერზე წამსვლელი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ომი გამოუცხადა მოსახლეობას და ამ ომის მსხვერპლი თავად აღმოჩნდება.  თითი რომ არავინ გაანძრიოს ოპოზიციიდან, ეს ხელისუფლება მაინც წავა.

KvirisPalitra.Ge- ხელისუფლების შეცვლის დასაწყისად ოპოზიციის ნაწილს ადგილობრივი არჩევნები მიაჩნია.

ოზემა ჯიქიძე: - ეს "ალიანსის" პოზიციაა, მაგრამ საინტერესოა, ვინ აირჩია ალასანია საერთო ლიდერად, ხალხს არაფერს გვეკითხებიან?

ლევან სარაჯიშვილი: - წინასწარ ვიცი, ამ არჩევნებზე ოპოზიცია დამარცხდება. ამიტომაც არ  წავა ჩემი ოჯახი არჩევნებზე.

ბაბო ხვედელიძე: - იმიტირებული "ქრონიკით" "ნაციონალური მოძრაობა" ოჯახებში შემოგვეჭრა, ყველას შეგვეხნენ, ღირსება შეგვილახეს, არარაობად გვაგრძნობინეს თავი. ოპოზიციას შანსი ჰქონდა, ხალხის უკმაყოფილება გამოეყენებინა, მაგრამ შნო არ აღმოაჩნდა.

ალეკო გამგებელი: - ჩვენი პრობლემების სათავე ურწმუნოებაა. არ შეიძლება  პოლიტიკოსებში მესია და მხსნელი ვეძებოთ. მხსნელი მხოლოდ ღმერთია. ვილოცოთ და ვიშრომოთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს თავისი დანიშნულება და მოვალეობა ოჯახის, ერისა და უფლის წინაშე.

ზურაბ ვარდოსანიძე: - ხელისუფლება უფრო ორგანიზებული და ერთიანია, ამიტომაც ხალხი მას დაუჭერს მხარს. ოპოზიციისაგან პროვოკაციები მოსალოდნელია, მაგრამ ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ დენთის სუნი დადგეს ქვეყანაში.

შალვა ხაჭაპურიძე: - ამ საარჩევნო კანონით ოპოზიცია არჩევნებს წააგებს. გამარჯვებას მხოლოდ ერთიანობა არ შველის. უკომპრომისო ბრძოლაა საჭირო.

ხელისუფლებას სხვადასხვა სქემა აქვს ამ არჩევნებისთვის მოფიქრებული. განიხილება თბილისის მერის პოსტზე გია ჭანტურიას მოყვანაც. ამის  სანაცვლოდ გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრის პოსტს ითხოვს. მინდა ოპოზიციამაც გაიგოს, რომ ამ არჩევნებს ჩავშლით.

რამდენიმე კვირის წინ შევქმენით პარტია "გამარჯვებისთვის" და ვაპირებთ თბილისში სააკაშვილის მსხვერპლთა მემორიალი ავაგოთ. მის ნებართვას არ ვითხოვთ, სადაც გვინდა, იქ დავდგამთ მემორიალს.  შეიძლება პარლამენტის წინაც დავდგათ.

მოვიდეს გიგი უგულავა და ან არ დაგვადგმევინოს, ან დადგმული მემორიალი დაშალოს, რა არჩევნებსაც ჩაატარებს, ვნახავთ! ყველა განაწყენებულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, კენჭი მიიტანოს მემორიალთან.

ამას ხელისუფლებაში ვინმეს პიროვნული სიძულვილი კი არა, ქვეყნის სიყვარული მალაპარაკებს, არ მინდა მეც ვუთხრა ჩემს შვილს, წადი საქართველოდან-მეთქი.