უზნეო ნიჭს გაცვეთილი ქალამანიც კი სჯობია(!) - კვირის პალიტრა

უზნეო ნიჭს გაცვეთილი ქალამანიც კი სჯობია(!)

13 მარტს "იმედის" ეთერში გაშვებული იმიტირებული "ქრონიკის" ექო ჯერ კიდევ ძალუმად ახსენებს თავს ქართველობას. განსაკუთრებით აღშფოთებულნი არიან უცხოეთში დროებით გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც გვიკავშირდებიან და სამართლიან აღშფოთებას გამოხატავენ იმ ფსიქოლოგიური ტერორისა და ყოვლად უზნეო ცინიზმის მიმართ, რაც ამ ტელევიზიამ მოუწყო საკუთარ ერს. სიცრუის მანქანებად ქცეული ტელევიზიებიდან ბინძური იდეოლოგია იფრქვევა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ბოროტმოქმედება.

ამ გადაცემას უგზო-უკვლოდ "განათლებულმა" ავტორებმა "ქართული ოცნებების რეკვიემი" უწოდეს. ახლა ამათ რომ ჰკითხო, ნიჭიერები არიან, მაგრამ ის კი არ იციან, რომ უზნეო ნიჭს გაცვეთილი ქალამანიც კი სჯობია(!). ამით ნათლად გამოჩნდა მათი ოცნებებიც, მიზნებიც და სამომავლო გეგმებიც, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქართულთან, ვინაიდან ჯერაც არ უოცნებია არც ერთ ჭკუათამყოფელ ქართველს, რომ მტერს, თუნდაც მუდმივად აგრესიულს და დასაპყრობად შემართულს, საკუთარი ხელით მიაწოდოს ქვეყნის დასაქცევი სცენარი.

KvirisPalitra.Geვინმეს წარმოუდგენია, რომ დავით აღმაშენებელს დიდგორის ომის წინ მაძახურები დაეგზავნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, პანიკა ატეხა და ილღაზის აგრესიისგან წინასწარ თავის დასაცავად დაეზაფრა ხალხი, რომ უკვე დაპყრობილია ქვეყნის დიდი ნაწილი, თავად მეფე მოკლულია და მერე სამეფო კარის მოხელეებთან ერთად გაეანალიზებინა ხალხის რეაქცია?

ამის დაშვებაც კი სიკვდილის ტოლფასი მკრეხელობა იყო ოდითგან საქართველოში, რადგან ქართველი მეფეები არათუ თავად არ იკადრებდნენ ხალხში მსგავსი უიმედობის დათესვას, არამედ სასტიკად სჯიდნენ (როგორც წესი - სიკვდილით!) პანიკიორებს.

დავითის ეპოქას რომ არ გადავწვდეთ, აგერ ერეკლე მეფის მაგალითი გავიხსენოთ, ასპინძის ომის წინ დამბაჩის ტყვიით რომ ჩამოაღებინა ცხენიდან ამილახვრის მოურავი, თავისი ბატონის დავალებით გაქცევისკენ რომ მოუწოდებდა ქართველებს ბრძოლის ველიდან...

უკვე ყელში ამოვიდა ეს კლოუნადა. ყველგან ტყუილი, ტყუილი, ტყუილი!.. გაუთავებელი ტრაბახი და პიარი, შეპირებული მიწიერი სამოთხე და ელდორადოები, სიზმრისეული ზმანებები და ღრუბლებში ფრენა... პარადოქსია, ადრე ოცნებებში მაინც აშენებდნენ ახალ პარიზს და ლას-ვეგასს, ახლა კი ამ ოცნებებსაც რეკვიემი აუჟღერეს ბოლო აკორდად(?!). ამათ ოცნებაც არ შეუძლიათ, ოცნებებსაც უიმედოდ აჩეჩებენ ისედაც გაწამებულ ხალხს...

იმ ხელისუფლების საქმე წასულია, სადაც ხალხს ოცნებასაც კი უკლავენ! ყოველგვარი იმედ-მოკლული ხალხი კი დილემის წინაშე დგას: ან საბოლოოდ ხელი გამოიღოს თავის გადასარჩენად, ანდა იქცეს მონური ფსიქოლოგიის მქონე მასად, რომელიც პითონს მიჩერებული კურდღელივით გაშეშებული ელოდება უეჭველ სიკვდილს. ამ გადაცემის ავტორებს სწორედაც ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ტელევიზიაც ამისთვის უნდათ, აგიტაციაც და პროპაგანდაც. მაგრამ არ იციან ერთი რამ: ქართველი ერის დამონება ვერავინ შეძლო ჯერაც! ეს ოცნება ჩაიტანეს სამარეში მსოფლიოს უდიდესმა დამპყრობლებმა.

ტელევიზია მძლავრი იარაღია თანამედროვე ეპოქაში. ტყუილად არ წინასწარმეტყველებდნენ წმინდა მამები "მაცდურ ყუთზე", საიდანაც ბევრი უზნეობა გადმოიფრქვევა და ხალხს დაღუპავს! უზნეობა კი მხოლოდ უზნეო ადამიანების ბაგეთაგან იფრქვევა. ახლა ცდილობენ უსუსური ახსნა მოუძებნონ იმ იდიოტობას, რაც "იმედის” საშუალებით თავს მოახვიეს ხალხს, მაგრამ არგუმენტები, რომლებიც მოჰყავთ, არანაკლებ ცინიკური და აღმაშფოთებელია, ვიდრე თავად ეს გადაცემა.

აბა, რა შეიძლება უწოდო "იმედის"”შეფის, არველაძის განცხადებას, თუ არა დაუფარავი ცინიზმი: "გადაცემა ეთიკური თვალსაზრისით რთული აღმოჩნდა. თუ საზოგადოებაში "იმედის" მიმართ ნდობის დეფიციტი გაჩნდა, ყველაფერს ვიღონებ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელადო"(?!). რომელ ნდობის დეფიციტზეა ლაპარაკი, როცა ზნეობის დეფიციტია გამეფებული "იმედის" ნაცვლად "სასოწარკვეთილებად" ონათლულ ტელევიზიაში და სადაც უზნეო გადაცემებით დაზაფრულ ხალხს "შორენას ვნებებით" უწყნარებენ დაგლეჯილ ნერვებს...

უფრო მეტი შეურაცხყოფა საკუთარი ხალხისა და ქვეყნისა თვით ამათი ავადმყოფური ფანტაზიისთვისაც კი ძნელად წარმოსადგენია! პირდაღებული რომ დარჩება მთელი მსოფლიო, კოკოითი რომ იქირქილებს, უცხო ქვეყნის ელჩები რომ საპროტესტო ნოტებს დაგვიხვავებენ და საინფორმაციო საშუალებები სულელებად შეგვრაცხავენ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოს მომავალი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას? ქვეყნის გალანძღულ იმიჯს რომ თავი დავანებოთ, ქართველი ჯარისკაცების წინასწარ მოღალატეებად შერაცხვა უპირველესად მთავარსარდლისა და თავდაცვის მინისტრის შეურაცხყოფაა.

ამ ჯარისკაცებმა ხომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ათქმევინეს 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებს: - ამისთანა მამაცი მეომრები რომ გვყავდეს, წინ საერთოდ ვეღარავინ დაგვიდგებოდაო(!).. აკი თქვა კიდეც პრეზიდენტმა: - მე 100-ჯერ რომ მომკლან, ამას იუმორით(?!) ვუყურებ, მაგრამ ქართველი ჯარის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებო(!)...

ეტყობა, მართლა იუმორთან გვაქვს საქმე, თორემ ნაპატიებია და ეგ არის!..

საკითხავი ის არის, უფალი თუ გვაპატიებს ამდენ ბოროტებას და უზნეობას, თორემ მტერს ხაფანგების დაგებაც აღარ სჭირდება ჩვენთვის, უკვე საკუთარი სისულელეებით ვართ გაბმულები ორივე ფეხით და მტერსაც ვინ ჩივის, მეგობრებიც გადავიკიდეთ მტრად!

ეს არის სწორედ ამ გიჟური კლოუნადის აპოთეოზი და გაუთავებელი ტრაბახის საზღაური!

P.S. არ შეგვიძლია "იმედის" შეფის "გენიალური აზროვნების" კიდევ ერთი "ხელთუქმნელი" მარგალიტი” არ მოვიყვანოთ: "1920 წელს რომ ყოფილიყო ტელევიზია საქართველოში და გაეშვა იმიტაცია, 1921 წლის თებერვალში შეიძლება მტერს უფრო მაგრად დავხვედროდითო"(?!). იქნებ ვინმემ აუხსნას ამ კაცს, რომ მტერს იმიტაციებით არ ხვდებიან; რომ მტერთან საბრძოლველად უპირველესად სამშობლოს სიყვარულია მთავარი იარაღი და ამ სიყვარულს მომავალ თაობას ვერც "სექსის გაკვეთილებით" ჩაუნერგავ, ვერც გულის ამრევი ბილწსიტყვაობით გადავსებული სერიალებით და ვერც "ბესო-კესოების" უზნეო ცხოვრების გაპიარებით.

მტერს რომ დაუხვდე, შენს ხმალს ქრისტეს მცნებები უნდა ეწეროს და არა სიბილწე. თუმცა, რას უნდა ელოდო იმ იდეოლოგებისგან, რომელთაც ქართვლის დედის ხმალი, მომიტევეთ და გენიტალიები(?!) ჰგონიათ...

P.P.S. ჩემმა მეგობარმა, საკმაოდ ნიჭიერმა ტელეჟურნალისტმა დამირეკა ამ გადაცემის შემდეგ საფრანგეთიდან. იქ არის გადახვეწილი ოჯახთან ერთად ლუკმაპურის საშოვნელად. - განა რამე მაკლია აქ, მაგრამ ჩემი სამშობლო მენატრება, ღალატად ვუთვლი ჩემს თავს, რომ საკუთარ ნიჭს აქ ვფლანგავ, იმის ნაცვლად, რომ მამულს მოვახმარო. უცხოეთში წასვლამდე დავრეკე "იმედში"” და ვთხოვე სამსახური, მაგრამ ასე მითხრეს: - ვიცით, რომ ნიჭიერი ხარ, მაგრამ შენ პრაქტიკა გაკლია და ჩვენ კი ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, ახლავე გვჭირდება პროფესიონალებიო(?!)...

მათ პროფესიონალიზმზე (უფრო სწორად, რეკვიემად აჟღერებულ ჟურნალისტობაზე) კი ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, ამაზე უკვე კოკოითიც კი იცინის...