ბოიკოტი "იმედს" - კვირის პალიტრა

ბოიკოტი "იმედს"

ერთი კვირა, ყველა, ვისაც კი შეეძლო, ამ თემაზე ლაპარაკობდა. ზოგი საჯაროდ, ზოგი სამზარეულოში, ზოგიც ქუჩაში. ლაპარაკობდნენ აღშფოთებით, გაბრაზებით, მუშტების ქნევით, ლანძღვით, გინებით... შედეგი? - მარეგულირებელმა კომისიამ "იმედს" ხუთი დღის განმავლობაში ბოდიშის მოხდა დააკისრა(!).

პირდაპირ გეტყვით, მე იმ ადამიანთა რიცხვს არ განვეკუთვნები, ვინც ამ გადაცემის ყურების დროს შოკი განიცადა, შეეშინდა და გასაქცევს ეძებდა. იმიტომ კი არა, რომ სხვებზე მეტად მიხვედრილი ვარ ან გულადი. უბრალოდ, მე ეს გადაცემა პირდაპირ ეთერში არ მინახავს (მხოლოდ შემდეგ ვნახე ჩანაწერი).

ზუსტად იმ დროს თუმანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლს ვუყურებდი, და რას ვიფიქრებდი, რომ უფრო რეალისტურ და შოკის მომგვრელ სპექტაკლს მთელი საქართველოსთვის ტელეკომპანია "იმედი" წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ჩემი აღშფოთება არ იყო შოკგანცდილებისაზე ნაკლები. ან როგორ არ აღშფოთდები, როდესაც გაიგებ, რომ გორში მცხოვრები შენი ნათესავის 5 წლის ბავშვი, შეშინებული მშობლების შემყურე, მაგიდის ქვეშ შეძვრა რუსული ბომბებისგან თავდასაცავად.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შოკს რამდენიმე კაცი ემსხვერპლა (თუმცა კი მავანნი ამტკიცებენ, არავინ დაღუპულაო!).  აღშფოთებისთვის სრულიად საკმარისია იმის წარმოდგენა, რომ შენი კოლეგები მზად არიან უსიტყვოდ შეასრულონ ყველანაირი დავალება, თუნდაც ის სიგიჟის ზღვარს უხლოვდებოდეს და ამის გამო პასუხისმგებლობა მცირე დოზითაც არ იგრძნონ. დღეს მათ არაპროფესიონალიზმზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და წერს.

ყველა დიპლომატი თუ მათი საზღვარგარეთელი კოლეგა ერთს ამბობს: - ეს იყო უკიდურესი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. კი ამბობენ, მაგრამ რა! ისინი ისევ "სუფთა სინდისით" ამზადებენ საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკას". ისინი ისევ მოამზადებენ ყოველ შაბათს "სპეციალურ რეპორტაჟს". ერთადერთი რეაქცია, რაც მათი მხრიდან საზოგადოების აღშფოთებას მოჰყვა, ცალყბად მოხდილი ბოდიში იყო. თუ რამე შეგვეშალა, გვაპატიეთო.

რა შეუძლია საზოგადოებას ასეთ დროს გააკეთოს?! ხელისუფლება გეუბნება, "იმედი" კერძო კომპანიაა და ვერანაირ სანქციას ვერ დავაკისრებო. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, როგორი კერძოცაა, მაგრამ ფორმალურად ასეა. ამიტომ, როდესაც თვით გადაცემის ავტორებს პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰყოფნით, შენ პრეტენზიით კერძო კომპანიის მფლობელთან უნდა მიხვიდე და შეურაცხყოფისთვის პასუხი მოსთხოვო. დილემა სწორედ აქ არის.

აბა, გვაჩვენოს ვინმემ, ვინ არის ამ კერძო კომპანიის მფლობელი! ის ამ დღეებში საერთოდ არ გამოჩენილა, თვალით არავის უნახავს. მარეგულირებელმა კი მწარედ დაგვცინა და "იმედს" ფინანსური სანქციაც კი არ დააკისრა (მარეგულირებლის ამგვარი გადაწყვეტილება ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ ეს გადაცემა ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა).

ამიტომ საზოგადოებას ერთი გზა დარჩა: - ბოიკოტი! ყველამ, ვინც "იმედის" ამ გადაცემით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ტელევიზორი ამ არხზე აღარ უნდა გადართოს. თუ მაინცდამაინც  "შუა ქალაქს" და ბრაზილიურ სერიალებს ვერ ველევით, იმ გადაცემებს მაინც აღარ ვუყუროთ, რომელთა "შემოქმედებმაც" ასეთი კოშმარი მოგვიწყვეს. საერთო შეფასებით კი უკიდურესი არაპროფესიონალიზმი გამოავლინეს, ანუ აღარ ვუყუროთ "ქრონიკას" და "სპეციალურ რეპორტაჟს". ამ გადაცემების რეიტინგი ნულს ქვემოთ უნდა დაეცეს.

მერე ამზადონ პროპაგანდისტული სიუჟეტები და რეპორტაჟები. თუ მათ არავინ უყურებს, ამას აზრიც აღარ ექნება! შემდეგ შეიძლება, ხელისუფლებაში ვიღაცა რაღაცაზე მაინც დაფიქრდეს... აქ მაინც გამოიჩინოს ჩვენმა საზოგადოებამ პრინციპულობა და აჩვენოს მათ, ვინც აბუჩად იგდებს, რომ შეუძლია პროტესტის გამოხატვა!

ილუზიებში განმტკიცებულნი

ერთხელ დავწერე და კიდევ ვიტყვი: ვარდების რევოლუციას მთელი გულით ვუჭერდი მხარს. ძალიან, ძალიან მინდოდა, საქართველოში ახალი ეპოქა დაწყებულიყო. ძალიან, ძალიან მინდოდა, საქართველოში იმედგაცრუებისა და აპათიის ხანა დასრულებულიყო და ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო აგვეშენებინა. ეს იმდენად მინდოდა, რომ თავი დავარწმუნე, ასეც იქნება-მეთქი. ჩემსავით იყო ყველა, ვინც "ვარდებს რევოლუციას" გულშემატკივრობდა.

ახალი ხელისუფლება ამ რევოლუციის ნაყოფი იყო, ამიტომ როგორც დედას საკუთარი შვილი, ისე ჩვენი სურვილისა და მონდომების ნაყოფი, "ვარდების ხელისუფლება" კრიტიკისა და ლანძღვისთვის არ გვემეტებოდა. მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი, როდესაც ის ადამიანები, ვინც თავიდანვე სკეპტიკურად იყვნენ რევოლუციისადმი განწყობილნი, ახალი ხელისუფლების მცირე შეცდომისგანაც კი, ტრაგედიას ქმნიდნენ. როდესაც ისინი ილანძღებოდნენ, ამას შევარდნაძის ეპოქის მონატრებით ვხსნიდი.

შეიძლება ეს ასეც იყო. არ ვიცი, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვიყავი, მათი შავბნელი პროგნოზები არ გამართლდებოდა. ჩემსავით იყო ყველა, ვინც რევოლუციას გულშემატკივრობდა. მათ ახალი ხელისუფლება სალანძღავად და საკრიტიკოდ არ ემეტებოდათ. ყველა შეცდომისთვის რაღაც ახსნას და გამართლებას პოულობდნენ, მაგრამ ეს შეცდომები არ დამთავრდა.

შეცდომების რაოდენობაც და მათი მასშტაბებიც იზრდებოდა. რაც მთავარია, იზრდებოდა შეცდომათა შედეგების კატასტროფულობა და მეოცნებეებმა ნელ-ნელა გამოფხიზლება დავიწყეთ. ზოგისთვის ილუზიები გახმაურებული მკვლელობების შემდეგ დაიმსხვრა, უფრო მეტად მეოცნებეებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და გარდამტეხი 2007 წლის 7 ნოემბერი იყო. კიდევ მეტად მეოცნებეები საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოში გამოფხიზლდნენ. ჩემთვის კი, ოცნებათა დამსხვრევის შემდეგ, ყველაზე მძიმე, იმ ხალხთან შეხვედრა იყო, ვისაც თავიანთი სკეპტიციზმის გამო გადმონაშთს ვეძახდი.

ამ ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ ისინი სწორედ "ჩვენი პირმშო" ვარდების ხელისუფლების დახმარებით, ჩემზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჩემნაირი დამარცხებული დღეს საქართველოში ბევრია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვარდების ხელისუფლებას მხარდამჭერი აღარ ჰყავს. ზოგი თავის ილუზიებში ისეთი მყარი აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგაც მტკიცედ იდგა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება საკუთარ თავს უღალატებდა, მათი ნაწილისთვისაც რომ არ გაეცრუებინა იმედები! ახლა მხოლოდ ის არის საკითხავი, რამდენი "ილუზიებში განმტკიცებული" გამოაფხიზლა მოდელირებულმა "ქრონიკამ". ეჭვი მაქვს, იმაზე მეტი, ვიდრე რეალურმა ომმა.