"როცა პოლიტიკაში ხარ, გინდა თუ არა, ტყუილებს ეჩვევი" - ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"როცა პოლიტიკაში ხარ, გინდა თუ არა, ტყუილებს ეჩვევი" - ბლიცინტერვიუ

"ამ ტრაგედიების შემდეგ ფასი დაეკარგა ცხოვრებას"

"ასაკში რომ შედიხარ, უფრო ფრთხილი ხდები"

გელა ჩარკვიანი, დიპლომატი:

ტყუილი გამართლებულია, როცა...

- ხშირად სიმართლით შეიძლება ადამიანს ავნო, გული ატკინო, ამიტომ ჯობია, ზოგჯერ ტყუილი უთხრა. მაგალითად, ქათინაური, საერთოდ, ტყუილთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ხომ ვეუბნებით ხალხს, რატომ? იმიტომ, რომ გვინდა, ვასიამოვნოთ.

რამ შეიძლება გამაბრაზოს?

- ყველაზე მეტად მაინც უზრდელობა მაბრაზებს, გაუზრდელ ადამიანთან კონტაქტს ვერიდები, არც რჩევა ჭრის და არც დარიგება, ეცდება, მაგრამ ვერ შეიცვლება.

ადვილად პატიობთ ადამიანებს?

- არ ვიტოვებ გულში წყენას, თუ მეწყინა, იმასაც ძალიან ადვილად ვაპატიებ. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დამიშავოს ადამიანმა ისეთი, რომ მოვიძულო. საერთოდ, ცხოვრებას არ ვუყურებ ისე სერიოზულად, რომ არ ვაპატიო ადამიანებს.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- მე გამოვიარე და გადავიტანე ისეთი ტრაგედიები და ტკივილი, რომელმაც ძირფესვიანად შემცვალა - ეს იყო ჩემი შვილის, ირაკლის სიკვდილი, ჩემი მეუღლის ნანას სიკვდილი... ამ ტრაგედიების შემდეგ ფასი დაეკარგა ცხოვრებას, რეალობა იქცა ილუზიად, ალბათ, ასე უფრო ადვილია გადაიტანო ტრაგედია, რადგან თუ ეს რეალობა ნამდვილი არ არის, მაშინ არც სიკვდილია ნამდვილი.

სიმშვიდე ჩემთვის...

- ყველაზე მშვიდად ვიყავი მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჩემთან იყო. ამ დროს ვგრძნობდი, რომ ჩემ გვერდით დაცულები იყვნენ, აი, ეს მაძლევდა ყველაზე დიდ სიმშვიდეს. ახლა მშვიდად ვარ, როცა ჩემი შვილიშვილი, პატარა ნანაა ჩემთან, ვსაუბრობთ, ვასწავლი ბევრ რამეს...

ცხოვრების მთავარი შეხვედრა...

- შეხვედრა ჩემს მეუღლესთან, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, როდის ნახე პირველად შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ეს იყო 20 მაისი, 1958 წელი, ზემელი... მახსოვს, ვისთან ერთად შემხვდა, როგორ შემომხედა, როგორ გამიღიმა.

ვნანობ...

- არაფერს ვნანობ... იმიტომ, რომ ნაბიჯები, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ვდგამდი, დღეს, როცა ვუყურებ რეტროსპექციაში, მაინც მიმაჩნია, რომ სწორი იყო. ასე რომ, გლობალურს და მნიშვნელოვანს არაფერს ვნანობ.

ახალი თაობა...

- ეს არის ახალგაზრდობა, რომელსაც სულ სხვა საშუალებები აქვს მიცემული, დღევანდელმა ახალგაზრდობამ გაცილებით მეტი იცის... ჩემი თაობის ხალხს ჰგონია, რომ იმდროინდელმა ახალგაზრდობამ მეტი იცოდა, უფრო განათლებული იყვნენ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი ასე, არაჩვეულებრივი თაობაა, განვითარებული და საამაყო.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას ისევ იმ სისტემაში, სადაც დავიბადე? ალბათ, იცით, რომ დავიბადე ძალიან პრივილეგირებულ ოჯახში. მამაჩემი, კანდიდ ჩარკვიანი, პირველი პირი იყო საქართველოში, მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმ ცხოვრებისა, პირდაპირ გეტყვით - ნეტავ დავბადებულიყავი ამ დროში!

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

ტყუილი გამართლებულია, როცა...

- თეოლოგიაში, ღვთისმეტყველებაშიც კი არსებობს გამოთქმა, წმინდა ტყუილი, როდესაც ადამიანს ეუბნები რაღაც ისეთს, რომ დაამშვიდო, ან ბავშვს ეუბნები რაღაც ისეთს, რომ გაახარო. ასე რომ, ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს ტყუილი გამართლებული.

როცა მატყუებენ...

- როცა პოლიტიკაში ხარ, გინდა თუ არა, ტყუილებს ეჩვევი, როცა მატყუებენ, კარგი რეაქცია არა მაქვს, მაგრამ არც ძალიან ვბრაზდები. რას ვიზამთ, იმუნიტეტი უნდა გამოიმუშაო და ზედმეტად არ უნდა მიაქციო ყურადღება.

რამ შეიძლება გამაბრაზოს?

- ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როდესაც ადამიანისგან რაღაცას არ ველი და სწორედ ის ადამიანი აკეთებს ცუდს, თანაც შეგნებულად. ვიღაცამ, ვისაც წესიერად არც კი ვიცნობ, რაც უნდა ჩაიდინოს ცუდი, არ მივაქცევ ყურადღებას, რადგან მასზე იმედს არ ვამყარებ, მაგრამ რომ მიყვარს ადამიანი, მეგობრად მიმაჩნია, მისი ცუდი საქციელი განსაკუთრებით მაბრაზებს.

შეცდომას ვაღიარებ, როცა...

- თუკი შეცდომას დავუშვებ და ამას გავაცნობიერებ, აუცილებლად ვაღიარებ. არ ვთვლი, რომ ეს ტრაგედიაა. ზოგს ჰგონია, შეცდომის აღიარებით თავს იმცირებს, მე ასე ნამდვილად არ ვთვლი.

ხშირად რისკავთ?

- ხშირად რისკიან ნაბიჯებსაც ვდგამ, მაგრამ რისკი უნდა ღირდეს, 50/50-ზე მაინც უნდა იყოს, თორემ თუ შანსი საერთოდ არა გაქვს, რისკი სისულელეა. მეორე მხრივ, ასაკში უფრო ფრთხილი ხდები.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი...

- მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე, ვიყავი ახალგაზრდა და ძალიან მინდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა, მყავდა შეყვარებული. მაშინ ვიღაცას რომ ეთქვა, გავა წლები, საქართველო იქნება დამოუკიდებელი, შენი შეყვარებული ვინც არის, ის გახდება შენი მეუღლე და გეყოლებათ ორი შვილი, იქნები დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრი და მაინც იქნები უკმაყოფილოო, ვერაფრით დავიჯერებდი.

როცა მაქებენ...

- არა მგონია არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც არ სიამოვნებდეს ქება. მაგრამ როცა გაქებენ დაუმსახურებლად, ხვდები, რომ იმიტომ გაქებს, გასიამოვნოს და რაღაცას ელოდება - მოგებას ან რამე მსგავსს. მლიქვნელი ადამიანი მაღიზიანებს, მაგრამ როცა ატყობ, რომ ალალად გაქებს, ამას რა სჯობია.

სახლი ჩემთვის...

- სახლი ჩემთვის ის ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც, სამწუხაროდ, ახლა აღარ ვცხოვრობ და ძალიან მენატრება, მენატრება ის ქუჩა, ის სუნი... როცა იმ ადგილას მივდივარ და ბავშვობის სახლს ვხედავ, გული სხვანაირად მიცემს.

ახალი თაობა...

- ახალ თაობას ყოველთვის მოაქვს სიახლე, გარკვეულწილად მუდმივი პროტესტის მუხტიც... ეს არის ის თაობა, რომელიც, მოვა დრო და, როგორც ცხონებულმა ნოდარ დუმბაძემ თქვა, ისე ჩაიბარებენ ქვეყანას, ჩვენ არც არაფერს გვკითხავენ. ეს თაობა მომავალია, რომელსაც ვანდობთ ქვეყანას. ბევრს თავისი ახალგაზრდობა ენატრება, თუმცა ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს...

თამთა ასათიანი