"გადარეულ გურულს" "თავისუფლების ქანდაკება" გაურიგეს - კვირის პალიტრა

"გადარეულ გურულს" "თავისუფლების ქანდაკება" გაურიგეს

ყანაში მომუშავე თავზე ცხვირსახოცგანასკვული გურული დღეს ქოლგაწამოფარებულმა ინოვაციურმა გურულმა ჩაანაცვლა

ერთგან "ჩალის კაბაში" გამოწყობილ ხურმის ხეს ვკიდე თვალი - "ალბათ ამის პატრონს შარშან იმდენი ჩალა მოუვიდა, რომ ძროხებისთვის საგაისო მარაგად დაიტოვა-მეთქი"

მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა - გურულები და დანარჩენები! მართლაც ვერ ნახავ გურულებზე უფრო ხალისიანსა და ოხუნჯ ხალხს! ამიტომაც გურიაში ხშირად მივდივარ ხოლმე. აი, ახლაც გურიისაკენ მიმავალ გზაზე ვარ და მთებზე შეფენილ სოფლებს თვალს ვერ ვწყვეტ.

ყანაში მომუშავე თავზე ცხვირსახოცგანასკვული გურული დღეს ქოლგაწამოფარებულმა ინოვაციურმა გურულმა ჩაანაცვლა

ერთგან "ჩალის კაბაში" გამოწყობილ ხურმის ხეს ვკიდე თვალი. ალბათ ამის პატრონს შარშან იმდენი ჩალა მოუვიდა, რომ ძროხებისთვის საგაისო მარაგად დაიტოვა-მეთქი, - ვფიქრობ და მეღიმება - მახსენდება, რა გულმოდგინედ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს გურიაში ჩემი მეზობლები ხეებისთვის "ჩალის კაბის" ჩაცმაში, მერე ადესით ნაქეიფრები როგორ აკრიმანჭულებდნენ, ბავშვები კი ყიჟინით იქაურობას ვიკლებდით, სანამ არ დაგვიფრენდნენ - ბაღნებმა თქვენი ადგილი უნდა იცოდეთო! მაგრამ რად გინდა, მეორე წუთში ისევ სუფრის გარშემო ვჟრიამულობდით, სანამ "კრიმანჭულს" არ წამოიწყებდნენ და ამით დაგვაყუჩებდნენ - მეტით ვერაფრით გვერეოდნენ! მოკლედ, რომ ამბობენ: "გურული კაცი ფიცხია, თავს გაუფრთხილდი ბიძიაო", ამას არ ვეთანხმები. მე მუდამ თბილი და ტკბილი გურულები მახსოვს. ისიც მაკვირვებს, საუკუნის წინ თითქმის ნახევარი გურია ტყეში რომ იყო გაქცეული - ნეტა, რა მოუწყვეს რუსებმა ამისთანა-მეთქი. თორემ მანამდე იდგნენ თაკარა მზეში თავზე ცხვირსახოცგანასკვული და თოხნიდნენ ყანას (ცხვირსახოცი დღესაც აქტუალურია, თუმცა, ზოგიერთმა ინოვაციურმა გურულმა ის ქოლგითაც ჩაანაცვლა). მერე, რუსი რომ მოვიდა, გურულმა მიაგდო თოხი და გავარდა ტყეში. შემდეგ რუსები ამტკიცებდნენ - ჩვენ რა შუაში ვართ, გურულები დაბადებიდან ყაჩაღები არიანო. სულ ტყუილი იყო ეს ყველაფერი. მაგალითად, 1906 წელს გურიაში მყოფი ჟანდარმერიის პოლკოვნიკი როჟანოვი იმდროინდელ პრესაში წერდა: "თურქებთან მუდმივმა შეტაკებებმა, მეორე მხრივ კი შავ ზღვაში მცურავ გემებზე თავდასხმებმა გურულებისგან შექმნა მამაცი და განვითარებული ყაჩაღები. ყაჩაღობა იმდენად შევიდა მათ ჩვევებში, რომ თავადები, მემამულეები და მღვდლები სათარეშოდ თავის გლეხებთან ერთად დადიოდნენ. დღეს გურულები ქართველთა შორის წარმოადგენენ ყველაზე მებრძოლ და მამაც ხალხს".

ჩოხატაურის სოფელ ბუკისციხეში, სოფლის პრიმადონა თამარ საბახტარიშვილი პარიზში წასვლის წინადღეს მოკეთე-მეგობრებს ემშვიდობება და ამ ფაქტის აღსანიშნავად საკუთარი სახლის აივანზე წვეულებას მართავს...

იმდენი როჟანოვს რა ვუთხარი... სინამდვილეში, თავად გურულებს თავი უპირველეს ევროპელებად მოჰქონდათ. არც ტყუილად: პირველი მისიონერი იტალიელები სწორედ გურიაში ჩავიდნენ და გურულ ბავშვებს ზუსტად 4 საუკუნის წინ პირველი სკოლა გაუხსნეს. გურული ქალები კი ზუსტად იმ დროს, როცა როჟანოვი წერდა, გურულები ტყეში გარბიანო, პარიზში ისე მიდიოდნენ, როგორც ჩოხატაურიდან ოზურგეთში და იქ ფაეტონით დასეირნობდნენ. ვისაც არ სჯერა, ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარმოგიდგენთ - სადაც ჩოხატაურის სოფელ ბუკისციხეში, სოფლის პრიმადონა თამარ საბახტარიშვილი პარიზში წასვლის წინადღეს მოკეთე-მეგობრებს ემშვიდობება და ამ ფაქტის აღსანიშნავად საკუთარი სახლის აივანზე წვეულებას მართავს.

რაც შეეხება ამერიკას, გურიაში რომ იკითხო, - აქეთ უნდა მოგვბაძონ, ჩვენ არ ვასწავლეთ მაგენს საუკუნის წინ ცხენით ჯირითიო (XIX საუკუნის ბოლოს ამერიკაში გამგზავრებული გურული ცხენოსნები მართლაც 30 წლის მანძილზე აოცებდნენ ჯირითით ამერიკელებს)?! თუმცაღა, ამერიკული რაღაცები იმდენად მოსწონთ, რომ სოფელ შემოქმედის შესასვლელში რომელიღაც მაკვარანცხმა გურულმა ლანჩხუთის სიამაყე "გადარეულ გურულს" ნიუ-იორკის "თავისუფლების ქანდაკება" "გაუშუამავლა" და "ცოლადაც შერთო". მართალია, ზოგიერთ გურულს "რძალი" არ მოეწონა, - ჩვენს ბიჭს არ შეეფერებაო, მაგრამ ზოგმა, პირიქით, - ბიჭმა ძლივს მოიყვანა ცოლი და ხმას რაფერ იღებთო!

ლანჩხუთის ცენტრში ფეხით მოსიარულეთათვის დახაზულ "ზებრას" ყავლი რომ გაუვიდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავი ვერ დაადგა ხელახლა მის დახაზვას, მაკვარანცხმა გურულმა ერთ წუთში გადაწყვიტა პრობლემა...

ისე კი, გურულებმა ყველაფერი სწრაფი და, მათ შორის სიყვარულიც, იმდენად აჩქარებული იციან, ანეკდოტიც კია: გურულმა ბიჭმა ბარში ლამაზ გოგოს რომ ჩაუარა და მიაძახა: ცავ, შენ ერთი ნახვით შეყვარების გჯერავს, თუ ჩამევიარო კიდომო! და სიყვარულსაც აი, ასე ახასიათებენ - ანზორიეს ბაღანა იმფერი შეყვარებულია, რომე ნატანებიდან ოზურგეთში ციცინათელას გაჰყვა პაპიროსის მოსაკიდებლადო!

კაცმა რომ თქვას, ალბათ ამერიკელის ცოლად შერთვას გურულისთვის აბორიგენი გურულის შერთვა სჯობს, - ამერიკელისა ვინ რა იცის, მაგრამ გურული ქალები რომ არასოდეს ბერდებიან, მათ შორის არც სიბერეში, ეგ ფაქტია! გურიაში ზოგიერთ ბებოს იმფერ სიმაღლეზე აკოპიწებულს წააწყდებით, გაკვირვებისაგან თვალები გადმოგცვივდებათ, თუმცა, თავად გურულებს ეგ სულაც არ უკვირთ. გურიაში "სულ მაღლა და მაღლა" ფრენა ხასიათის მთავარი ნიშანია, - ვაზიც კი ასეთი ჯიშის აქვთ, აუცილებლად თხმელის გიდელიანად კენწეროში უნდა მოექცნენ და ისე უნდა დაკრიფონ. არ მოექცევიან და მათი აჯობებს, - ადესა მაინცდამაინც კენწეროში გადის და იქ ისხამს.

ის კი არა, ბახმაროში დოღის ყურებაც ყველა გურულს სახლის სახურავიდან მოსწონს - მართლებიც არიან, ალბათ სიმაღლეზე გული უფრო მეტად ჩქროლავს...

ბახმაროში დოღის ყურებაც ყველა გურულს სახლის სახურავიდან მოსწონს - მართლებიც არიან, ალბათ სიმაღლეზე გული უფრო მეტად ჩქროლავს...

სისხლის ჩქროლვაზე გამახსენდა, - აი, როგორ ლექსებს წერენ გურულები "გაბრაზებულ გულზე": "ააფჩინა ყბაი მოლამ/და იყვირა კაი ხანი;/ სიმართლე ვთქვა: გამიხრიტა, ძამა, ყურის ბარაბანი/. რაცხას ფასი ვკითხეთ თურქს და/ იმისანა ფასი ძგოფა/, მივაძახე: ოხრად დაგრჩეს/: ქემელფაშაცა და ხოფაც..."

ისე, არ იფიქროთ, რომ გურულები ცხოვრების მთელ დროს ემოციურ გრძნობებს უთმობენ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ინოვაციებშიც არავის უდებენ ტოლს. მაგალითად, ლანჩხუთის ცენტრში ფეხით მოსიარულეთათვის დახაზულ "ზებრას" ყავლი რომ გაუვიდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავი ვერ დაადგა ხელახლა მის დახაზვას, მაკვარანცხმა გურულმა ერთ წუთში გადაწყვიტა პრობლემა - ცარცით დიდი ასოებით წააწერა "ზებრა". ახლა ფეხით მოსიარულემ მშვენივრად იცის, სად უნდა გადავიდეს.

ეთერ ერაძე